დავითაშვილი – სავაჭრო პალატების ერთობლივი საბჭოს დაფუძნება ორ ქვეყანას შორის ვაჭრობას და საინვესტიციო პროექტებს წაახალისებს

0
121

საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საამიროებს შორის ერთობლივი ბიზნეს საბჭო შეიქმნება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, შესაბამის მემორანდუმს ხელი მოეწერა საქართველოს ვიცე-პრემიერს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილსა და საამიროების სახელმწიფო მინისტრის აჰმედ ალ-საეღს შორის შეხვედრის მსვლელობისას.

„ჩვენ მნიშვნელოვან შეთანხმებას მივაღწიეთ ორი ქვეყნის სავაჭრო პალატებს შორის ერთობლივი საბჭოს დაფუძნების შესახებ, რომელიც წაახალისებს ორი ქვეყნის ვაჭრობას და საინვესტიციო პროექტებს“, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ლევან დავითაშვილის განცხადებით, არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობები უფრო და უფრო ვითარდება. მისი თქმით, მიმდინარე წელს ოფიციალურად დაიწყება მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების შესახებ.

„საამიროები მაღალ პოლიტიკურ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების დროულად გაფორმებას და ამიტომაც, მათ მიიღეს გადაწყვეტილება მოლაპარაკებების წელს დაწყებასთან დაკავშირებით. ეს კიდევ უფრო წაახალისებს ქვეყანათა შორის სავაჭრო ურთიერთობებს და ახალ ბიძგს მისცემს საინვესტიციო პროექტებს“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

„ვფიქრობ, რომ ძალიან ინტენსიური, მაღალი დონის დიალოგის რეჟიმში ჩვენ შევძლებთ, რომ არაბთა გაერთანებულ საამიროებთან ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობები კიდევ უფრო განვავითაროთ,“ – განაცხადა ვიცე-პრემიერმა და პრიორიტეტული მიმართულებებად დაასახელა ენერგეტიკა, ტრანსპორტი, უძრავი ქონება, სასტუმრო ინფრასტრუქტურა და სხვ.

მისი თქმით, საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, ვისაც უვიზო მიმოსვლის რეჟიმი აქვს, რაც წაახალისებს ტურისტულ ნაკადებს ორივე ქვეყნიდან.

„ყურის ქვეყნები, მათ შორის, გაერთიანებული საამიროები, როგორც გამორჩეული ქვეყანაა, მნიშვნელოვანი პერსპექტიული ეკონომიკური პარტნიორია საქართველოსთვის“, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა.