სექტემბრის დასაწყისიდან თიბისი მგზავრობის საფასურის გადახდის ახალ სისტემაში ჩაერთვება

0
129

2022 წლის სექტემბრის დასაწყისიდან თიბისი მგზავრობის საფასურის გადახდის ახალ სისტემაში ჩაერთვება. „თიბისის” მომხმარებლებს შესაძლებლობა მიეცემათ, საზოგადოებრივი ტრანსპორტის სამგზავრო აბონემენტი “თიბისის” ბარათს მიაბან. ამის შესახებ ინფორმაციას „თიბისი“ ავრცელებს.

მათი ცნობით, თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის სამგზავრო აბონემენტის შეძენა და „თიბისის“ სასურველ ბარათზე დამატება შესაძლებელია მარტივად, „თიბისის“ მობაილ ბანკის მეშვეობით, ფილიალში მიუსვლელად. საბანკო/სამგზავრო ბარათი აქტიურდება შეძენიდან 3 (სამი) წუთში.

სამგზავრო აბონემენტის გამოყენება შესაძლებელია თბილისის შემდეგ საზოგადოებრივ ტრანსპორტში:

თბილისის მეტრო

თბილისის ავტობუსი

თბილისის ლურჯი მიკროავტობუსი

თბილისის უნივერსიტეტი-ბაგების საბაგირო გზა

„თიბისის” გადახდების განვითარების მიმართულების ხელმძღვანელის, მარიამ გოგიას განცხადებით, არსებობის 30 წლის მანძილზე, „თიბისი“ მუდმივად ცდილობს ადამიანებს გაუმარტივოს ცხოვრება და ხელი შეუწყოს ციფრული სიახლეების დანერგვას.

“ამ ძალისხმევის ნაწილია თბილისის სატრანსპორტო კომპანიასთან თანამშრომლობა, რომელიც ადამიანებს საშუალებას მისცემს, „თიბისის“ ბარათებს დაამატონ სამგზავრო აბონემენტები და უფრო მარტივად გადაიხადონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობის გადასახადი. ეს სიახლე საშუალებას გვაძლევს, ჩვენი წვლილი შევიტანოთ თბილისის სატრანსპორტო ინფრასტუქტურის გაუმჯობესებასა და განახლებაში“, – განაცხადა მარიამ გოგიამ.

ამასთან, ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ „თიბისის“ ბარათით მგზავრობის საფასურის გადახდა შესაძლებელია თბილისის, ქუთაისის, გორისა და ფოთის საზოგადოებრივ ტრანსპორტში.