ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვის ფაქტი გამოავლინა

0
128

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინაციით გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვის ფაქტზე, სამეგრელოს რეგიონში, ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტს ინახავდა.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯამში 38 115 ლარის ღირებულების 8 470 კოლოფი უაქციზო სიგარეტია ამოღებული.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-3 ნაწილით გრძელდება, რაც სასჯელის სახით 6-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.