კომუნალური გადასახადები წლის ბოლოს აუცილებლად უნდა გაიაფდეს

0
228
ლარი 50 თეთრით არის გამყარებული – “თუკი კურსის მიზეზით ძვირდებოდა გადასახადი, კეთილი ინებონ და ამავე მიზეზით გააიაფონ”

ლარის გამყარება კომუნალური გადასახადების გაიაფების  წინაპირობაა, მაგრამ გამოიყენებენ თუ არა ამ შესაძლებლობას, უცნობია. წელს სემეკი დენისა და წყლის ტარიფს არ დაითვლის, ხოლო გაზის გადასახადი უმნიშვნელოდ შეიძლება დაკორექტირდეს. იქნება ეს ზრდის თუ კლების მიმართულებით, ამაზე მარეგულირებელი არ საუბრობს და აცხადებს, რომ ტარიფის დადგენისას რა მოცემულობაც იქნება, ცვლილებაც შესაბამისად გატარდება. ამ დროს ენერგეტიკოსების ნაწილი ირწმუნება, რომ ყველა ტიპის კომუნალური გადასახადის გაიაფების რესურსი რეალურია, რადგან ქართული ვალურა დოლართან მიმართებით 50 თეთრით არის გამყარებული.

თავის დროზე, როცა ტარიფი ძვირდებოდა, ერთადერთ არგუმენტად სახელდებოდა ლარის კურსი, რომელიც 3,30-მდე გაუფასურებული იყო, წინა განაგარიშება კი 2,97-იან ნიშნულზე მოახდინეს. შესაბამისად, ჯერ დენი გაძვირდა, მოგვიანებით – გაზი. ახლა კურსი 2,83-მდეა გამყარებული, საკმაოდ სტაბილურია და  ნდობაც მაღალია.  გავლენიანი ფინანსური ორგანიზაციები wწლის ბოლომდე კიდევ უფრო დაბალ გაცვლით ნიშნულს ელია.

მიუხედავად ამისა, მოსახლეობას მაინც მაღალი ტარიფის გადახდა უწევს და ამ ტვირთის შემსუბუქებაზე რეალურად არავინ ფიქრობს. კურსი 2,97-ს კარგა ხანია, ჩამოსცდა და გამყარების ტენდენცია გრძელდება. უკვე წელიწად-ნახევარია, ეს მოცემულობა არ შეცვლილა, გამონაკლისი იყო უკრაინაში ომის დაწყების პირველი თვე, თუმცა სიტუაცია მალევე შეიცვალა და ლარმა კვლავ გამყარებისკენ აიღო გეზი.

რაც შეეხება სემეკის პოზიციას, ჯერ ისევ გაურკვეველია. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული  კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია ამ ეტაპზე მხოლოდ იმას პირობას იძლევა, რომ გადასახადი არ გაიზრდება.

,,მოსახლეობისათვის გადასახადი დადგენილი გვაქვს მიმდინარე წლის ბოლომდე, შესაბამისად, დეკემბერში შემდგომი 3 წლისთვის უნდა დადგინდეს ახალი ტარიფები. გარკვეული კორექტირება, რა თქმა უნდა იქნება, თუმცა ამ პარამეტრების წინასწარი ანალიზის შედეგად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჯერჯერობით ტარიფების ზრდის საფუძველი ბუნებრივი აირის სექტორში არ არსებობს.

ივლისში ჩვენ მოგვმართეს გამანაწილებელმა კომპანიებმა და წარმოადგისნეს სატარიფო განაცხადი დადგენილი წესით. ჩვენ დავიწყებთ საჯარო-ადმინისტრაციულ წარმოებას. 6 თვის ვადაში უნდა დადგინდეს ტარიფები, შესაბამისად, დეკემბრის ბოლოსკენ მოხდება ახალი სამომხმარებლო ტარიფის დადგენა“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

აღნიშნულთან დაკავშირებით ,,ბიზნეს-რეზონანსს“ სემეკში განუცხადეს, რომ ამ ეტაპზე ტარიფებზე საუბარი არ არის და შესაბამისად, არ იციან რა რესურსი არსებობს, სანამ დათვლა არ მოხდება.

,,წინ კიდევ რამდენიმე თვეა და საუბარი შეუძლებელია მოსალოდნელ ცვლილებასთან დაკავშირებით. როგორც ვიცით,  გეგმიური გადათვლა მოუწევს მხოლოდ გაზის ტარიფს, წყლისა და ელექტროენერგიის გადასახადები წელს არ გადაიხედება. დენის ტარიფი  5-წლიან პერიოდზეა დადგენილი და ჯერ არ უწევს. წყალზეც ანალოგიური ვითარებაა.

გაზზე წინასწარ ვერაფერს ვიტყვით, გარდა იმისა, რაც თავმჯდომარემ თქვა. ცხადია, ტარიფი დაითვლება და იმ პერიოდისთვის რა მონაცემებიც იქნება, იმის შესაბამისად დაკორექტირდება. არაფერი გამოკვეთილი წინასწარ არ არის და არ გვინდა, საზოგადოება შეცდომაში შევიყვანოთ“, – აცხადებენ სემეკში.

