ლევან დავითაშვილი – საპარტნიორო ფონდის რეორგანიზაციაზე მუშაობა, ფაქტობრივად, დასრულებულია

0
244

ეკონომიკის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, საპარტნიორო ფონდის რეორგანიზაციაზე მუშაობა, ფაქტობრივად, დასრულებულია. მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე ინფორმაცია მოსახლეობას შემოდგომაზე მიეწოდება.

“შესაბამისი ცვლილებები შევა საპარტნიორო ფონდის კანონში და შესაბამისად, თქვენ მიიღებთ უფრო მეტ და დეტალურ ინფორმაციას”, – განაცხადა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ საპარტნიორო ფონდის რეფორმირებაზე განმარტება ფონდმა მიმდინარე წლის 20 ივნისს გაავრცელა. მასში აღნიშნულია, რომ ფონდის რეფორმის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია მის მფლობელობაში არსებული სახელმწიფო კომპანიების გადაცემა შესაბამისი სტრუქტურებისთვის.

ბოლო პერიოდში ენერგეტიკული ობიექტები უკვე გადაეცა ეკონომიკის სამინისტროს. ამ დროისათვის ფონდის მფლობელობაში დარჩა „საქართველოს რკინიგზა“ და „გაზისა და ნავთობის კორპორაცია“, რომელთა გადაცემაც ასევე იგეგმება, თუმცა, ამ სახელმწიფო კომპანიების მასშტაბურობიდან გამომდინარე, არის მთელი რიგი საკითხები, რაც გარკვეულ დროს მოითხოვს.

ასევე, მნიშვნელოვანია, რომ მიღებულია გადაწყვეტილება, სახელმწიფო გავიდეს ფონდის სამეთვალყურეო საბჭოდან და ის დაკომპლექტდეს დამოუკიდებელი პირებით, რაც ფონდს მეტ მოქნილობას მისცემს.