საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე მგზავრებისთვის საიზოლაციო სივრცეები მოეწყო

0
203

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის  საბაჟო გამშვებ პუნქტებზე ,,ყაზბეგი” და ,,ქუთაისის აეროპორტი“ კორონავირუსის და სხვა გადამდები დაავადებების გავრცელების პრევენციის მიზნით,  საზღვრის მკვეთი პირებისთვის  დროებითი განთავსების საიზოლაციო სივრცეები მოეწყო.

სამედიცინო სივრცეები სრულად პასუხობს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) რეკომენდაციებს და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საზღვარზე გადამდებ დაავადებათა კონტროლისთვის.

აღნიშნული პროექტი, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის –  „საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა საზღვრის მართვის პრაქტიკის გაძლიერებაში შერბილების მიზნით პანდემიით გამოწვეულ ადამიანთა მობილობაზე“ ფარგლებში განხორციელდა და მისი დაფინანსება შვეიცარიის მიგრაციის სახელმწიფო სამდივნოს (SEM) მიერ მოხდა.

პროექტის ფარგლებში, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (IOM) დაავადებათა გავრცელების რისკების მინიმალიზაციისა და  ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტს დამცავი პერსონალური აღჭურვილობა (სახის დამცავი ფარები, პირბადეები, ბიოკომბინიზონები, ასევე, სამედიცინო ხალათები, დამცავი სათვალეები, ბახილები, რესპირატორები და ერთჯერადი ხელთათმანები) გადასცა.

,,ყაზბეგის“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე გამართულ ღონისძიებას ესწრებოდნენ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ელგუჯა ბერანძე, ასევე საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე დაჩი ქინქლაძე,   შვეიცარიის კონფედერაციის ელჩის მოადგილე  ურს ბეერი  და IOM-ის საზღვრის ინტეგრირებული მართვის პროგრამის ხელმძღვანელი მასიმო რამანზინი.

საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილემ კიდევ ერთხელ,  მადლობა გადაუხადა პროექტს მხარდაჭერისთვის და იმედი გამოთქვა, რომ მოქალაქეთა ჯანმრთელობის უზრუნველყოფისა და იმავდროულად ლეგიტიმური მიგრაციის ხელშეწყობის მიმართულებით ნაყოფიერი, შედეგებზე ორიენტირებული თანამშრომლობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.