“რუსეთის ეკონომიკა ფანჯრიდან გადმოგდებულ კაცს ჰგავს, რომელიც მოფრინავს და თავს იმშვიდებს – ”ჯერ ყველაფერი კარგადააო”

0
120

დღეს ბევრს ბჭობენ იმაზე, რამდენად სწორი იყო დასავლეთის გათვლები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღებასთან დაკავშირებით და რამდენად ქმედითია მისი ფინანსური დახმარება უკრაინისთვის, რომლის ჯარი და ხალხი უკვე მეშვიდე თვეა, არა მარტო საკუთარი, არამედ მთელი ცივილიზებული მსოფლიოს მომავალს იცავს აგრესორი რუსეთისგან.

რუსეთ-უკრაინის ომის ექვსი თვის თავზე პარიზის პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტის ანალიტიკოსი, ეკონომიკის პროფესორი სერგეი გურიევი თვლის, რომ უკრაინის ფინანსური დახმარების კუთხით დასავლეთს ბევრად მეტის გაკეთება ჰმართებს, თუმცა რუსეთის მიმართ შემოღებული სანქციების არაეფექტურობის შესახებ მოსაზრებები ყოველგვარ საფუძველსაა მოკლებული.

“ვთვლი, რომ დასავლეთის მხრიდან არასაკმარისია გაკეთებული. როცა დაიწყო ომი, მე და ჩემი კოლეგები ვწერდით, რომ ეკონომიკური თვალსაზრისითაც კი, რაც მალე შეწყდებოდა საბრძოლო მოქმედებები, მით უკეთესი იქნებოდა და რომ თუ რეცესიის თავიდან აცილება სურდათ, რუსულ ნავთობზე ემბარგო მაშინვე უნდა შემოეღოთ. სამწუხაროდ, ეს არ გაკეთდა და დღეს ვხედავთ, რამდენად დამძიმდა ეკონომიკური ვითარება მთელს მსოფლიოში. ემბარგო გამოცხადებულია და როგორც ჩანს, დეკემბერში იქნება შემოღებული, ან იანვარ-თებერვალში მაინც.

ემბარგოს შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე მიმდინარეობდა ასევე დისკუსია იმაზე, რომ საჭირო იყო რუსულ ნავთობზე ფასების შეზღუდვა, მასზე გადასახადის დაწესება, თუმცა, სამწუხაროდ, ჯერ არც ეს გაკეთდა” – იხსენებს გურიევი და ამ კუთხით დასავლეთს დაგვიანებით მოქმედებას უწუნებს.

კიდევ ერთი რამ, რაც მისი შეფასებით, დასავლეთის მხრიდან ჯერ-ჯერობით არასათანადო დონეზე კეთდება, უკრაინის ფინანსური დახმარებაა:

“ამასწინათ უკრაინელ და დასავლელ კოლეგებთან ერთობლივი ანგარიში გამოვაქვეყნეთ უკრაინაში მაკროეკონომიკური ვითარების თაობაზე. მასში მოვუწოდეთ დასავლეთს, გაცილებით მეტი დახარჯოს უკრაინის ბიუჯეტის მხარდასაჭერად. სადღეისოდ უკრაინაში ყოველთვიურად საბიუჯეტო დეფიციტი 5 მლრდ დოლარს უტოლდება – ეს უზარმაზარი თანხაა.

სანამ დასავლეთის დახმარება არასაკმარისია, ეს დეფიციტი ფულადი ემისიით იფარება, რაც უზარმაზარ მაკროეკონომიკურ რისკებს ქმნის. ამდენად, ცალსახაა, რომ დასავლეთს უკრაინის ბიუჯეტის მხარდაჭერის მნიშვნელოვნად გაზრდა ჰმართებს. თუ ხსენებულ 5 მლრდ-ს 2022 წლის ომის თვეებზე გადავამრავლებთ, ჯამური დეფიციტი დაახლოებით 50 მლრდ დოლარს გაუტოლდება.

ერთის მხრივ, ეს უპრეცედენტო თანხაა, რომლის მობილიზებაც აშშ-სა და ევროკავშირს შეეძლოთ. მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინა აწარმოებს ომს მთელი თავისუფალი სამყაროს დასაცავად, ასევე იმის გათვალისწინებით, თუ როგორია აშშ-ისა და ევროკავშირის თავდაცვითი ხარჯები, ეს 50 მლრდ ზღვაში წვეთად წარმოჩინდება: რომ შევკრიბოთ ევროკავშირის, აშშ-ის, იაპონიის მშპ-ები, ხსენებული 50 მლრდ მიღებული თანხის 1%-ის 1/10 ნაწილი იქნება! ასე, რომ უკრაინის საოცრად ქმედითი და ეფექტური საზოგადოების მხარდაჭერის მნიშვნელოვნად გაზრდის აუცილებლობა კითხვის ნიშნებს არ უნდა იწვევდეს”.

რაც შეეხება რუსეთის წინააღმდეგ შემოღებული სანქციების არაეფექტურობის შესახებ მოსაზრებას, ანალიტიკოსი მას კატეგორიულად არ იზიარებს:

“რუსეთის ეკონომიკა ფანჯრიდან გადმოგდებულ კაცს ჰგავს, რომელიც მოფრინავს და თავს იმშვიდებს – ”ჯერ ყველაფერი კარგადააო”. რეალურად, რუსეთის ეკონომიკა უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა. თუნდაც თავად “როსსტატის” მეორე კვარტლის მონაცემებს რომ გადავხედოთ, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში მშპ 6%-ით შემცირდა, პირველ კვარტალთან შედარებით. ეს ვარდნის უზარმაზარი ტემპია – წლიურ 20%-ზე მაღალი.

ამასთან, ივლისის თვეში, ისევ და ისევ “როსსტატის” მონაცემებით, მნიშვნელოვანი საბიუჯეტო დეფიციტი დაფიქსირდა 900 მლრდ რუბლის ოდენობით. წლიურ დაანგარიშებაში ეს მშპ-ის 8%-ია. საბითუმო ვაჭრობა 15%-ით დაეცა, საცალო – 10%-ით. ასე, რომ სიტუაცია რეალურად, უკვე ძალზე მძიმეა. და ეს – მაშინ, როცა რეალური სანქციები ჯერ არ შემოღებულა – ამ მხრივ ჯერ ყველაფერი წინაა. ევროკავშირს ემბარგო უკვე დაანონსებული აქვს და ვნახოთ, რას იზამს უახლოეს თვეებში”.

ამასთან, გურიევის მონაცემებით, პუტინის იმედები უკრაინის მხარდაჭერაში დასავლური ერთობის რღვევაზე არ მართლდება:

“დასავლეთის ქვეყნები კვლავინდებურად მტკიცედ იჩენენ უკრაინის მხარაჭერის ნებას, რაც ამ დღეებში “ყირიმის პლატფორმის” მეორე სამიტზეც ვიხილეთ. და მნიშვნელოვანია, რომ ეს ერთობა ვრცელდება არა მარტო ევროკავშირის ქვეყნებზე: თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმაც, მაგალითად, მთელი მსოფლიოს თვალწინ განაცხადა, რომ ყირიმი უკრაინაა და უკრაინას უნდა დაუბრუნდეს”.

წყარო: https://accentnews.ge/