ოთარ ანგურიძე: პირველ შვიდ თვეში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვაქვს, ეს ნიშნავს, რომ ბიუჯეტი უფრო მეტ შემოსავალს მიიღებს

0
125

პირველ შვიდ თვეში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვაქვს. ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ნიშნავს, რომ ბიუჯეტი უფრო მეტ საბიუჯეტო შემოსავალს მიიღებს, – ამის შესახებ ეკონომისტმა, ოთარ ანგურიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა.

მისი თქმით, მეტი საბიუჯეტო შემოსავალი უფრო მეტი სახელმწიფო პროგრამის დაფინანსების საშუალებას იძლევა. ანგურიძე 2022 წლის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს გამოეხმაურა.

„როგორც ცნობილია, მთავრობამ პარლამენტში კანონპროექტი შეიტანა, რომელიც ბიუჯეტის გაზრდილ პარამეტრებს ითვალისწინებს და, სავარაუდოდ, პარლამენტიც ამას დაამტკიცებს. უპირველესად უნდა აღინიშნოს, რომ ეს პარამეტრები, ცვლილებები რამდენიმე მიზეზითაა განპირობებული. პირველ ყოვლისა, მიმდინარე წელს ექსპორტის რეკორდული ზრდა უნდა აღინიშნოს. მოგეხსენებათ, ჩვენ არაერთხელ ვსაუბრობდით იმაზე, რომ საზღვარგარეთ ქართული პროდუქციის ექსპორტი იზრდება.

ქართული პროდუქციის პოპულარობა მატულობს, რაზეც ადგილობრივი წარმოების ზრდა მეტყველებს. მეორე მხრივ, დასაქმების ხელშეწყობის თვალსაზრისით უფრო მეტი აქტიურობაა და ეს სტატისტიკურადაც უკვე რიცხვებში ჩანს, ბოლო პერიოდში დასაქმებულთა რაოდენობის ზრდა ფიქსირდება.

რაც ყველაზე მთავარია და ამ სიტუაციაში ჩვენს ეკონომიკურ ზრდას დიდად ხელს უწყობს, ტურიზმის აღდგენის საკმაოდ სწრაფი ტემპია. როგორც უკვე გაცხადდა და რიცხვებიდანაც ჩანს, 2019 წლის მონაცემებთან შედარებით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების პრაქტიკულად, 86%-იანი აღდგენის დინამიკა გვაქვს. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენმა ეკონომიკამ და ბიზნესმა ადაპტირება ძალიან სწრაფად მოახდინეს. პანდემიის პერიოდში ამ მომენტისთვის მოემზადნენ. პანდემიის დასასრულ, ქვეყანაში ტურისტების შემოდინებას სახელმწიფოც მომზადებული დახვდა, გაფართოებული აეროპორტებით, ტერმინალებით, გაზრდილი მასშტაბებით და, შესაბამისად, მომზადებული სიტუაციით.

ასევე, ამ პროცესში დიდ გავლენას ახდენს ის, რომ რეგიონში, პრაქტიკულად, ერთადერთი ქვეყანა ვართ, ვინც მშვიდობა და სტაბილურობა შეინარჩუნა. სახელმწიფომ წინასწარ განაცხადა, რომ ის არ აპირებდა ომს, ტერიტორიების დაბრუნებას საომარი მოქმედებებით არ დაიწყებდა. ამან, რა თქმა უნდა, რეგიონში, პრაქტიკულად, ერთადერთ ქვეყნად გვაქცია, სადაც სტაბილურობა და სიმშვიდეა.

მოგეხსენებათ, საომარი თვალსაზრისით ჩვენს სამხრეთში, ჩრდილოეთში საკმაოდ დაძაბული სიტუაციაა. თურქეთში სავალუტო კრიზისია. ბევრი ექსპერტი ამ კრიზისს 90- იანი წლების კრიზისსაც ადარებს, როდესაც ლირის სწრაფი გაუფასურება მოხდა.

პირველ შვიდ თვეში ჩვენ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვაქვს. ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ნიშნავს, რომ ბიუჯეტი უფრო მეტ საბიუჯეტო შემოსავალს მიიღებს. მეტი საბიუჯეტო შემოსავალი უფრო მეტი სახელმწიფო პროგრამის დაფინანსების საშუალებას იძლევა.

ესენია ინფრასტრუქტურული, ჯანდაცვის პროექტები, არის დაფინანსებები სპორტის მიმართულებით. დაფინანსების ეს პოლიტიკა, პრაქტიკულად, ყველა სფეროს მოიცავს.

შესაბამისად, გაზრდილი საბიუჯეტო შემოსავლების და შემდგომ გაზრდილი საბიუჯეტო ხარჯების მომხამრებელი საზოგადოების ყველა ფენა იქნება. ზოგი ამ საბიუჯეტო სიკეთეების პირდაპირ მიმღები იქნება, ზოგი კი – ირიბად მიმღები, მაგალითად, ასეა ინფრასტრუქტურის შემთხვევაში. ამ სარგებელს, პრაქტიკულად, მოსახლეობის ყველა ფენა იღებს. პოლიტიკა, რომელიც რეგიონში გვაქვს დაჭერილი, უნიკალურ შესაძლებლობას გვაძლევს, მივიღოთ კიდევ უფრო მეტი ინვესტიცია, ტურისტი, უფრო მეტი ექსპორტი განვახორციელოთ. მთავარია, შევინარჩუნოთ სტაბილური პოლიტიკა და მთავრობამ ექსპორტზე ორიენტირებული პოლიტიკის განხორციელება განაგრძოს“, – განაცხადა ანგურიძემ.

ცნობისთვის, ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, 2022 წლის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი, დაახლოებით, 700 მილიონი ლარით, ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები კი, მილიარდ 266 მილიონით იზრდება.