“სახე-დარი” მოთხოვნის შემთხვევაში ვირის რძისგან შოკოლადს და ლიქიორსაც დაამზადებს

0
182

ვირების ფერმა „სახე-დარი“ დაინტერესების შემთხვევაში მომხმარებელს ვირის რძისგან დამზადებულ შოკოლადს და ლიქიორსაც შესთავაზებს.

„სახე-დარის“ დამფუძნებელი თემურ ლომიძე “ბიზნესპარტნიპრტან“ აცხადებს, რომ ვირის რძისგან დამზადებული პროდუქტი მალფუჭებადი და შედარებით ძვირია, შესაბამისად, წარმოებას მოთხოვნიდან გამომდინარე გეგმავს.

მისი  განცხადებით, 1 კგ შოკოლადის ფასი დაახლოებით 250 ლარი იქნება, 1 ლიტრი ლიქიორის ღირებულება კი  130 ლარი იქნება.

ლომიძის განცხადებით, 100 სულისგან შემდგარი ვირების ფერმა ამჟამად   წელიწადში  700 ლიტრ ვირის რძეს ყიდის. კომპანია აწარმოებს რძის ფხვნილსაც, რომელიც იდეალური ფორმაა ექსპორტისთვის.

ვირების ფერმა „სახე-დარი“ ადგილობრივი ბაზრის  გარდა, ვირის რძეს და მისგან ნაწარმოებ რძის ფხვნილს, ასევე კოსმეტიკურ პროდუქტებს – ტუჩსაცხს, სახის საცხსა (6 სახის) და საპონს აშშ-ში ყიდის და მომავალში საექსპორტო ბაზრების გაფართოებაზეც მუშაობს.

ლომიძის ინფორმაციით,  დღეისთვის რძის ფხვნილის წარმოება  „ბაქტერიოფაგთან“ თანამშრომლობით ხდება.

ადგილობრივ ბაზარზე 1 ლიტრი ვირის რძე 70 ლარი, ხოლო 1 კგ ყველი 1500 ლარი ღირს. საპნების ღირებულება 20 ლარია, 1 გრამი სახის საცხის ფასი კი 1 ლარს შეადგენს.

ვირების ფერმა „სახე-დარი“ მარყოფის რაიონში,სოფელ სააკაძეში 20-30 ჰა ტერიტორიაზე 2016 წელს დაფუძნდა.

მაღალი ფასის მიუხედავად, „სახე-დარის“ პროდუქტების  მიმართ დიდი მოთხოვნაა, რასაც ფერმერი მის უნიკალურ თვისებებს მიაწერს და აღნიშნავს, რომ სამკურნალოდ, იმუნიტეტის გასაძლიერებლად და მრავალი სხვა დანიშნულებით ვირის რძე შეუცვლელი პროდუქტია, რომლის უნიკალურ თვისებებს მედიცინაც აღიარებს.

business-partner.ge