გამოუყენებელი ავტომობილის დიდი ხნით საპარკინგე ზოლში გაჩერებაზე ჯარიმა ორმაგდება

0
168

ავტომობილის გზაზე მიტოვებაზე ჯარიმა ორმაგდება. ამის შესახებ „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებშია აღნიშნული, რომელიც პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და 81 ხმით დაამტკიცა.

როგორც ამ ცვლილების ერთ-ერთმა შემოქმედმა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა, ამ ცვლილებით მათ შორის ხდება ფულადი სანქციის გაზრდა იმ შემთხვევაში, როდესაც კონკრეტული ავტომობილი თვეობით, წლობით არის გაჩერებული (მიტოვებული) საპარკინგე ადგილზე, რც დისკომოფრტია მოსახლეობისთვის, რადგან ვერ ახერხებენ საკუთარი ავტომობილების გაჩერებას.

„ჩვენ გვინახავს არაერთი ძველი მანქანა საპარკინგე ადგილას, რომელიც 2 და 3 წელი დგას ერთ კონკრეტულ მისამართზე. ამისთვის არსებობს სპეციალური კერძო ავტოსადგომები, თვითონ იმ ადამიანს აქვს კერძო საკუთრება, სადაც შეუძლია რომ გააჩეროს გამოუყენებელი ავტომობილი და საპარკინგე ადგილი არ დაიკავოს,“-აღნიშნა დავითულიანმა.

აღსანიშნავია, რომ ავტომობილის გზაზე მიტოვების შემთხვევაში კანონში შესული ცვლილებით, პირი აქამდე არსებული 50 ლარის ნაცვლად, 100 ლარით დაჯარიმდება.