მარაგულირებელი ორგანიზაციის პოზიციას კატეგორიულად ემიჯნება ენერგეტიკოსი თემურ ჭიჭინაძე, რომელიც აცხადებს, რომ გადასახადის გაიაფების ყველა წინაპირობაა, მაგრამ სემეკი კვლავ რჩება გამანაწილებელი კომპანიების ინტერესების გამტარებლად და მისი ქმედებით მოსახლეობა ზარალდება.

,,ლარის კურსის ცვლილებიდან გამომდინარე კომუნალური გადასახადების გაიაფების რესურსი რეალურად არსებობს. ბოლო წლების განმავლობაში ტარიფი გვიძვირდებოდა იმ მიზეზით, რომ ლარი გაუფასურებული იყო. ახლა ეს ფაქტორი მოიხსნა. ქართული ვალუტა დიდი ხანია გამყარდა, მაგრამ გადასახადების კლებაზე არავინ ფიქრობს.

რაც შეეხება გაძვირებას, ამაზე ფიქრიც კი არ შეიძლება. ტარიფის გადახედვა როცა მოხდება, ყველა შესაძლებლობაა, შეამცირონ, ლარის სტაბილურობა ამის საშუალებას იძლევა. თუკი კურსის მიზეზით ძვირდებოდა გადასახადი, კეთილი ინებონ და ამავე მიზეზით მოხდეს გაიაფებაც. ბოლოს და ბოლოს, გვანახონ, რომ სახელმწიფო ზრუნავს საკუთარ მოსახლეობაზე.

მესმის, რომ სემეკი დამოუკიდებელი ორგანიზაციაა, მაგრამ ხომ არ შეიძლება ეს სტრუქტურა მუდმივად კომპანიების დიქტატის ქვეშ იმყოფებოდეს და ყოველთვის მათ ინტერესებს ითვალისწინებდეს?! რასაც კომპანიები უკარნახებენ, სემეკიც იმ მითითების შემსრულებელია“, – განაცხადა ენერგეტიკოსმა და დასძინა, რომ მაღალი გადასახადის გამო სოციალური ფონი მძიმეა,  თუმცა ამას არასდროს მოჰყოლია პროტესტი მოსახლეობის მხრიდან, რაც ტარიფთან დაკავშირებული არაადეკვატური გადაწყვეტილებების მიღებას აიოლებს.

,,ყველაზე დიდი პრობლემაა, რომ ვერაფერს ვაკეთებთ. ხალხი ძალიან ინერტულია, სოციალურ პრობლემაზე არ რეაგირებს. ახლაც  ყველა პირობაა შემცირდეს გადასახადები ყველა სეგმენტში, მაგრამ არაფერი იცვლება. ყველაფერი ერთმანეთზეა გადაჯაჭვული და ამ დროს მოსახლეობის ინტერესები ზარალდება, არავინ ამაზე პასუხისმგებელი არ არის, ეს არის უბედურება“, – აღნიშნა ჭიჭინაძემ.

გაზის ტარიფთან დაკავშირებით წლის ბოლოს მცირე რყევას ელოდება ენერგეტიკოსი გია არაბიძე, მაგრამ წინასწარ ვერ ამბობს, ცვლილება ზრდის თუ კლებისკენ იქნება მიმართული.

,,დეკემბერში ელექტროენერგიის ტარიფი არ დაითვლება, მაგრამ გაზის ტარიფი დაკორექტირდება. ალბათ, რაღაც რყევები იქნება შემცირების ან მატების მიმართულებით. ჯერჯერობით სტაბილურობაა. არ მგონია, აზერბაიჯანმა დეკემბერში გაზი გაგვიძვიროს. გაიაფებას კი ნაკლებად ვვარაუდობ, თუმცა  არ გამოვრიცხავ. ნოემბრის ბოლოს დაიწყება მუშაობა. ჯერ არავინ იცის, წინასწარ რა მოხდება, მაგრამ  აშკარაა, რომ დიდი ცვლილება არ იქნება –  არც დადებითი და არც უარყოფითი  კუთხით.

რაც შეეხება ლარის კურსის ფაქტორს, წესით, როცა წინა ტარიფის დადგენიდან ცვლილება 10%-ზე მეტია, მაშინ შემოდის ვალუტის მდგენელი. ახლა სწორედ ეს მოცემულობაა. მიუხედავად ამისა, წინასწარ რთულია თქმა, რა დაემართება კურსს ან ტარიფს. დიდი რყევა არ იქნება, არ გამოვრიცხავთ გაიაფებასაც, მაგრამ გაძვირებაც შეიძლება ასევე არ გამოირიცხოს.“, – განაცხადა ,,ბიზნეს-რეზონანსთან“ გია არაბიძემ.

შეგახსენებთ, თბილისსა და რეგიონებში არასაყოფაცხოვრებო სექტორისთვის 1 ივლისიდან ბუნებრივი აირი გაძვირდა. კერძოდ, თბილისში მოქმედი ბიზნესისთვის გაზის ტარიფი 25 თეთრით გაიზარდა და ერთ კუბური მეტრი გაზის ფასი 1.35 ლარი გახდა, ხოლო რეგიონებში ფასი 23 თეთრით გაიზარდა. შესაბამისად, კომერციული აბონენტები ერთ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირში მიმდინარე თვიდან 1.15 ლარის ნაცვლად, 1.38 ლარს გადაიხდიან.

წყარო: resonancedaily.com