კობახიძე: ბიძინა ივანიშვილი შეძლებული იყო 2004-2007 წლებშიც და პირდაპირ აფინანსებდა სახელმწიფო სტრუქტურებს – მაშინ რატომ არ იყო ოლიგარქი?

0
125

ბიძინა ივანიშვილი შეძლებული იყო 2004-2007 წლებშიც და მაშინ ის პირდაპირ აფინანსებდა სახელმწიფო სტრუქტურებს, მათ შორის პირველ რიგში იმისთვის, რომ კორუფცია აღმოფხვრილიყო, მაშინ იყო სწორედ პირდაპირი ფორმით ჩართული სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში და დიდი ინვესტიციები ჩადო ამ ყველაფერში. მაშინ რატომ არ იყო ოლიგარქი ეს კაცი? – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ერთადერთი ეჭვია, რომ ივანიშვილისგან ელოდებიან რაღაცას, მათ შორის, როგორც ჩანს, სთხოვენ პოლიტიკაში დაბრუნებას.

„ოლიგარქს რაც შეეხება, მათ რა კრიტერიუმებიც წამოაყენეს, ეს არის ფინანსურად შეძლებული ადამიანი, რომელიც ერევა სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში. მე შეგახსენებთ, ბიძინა ივანიშვილი შეძლებული იყო 2004-2007 წლებშიც.

მაშინ ის პირდაპირ აფინანსებდა სახელმწიფო სტრუქტურებს, მათ შორის, პირველ რიგში იმისთვის, რომ კორუფცია აღმოფხვრილიყო. ჯარის ჩაცმა მაშინ სერიოზული პრობლემა იყო, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, პატრულის აღჭურვა, საჯარო მოხელეებისთვის ხელფასების გადახდა და ა.შ. მაშინ იყო სწორედ პირდაპირი ფორმით ჩართული სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში და ამისთვის ძალიან დიდი თანხებიც გაიღო, დიდი ინვესტიციები ჩადო ამ ყველაფერში.

მაშინ რატომ არ იყო ოლიგარქი ეს კაცი? როდესაც ჰქონდა ფინანსური შესაძლებლობა და ამ ყველაფერს აფინანსებდა, პირდაპირ ერეოდა სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში. რატომ არ იყო მაშინ ოლიგარქი და ახლა რატომ აცხადებენ ოლიგარქად? ამის უკან რაღაც ინტერესი დგას. ბატონმა ბიძინამაც გაავრცელა წერილი და თავისი ეჭვი გამოთქვა.

ჩვენც გვაქვს ერთადერთი ეჭვი, მისგან ელიან რაღაცას, მას სთხოვენ მათ შორის, როგორც ჩანს, პოლიტიკაში დაბრუნებას, ამაზეც იყო გარკვეული მინიშნებები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.