ირაკლი კოვზანაძე – ფასების სტაბილურობა არის საქართველოს ეროვნული ბანკის მთავარი მანდატი

0
80

საქართველოს პარლამენტი ყოველწლიურად ვამტკიცებთ ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელს, ე.წ. ინფლაციის თარგეთს. წლიდან წლამდე ეს მაჩვენებელი არ სრულდება. არ ვგულისხმობ, რომ ზუსტად დადგენილი მაჩვენებელი უნდა იყოს (ბოლო წლებია 3%-ია დადგენილი თარგეთი), მაგრამ მასთან ახლოს, მაინც უნდა იყოს, “- ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი კოვზანაძემ საპარლამენტო სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც ეროვნული ბანკის 2021 წლის ფულად-საკრედიტო, სავალუტო და საზედამხედველო პოლიტიკის განხორციელების შესახებ ყოველწლიური ანგარიში მოისმინეს.

თანამომხსენებელმა ეროვნულ ბანკს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ სწორედ ფასების სტაბილურობა არის საქართველოს ეროვნული ბანკის მთავარი მანდატი, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ინფლაციის შესამცირებლად ეროვნულ ბანკს დახმარება სჭირდება.

„საჭიროა მთავრობის ჩართულობა, ფინანსთა სამინისტრომ დეფიციტის შემცირებაზე უნდა იზრუნოს და ამ კუთხით პროგრესი გვაქვს, ეკონომიკის სამინისტრომ კონკურენციის გაზრდაზე და ა.შ.” – აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ

კომიტეტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა ეროვნული ბანკის კიდევ ერთ მთავარ ფუნქციაზე, რომელიც საბანკო ზედამხედველობას მოიცავს.

მისი თქმით, საბანკო და არასაბანკო საკრედიტო სისტემამ გაუძლო უკანასკნელი პერიოდის შოკებს.

„მხედველობაში მაქვს პანდემიით და რუსეთ უკრაინის ომით გამოწვეული შოკები, სექტორი კარგად კაპიტალიზებულია, გააჩნია ადექვატური კაპიტალის ბუფერები, ლიკვიდობა და მდგრადია. მის გამართულობას და სტაბილურობას ადასტურებენ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები და დამოუკიდებელი აუდიტორების დასკვნები,”-აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ საპარლამენტო ტრიბუნიდან.