საქართველოს ბიზნეს ასოციაცია იმედს გამოთქვამს, რომ მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევის კანონს ხელისუფლება წლის ბოლომდე მიიღებს

0
152

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია იმედს გამოთქვამს, რომ მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევის კანონს ხელისუფლება წლის ბოლომდე მიიღებს, – ამის შესახებ განცხადებას საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ავრცელებს.

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ხელისუფლებას მოუწოდებს „საქართველოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის“ (TPL) მიმართულებით აქტიური ნაბიჯები გადადგას.

როგორც ბიზნეს ასოციაციაში აცხადებენ, აღნიშნული მნიშვნელოვანია, როგორც სახელმწიფოსთვის, ასევე კერძო სექტორისა და ჩვენი მოქალაქეების დაცულობისთვის.

„მიგვაჩნია, რომ მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევა უნდა იყოს სავალდებულო და აღნიშნულ საკითხზე ასოციაცია ხელისუფლების წარმომადგენლებთან საკმაოდ აქტიურად მუშაობს. საგულისხმოა, რომ აღნიშნული სტანდარტის დანერგვა საქართველოში ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ერთ-ერთი ვალდებულებაა, რომელიც ჩვენმა სახელმწიფომ ეფექტიანად და ოპერატიულად უნდა შეასრულოს.

მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევა მსოფლიოში დანერგილი პრაქტიკაა, რომელიც წლებია წარმატებით მუშაობს როგორც ევროპაში, ასევე ჩვენს რეგიონში. იგი ქონებრივი და სოციალური რისკების სამართავად დადგენილი მსოფლიო სტანდარტია, რაც ავტო საგზაო შემთხვევის დროს მოქალაქის სამედიცინო ხარჯების შემცირების შედეგად საგრძნობლად განტვირთავს სახელმწიფო ბიუჯეტს.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ საგზაო შემთხვევის დროს მოხდება ჩვენი მოქალაქეების მაღალი ევროპული სტანდარტებით დაცვა, ხოლო ადამიანის სიკვდილისა და შრომის უუნარობის გამოწვევის შემთხვევაში მნიშვნელოვანი კომპენსაციით უზრუნველყოფა.

აღნიშნული კანონის დროული შემოღებით სახელმწიფო ხელს შეუწყობს ახალი სამუშაო ადგილებს შექმნას, რაც თავის მხრივ პოზიტიურად აისახება ქვეყანაში არსებულ დასაქმების მაჩვენებლებზე. ასევე, TPL-ის ამოქმედება მნიშვნელოვანია ბიზნეს კლიმატის და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების კუთხით, რადგან ზემოხსენებული უზრუნველყოფს სტაბილურობისა და მეტი დაცულობის განცდას.

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია იმედს გამოთქვამს, რომ მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევის კანონს ხელისუფლება წლის ბოლომდე მიიღებს, ვინაიდან ჩვენი მოქალაქეების დაცულობა, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და ბიზნეს კლიმატის გაუმჯობესება მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის შემდგომი მდგრადი ეკონომიკური განვითარებისთვის“, – ნათქვამია ბიზნეს ასოციაციის განცხადებაში.