2022 წელს საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა ზრდა სწრაფი ტემპით მიმდინარეობს

0
91

წელს, 8 თვის განმავლობაში, საქართველოს დაცულ ტერიტორიებს 675 079 ვიზიტორი ესტუმრა, რაც 63 % – ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში.

ვიზიტორთა შორის 49% საქართველოს, ხოლო 51% სხვა ქვეყნის მოქალაქეა, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობამ რეკორდულ მაჩვენებელს 2019 წელს მიაღწია. აღსანიშნავია, რომ 4 დაცულ ტერიტორიაზე ვიზიტორთა რაოდენობამ 2019 წლის მონაცემებს უკვე გადააჭარბა, მათ შორის სათაფლიას დაცულ ტერიტორიებზე, ნავენახევის მღვიმესა და ჭაჭუნას აღკვეთილში. ჯამში, 2019 წელთან მიმართებაში, ვიზიტორთა რაოდენობა საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე აღდგენილია 76%-ით.

ყველაზე პოპულარულ საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე, 2022 წლის 8 თვის განმავლობაში, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ვიზიტორთა რაოდენობა გაზრდილია: სათაფლიაში – 38 %-ით, ნავენახევის მღვიმეში – 14%-ით, ხოლო აღდგენილია: მტირალას ეროვნულ პარკში 98 %-ით, თუშეთის ეროვნულ პარკში 99 %-ით, პრომეთეს მღვიმეში 92 % -ით, მარტვილის კანიონზე 82 % -ით, ოკაცეს კანიონზე 71% -ით, ალგეთის ეროვნულ პარკში 72%-ით.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო განაგრძობს საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ეკოტურიზმის განვითარებას. მიმდინარე წელს არაერთი ახალი ეკოტურისტული სივრცე გაიხსნა და განახლდა.

მათ შორის, გაიხსნა: წალკის კანიონი, ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრი, ნავენახევის მღვიმე; მოეწყო: ვაშლოვანის ეროვნულ პარკში, არწივის ხეობაში ახალი ეკოტურისტული ბილიკი, ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე, ნინოსხევის ჩანჩქერის ახალი ბილიკი, მაჭახელას ეროვნულ პარკში ახალი საგამოფენო სივრცე, მტირალას ეროვნულ პარკში ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა და სხვა.