კობა გვენეტაძე – საერთაშორისო ორგანიზაციები ეროვნული ბანკის საქმიანობას დადებითად აფასებენ

0
100

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ პარლამენტის პლენარული სხდომის წევრებს საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებები გააცნო.

კობა გვენეტაძის განცხადებით, საერთაშორისო ორგანიზაციები ეროვნული ბანკის საქმიანობას დადებითად აფასებენ.

“საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გაწეულმა სამუშაომ საერთაშორისო აღიარება გასული წლების მსგავსად, 2021 წელსაც მოიპოვა. ამას არაერთი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაცია ადასტურებს. კერძოდ, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი, ევროპის საინვესტიციო ბანკი, აზიის განვითარების ბანკი, ევროპის რეკონსტრუქციის ბანკი, სარეიტინგო კომპანიები და სხვა. აღსანიშნავია, რომ ავტორიტეტულმა საერთაშორისო გამოცემამ, Global Finance-მა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ზედიზედ უკვე მეხუთედ, 2022 წლის ცენტრალური ბანკების საუკეთესო მმართველთა შორის დაასახელა.

ასევე, საერთაშორისო სავალუტო ფონდი ახალ პროგრამასთან დაკავშირებით გამოცემულ პრესრელიზში აღნიშნავს, რომ „საქართველოს ეროვნული ბანკი ინფლაციის სამიზნე მაჩვენებელთან დასაახლოებლად მართებულად ფოკუსირებული რჩება და ამ თვალსაზრისით მიმდინარე და მომავალ წელს მნიშვნელოვან პროგრესს მოველით, რადგანაც ფასებზე ზრდის მიმართულებით მოქმედი გლობალური ფაქტორები მიილევა. ინფლაციის თარგეთირების ჩარჩო, მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმთან ერთად საქართველოს კარგ სამსახურს უწევს.“

ევროკომისიის 2022 წლის 16 ივნისის დასკვნაში კი აღნიშნულია, რომ „საქართველოში მონეტარული პოლიტიკა გამჭვირვალედ ხორციელდება, ინფლაციის თარგეთირების რეჟიმის გამოყენებით, რომლის მიხედვითაც ეროვნული ბანკი განსაზღვრავს ინფლაციის საშუალოვადიან სამიზნე მაჩვენებელს და შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს. საქართველოს ჯანსაღი მონეტარული და ფისკალური პოლიტიკის განხორციელების კარგი გამოცდილება აქვს, რასაც საერთაშორისო სავალუტო ფონდი მიმდინარე პროგრამაში მაღალ შეფასებას აძლევს.” ეს ყველაფერი კი, ეროვნული ბანკის პროფესიონალი თანამშრომლების დამსახურებაა. ეჭვგარეშეა, რომ 2021 წელი საკმაოდ რთული წელი იყო.

ამ პერიოდის განმავლობაში, ბევრი გადაწყვეტილება მივიღეთ, ვიმუშავეთ რეფორმებზეც, ნაწილი დავიწყეთ, ნაწილი დავაანონსეთ და ყველა მნიშვნელოვანი და დიდი მიღწევაა არამხოლოდ ჩვენი ორგანიზაციისთვის, არამედ მთლიანად საფინანსო სექტორისთვის.

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო სებ-ის კვალიფიციურ გუნდს. დამერწმუნეთ, რომ ეროვნული ბანკის პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი ყველაფერს აკეთებს და გააკეთებს იმ ბერკეტების გათვალისწინებით, რაც ჩვენ გაგვაჩნია, რომ საზოგადოებას ბოლო პერიოდის შოკების შედეგად მიღებული მაღალი ინფლაციის ტვირთი შევუმსუბუქოთ”, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.