ირაკლი კოვზანაძე – ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით ჩვენი პროგნოზი ახდა – მშპ 6% ნაცვლად, 8,5% იქნება

0
118

ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით ჩვენი პროგნოზი ახდა – მშპ 6% ნაცვლად, 8,5% იქნება, – აღნიშნული განცხადება პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ ბიუროს სხდომაზე გააკეთა, სადაც მთავრობამ 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებები წარადგინა.

კოვზანაძის თქმით, საბიუჯეტო ცვლილებების პროექტით, მნიშვნელოვანი ზრდა არის ყველა კუთხით – მათ შორის გადასახადების კუთხით.

“ყველა სახის გადასახადია გაზრდილი: – დღგ, საშემოსავლო, აქციზი და სხვა. ჯამურად ხარჯვითი ნაწილი, ასიგნებები გაზრდილია 480 მილიონით. დაფინანსება მთელ რიგ მხარჯავ სუბიექტებს ეზრდებათ.

გარდა ამისა, მაკროეკონომიკურ ნაწილში მნიშვნელოვნად მცირდება დეფიციტი. დღეს ჩვენ ვმუშაობთ 4.4%-იანი დეფიციტის პირობებში. ჩემი აზრით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბიუჯეტის პროექტში სწორედ არის დეფიციტის მაჩვენებლის მნიშვნელოვანი კლება 4.4 %-დან 3.2%-მდე, რაც პირდაპირ კავშირშია ინფლაციის შემცირებასთან და ლარის კურსის სტაბილურობასთან.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პარამეტრია სახელმწიფო ვალი, რომელიც მნიშვნელოვნად მცირდება. მთავრობის ვალის მოცულობა შემცირდება მშპ-სთან მიმართებაში 39.6 %-მდე.

მაკროეკონომიკური პარამეტრები არის გაუმჯობესებული, რაც იძლევა იმის საშუალებას, რომ ნაკლებ ვალს ავიღებთ. დაახლოებით 700, 710 მილიონით მოხდება ვალის შემცირება. რაც გვაძლევს საშუალებას, რომ ვთქვათ მაკროეკონომიკური და მონეტარული თვალსაზრისით უკეთესი ბიუჯეტი გვექნება“, – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე.

პარლამენტის ბიურომ საბიუჯეტო ცვლილებების პროექტის განხილვის გრაფიკი დაამტკიცა, რომლის მიხედვით, ბიუჯეტის პროექტს ყველა საპარლამენტო კომიტეტი და ფრაქცია განიხილავს.

საკომიტეტო განხილვები პროცესი 15 სექტემბრიდან დაიწყება.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი შემაჯამებელ სხდომას 28 სექტემბერს გამართავს, ხოლო ცვლილებები დასამტკიცებლად 3 ოქტომბრის სასესიო კვირას გავა.