EBRD-ის მხარდაჭერით, „თბილსერვის ჯგუფის“ ავტოპარკი 74 ერთეული სპეცტექნიკით შეივსო

0
108

EBRD-ის მხარდაჭერით, „თბილსერვის ჯგუფის“ ავტოპარკი 74 ერთეული სპეცტექნიკით შეივსო. როგორც ტექნიკის პრეზენტაციისას აღინიშნა, თბილისის მყარი ნარჩენების პროექტის ფარგლებში შეძენილი ტექნიკის ჯამური ღირებულება შეადგენს 9,710,440 ევროს.

ავტომანქანების მოწოდება განხორციელდა ეტაპობრივად, ყველა საერთაშორისო სტანდარტის დაცვით. ამ ეტაპისთვის შემოსულია 59 ერთეული მანქანა, დარჩენილი 15 ერთეული კი უახლოეს დღეებში შემოვა თბილისში.

“შპს თბილსერვის ჯგუფის” ავტოპარკს შეემატა შემდეგი სპეცტექნიკა:

12 ერთეული სატვირთო მანქანა, ამწე აღჭურვილობით;

40 ერთეული ნარჩენების შემგროვებელი ავტომანქანა;

7 ერთეული ქუჩების დასუფთავებისთვის განკუთვნილი მანქანა;

15 ერთეული ნარჩენების შემგროვებელი ავტომანქანა, კონტეინერის ლიფტის გარეშე, გვერდითი დატვირთვის პრესით (შემოვა სექტემბრის შუა რიცხვებში);

“დღეს აქ ასევე წარმოდგენილია „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის“ მუშაობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი სპეცტექნიკა- ეს არის მილსადენებისა და სანიაღვრე არხების შიდა ზედაპირის შესამოწმებელი რობოტი შესაბამისი კომპლექტით.

აღნიშნული მოწყობილობის საშუალებით შესაძლებელია მილსადენების, სანიაღვრე და საკანალიზაციო არხების ვიზუალური შემოწმება-დათვალიერება.

მოწყობილობას გააჩნია ისეთი მნიშვნელოვანი ფუნქციები როგორიცაა ლაზერული დიოდის მეშვეობით მილის დიამეტრის განსაზღვრა და არსებობის შემთხვევაში დეფექტის აღმოჩენა. გააჩნია ლაზერული მანძილმზომი და დახრის სენსორი, აქვს ფოტო და ვიდეოგადაღების შესაძლებლობა.

კომპლექტს მოყვება სპეციალური საშუალება „მცურავი მოდული“, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ვიზუალური დათვალიერება მოვახდინოთ ისეთ ობიექტებზე, სადაც რთულია რობოტის გადაადგილება (მაგალითად, მილსადენებში, სადაც შეუძლებელია წყლის დინების შეჩერება ან გვირაბებში, სადაც მუდმივად მოედინება წყლის ნაკადი).

რობოტის გამართული მუშაობისათვის ასევე შევიძინეთ სპეციალური სატრანსპორტო საშუალება (მიკროავტობუსი FIAT DUCATO) რომელიც გადაკეთდა მოძრავ ლაბორატორიად.

მოძრავი ლაბორატორია აღიჭურვა რობოტის მუშაობისთვის საჭირო ყველა ფუნქციებით: გააჩნია ტექნიკური განყოფილება რობოტის მილსადენებში უსაფრთხო ჩაშვების სპეციალური მოწყობილობით, აქვს კაბინეტი ოპერატორის მუშაობისათვის და შესაბამი საოფისე საქმიანობის წარმოებისათვის. გააჩნია დამოუკიდებელი დენის წყარო და გარე პერიმეტრის განათებისა და ვიდეო თვალთვალის სისტემა”,- ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ჯამში ამ პროექტის საერთო ღირებულებაა 545,000 ლარი.