“ველოდით, რომ ოქტომბრიდან 3-იან ნიშნულს გადაცდებოდა ლარი, მაგრამ ეს პროცესი გაცილებით მალე დაიწყო”

0
824

ანალიტიკოსი ნიკა შენგელია ვარაუდობს, რომ ლარის გაუფასურება გაგრძელდება და მალე 2,90-იან მაჩვენებელს გადაცდება.

მისი თქმით, ლარის კურსი განსაკუთრებით მძიმედ აისახება ფასებზე, ვინაიდან რიგ პროდუქტებზე დაანონსებული გაიაფება ვერ განხორციელდება და იმპორტიორებს კიდევ ერთი მიზეზი მიეცემათ, რომ მაღალი ფასები შეინარჩუნონ, სამომავლოდ კი, ლარის გაუფასურების პარალელურად, პროდუქტები გაძვირდება.

,,ლარის გაუფასურება დაიწყო მაშინ, რაც ეროვნულმა ბანკმა დიდი მოცულობით მოახდინა ინტერვენცია და 40 მილიონი დოლარი შეისყიდა. სამწუხაროდ, ამას მოყვა ის, რომ ფასების კლების იმედი საბოლოოდ გაქარწყლდა, განსაკუთრებით პირველადი მოხმარების საქონელზე, ასევე მომსახურების სფეროში. დიდი ალბათობით, ლარის კურსი უახლოეს პერიოდში 2,90-იან ნიშნულს გადაცდება და მაშინ საწვავის ფასების დაწყებული გაიაფებაც შეჩერდება.

ეს პროცესი სავსებით მოსალოდნელია. ველოდით, რომ ოქტომბრიდან 3-იან ნიშნულს გადაცდებოდა ლარი, მაგრამ ეს პროცესი გაცილებით მალე დაიწყო. უკვე ვხედავთ, რომ ლარის შენარჩუნება 2,80-იან ნიშნულზე ვერ მოხერხდება.

გადარიცხვები და ჩამორიცხვები, ტრანზაქციები ტურისტების მხრიდან შემცირდება და შესაბამისად ლარის გაუფასურების ტენდენცია გაგრძელდება. წლის ბოლოს დაახლოებით 3-3,10-იან ნიშნულს უნდა ველოდოთ”, – განაცხადა ნიკა შენგელიამ “რეზონანსთან”.