აგვისტოში, რუსეთიდან 30 ათასი ტონა ხორბალი შემოვიდა

0
121

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, გიორგი ხანიშვილის განცხადებით, აგვისტოში, რუსეთიდან 30 ათასი ტონა ხორბლის იმპორტი განხორციელდა.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას გიორგი ხანიშვილმა აღნიშნა, იმპორტის დადებითი ტენდენცია ნარჩუნდება და სექტემბრის პირველ კვირაში საქართველოში რუსეთიდან 11 ათასი ტონა ხორბალი შემოვიდა.

„ბოლო თვეების განმავლობაში იმპორტი ფაქტობრივად შეწყვეტილი იყო. აგვისტოს თვეში მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა. აგვისტოში 30 ათასი ტონა ხორბალი შემოვიდა. მათ შორის შემოვიდა, როგორც ხაზინის გავლით, ასევე ფოთის და ბათუმის პორტებში.

სექტემბრის პირველი კვირის მდგომარეობით კი, ფაქტობრივად, 11 ათასი ტონა ხორბალია შემოსული. ეს ძალიან კარგი ტენდენციაა. ასეთი რაოდენობის ხორბლის შემოსვლა თავისთავად მიანიშნებს, რომ გარკვეულწილად წისქვილკომბინატებიც ამუშავდნენ“, – განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

რაც შეეხება ხორბლის ადგილობრივ მოსავალს, როგორც გიორგი ხანიშვილი აღნიშნავს, მიმდინარე წელს საქართველოში მიღებული ხორბლის საერთო რაოდენობა სავარაუდოდ, 160-170 ათას ტონას მიაღწევს.

მისივე თქმით, პარალელურად, ხორბლის წარმოების გაზრდის პროგრამაზე მუშაობა გრძელდება, რომლის მიზანი თვითუზრუნველყოფის მაჩვენებლის 50-60%-მდე მომატებაა.

„პროგრამა მუშავდება. რაც მთავარია პროგრესი არის და ვფიქრობ, ჩვენ ძალიან საინტერესო დახმარება გვექნება ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, რომელიც რეალურად ხორბლის წარმოების გაზრდას მოხმარდება, შესაბამისად, ხორბლის წარმოების გაზრდა თვითუზრუნველყოფის გაზრდა იქნება.

რეალობაში საქართველოს ნამდვილად შეუძლია. დღეს თვითუზრუნველყოფა 15-17%-ის ფარგლებშია. ასეთი დიდი პროგრამის განხორციელების შემთხვევაში, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ქვეყანა თვითუზრუნველყოფის 50-60%-იან მაჩვენებელს მიაღწევს. პროგრამა მრავალწლიანია“, – აღნიშნა მინიტრის მოადგილემ.