სილაგავა – ფქვილზე ფასის კლების ტენდენცია მიმდინარეობს, თუმცა თუ სახელმწიფო ქსელურ მარკეტებს არ გააკონტროლებს, ვერ გავიგებთ, ეს მომხმარებელზე აისახება თუ არა

0
149

საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის” აღმასრულებელი დირექტორის, ლევან სილაგავას განცხადებით, ფქვილზე ფასის კლების ტენდენცია მიმდინარეობს.

როგორც სილაგავამ „მედიაცენტრ მთავარში” პრესკონფერენციისას განაცხადა, ფქვილზე ფასი იკლებს, მაგრამ ჯერჯერობით ტენდენციაში არ გადასულა ქსელურ მარკეტინგში. მისი თქმით, თუ ჯაჭვში არ იქნება შეყვანილი ქსელური მარკეტები, ვინც საბოლოო პროდუქტს ყიდის და ეს პროცესი სახელმწიფოს მხრიდან არ გაკონტროლდა, „ვერ გავიგებთ, ფქვილზე ფასის კლება მომხმარებელზე აისახება თუ არა“.

მისი განცხადებით, საქართველოში ხორბლის 100 ტონა მოსავალი იყო, თუმცა 5-ჯერ მეტი რუსეთიდან შემოდის, რაც იმას ნიშნავს, რომ საჭიროა თვითუზრუნველყოფის გაზრდა.

„ვიცით, რომ ამუშავდა უკრაინის დერეფანი, ამან დადებითი ტენდენციები გამოიწვია. ასევე რუსეთში საკმაოდ კარგი მოსავალია და აქაც მცურავი ბაჟი შემცირებისკენ წავიდა. თუ ტენდენცია გაგრძელდება, წისქვილებმა შეიძლება გადახედონ ვითარებას და ამოქმედებისკენ გადაიხარონ. დღეს, სამწუხაროდ, გვაქვს ტენდენცია, როდესაც ფქვილი შემოდის და არა ხორბალი, რის გამოც დიდი წისქვილები ვერ მუშაობენ. შესაძლებელია, წისქვილების სხვა ნაწილებმაც იფიქრონ წარმოების ამუშავებაზე და არა ფქვილის შემოტანაზე. დღეს ფქვილის შემოტანა უფრო რისკიანია, ვიდრე ხორბლის. გაეროსგან ბევრი გაფრთხილება მიიღო მსოფლიო თანამეგობრობამ რუსეთთან დამოკიდებულებასთან მიმართებაში და თვითუზრუნველყოფის გაზრდაზე.

საქართველოში ხორბლის 130 ტონა მოსავალია, თუმცა 5-ჯერ მეტი შემოგვაქვს, ამიტომ საჭიროა თვითუზრუნველყოფის გაზრდა. ჩვენს ასოციაციას დაუკავშირდა ამერიკული მხარე, ინფორმაციის და ტენდენციების გარკვეული მიმოცვლა მოხდა. შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი საქართველოში ხორბლის წარმოების გაზრდის მიზნით საქართველოში ვიზიტს აპირებს. არა მარტო ჩვენს ასოციაციაში იქნება შეხვედრები, არამედ მთავრობაშიც. პროგრამა ითვალისწინებს 50%-მდე თვითუზრუნველყოფის გაზრდას.

ფქვილის ფასის კლების ტენდენცია მიმდინარეობს. ერთი თვის წინ, 1 ტომარა პირველი ხარისხის ფქვილის ფასი 85 ლარი იყო, დღეს 80 ლარამდეა ჩამოსული, თუმცა თუ ჯაჭვში არ იქნება შემოყვანილი ქსელური მარკეტები, ვინც საბოლოო პროდუქტს ყიდის, ვერ გავიგებთ ფქვილზე ფასის კლება აისახება თუ არა მომხმარებელზე. არსებობს პრაქტიკა, როდესაც სახელმწიფო პირველადი მოთხოვნილების პროდუქტებზე კონტროლს ახორციელებს ყველა ჯაჭვში, ყველა ეტაპზე. სახელმწიფომ დააანონსა პირველადი მოთხოვნილების პროდუქტებზე რეფერენტული ფასების შემოღება, რაც ნიშნავს, რომ ყველა ჯაჭვში გარკვეულ ფასნამატზე იქნება სახელმწიფოს კონტროლი“, – განაცხადა სილაგავამ.