„საქართველო წლიურად მხოლოდ 2500 ტონა თევზს აწარმოებს, მაშინ როდესაც სომხეთი 35 000 ტონას“

0
21392

პარლამენტში დარეგისტრირებულ თევზის წარმომავლობის დოკუმენტის შემოღების ინიციატივას „გურია ფიშ ფარმინგის” დამფუძნებელი გიორგი ჩხაიძე „ბიზნესპარტნიორთან“ აფასებს და აცხადებს, რომ კარგი იქნება, თუ ამ ინიციატივას კანონის სახე მიეცემა, თუმცა, ეს სრულყოფილად ვერ აღმოფხვრის იმ პრობლემებს, რაც ქართული აკვაკულტურის სექტორში არსებობს.

მისი განცხადებით, დღეს ქართული ბაზარი გაჯერებულია  თურქეთიდან, უკანონოდ შემოტანილი თევზის პროდუქციით, რომელსაც არანაირი სერთიფიკატი არ გააჩნია, თევზის წარმომავლობის დოკუმენტის შემოღების აუცილებლობა კი ამ პრობლემას ნაწილობრივ გადაჭრის.

„თურქეთიდან იმპორტირებული თევზი დღეს ქართულ ბაზარზე იყიდება როგორც ქართული წარმოება, არ ხდება მისი აღრიცხვა და ასე შემდეგ. რომელ საბუთზეა საუბარი, როდესაც შემოაქვთ კალმახი და ყიდიან როგორც ორაგულს. ამით მომხმარებელი შეცდომაში შეჰყავთ“-აცხადებს ჩხაიძე.

მისი განცხადებით, საქართველო  წლიურად  მხოლოდ 2500 ტონა თევზს აწარმოებს (წლიური მოხმარება 35 000 ტონაა), მაშინ როდესაც ეს მაჩვენებელი სომხეთში 35 000 ტონას შეადგენს. ამ დროს მეზობელ ქვეყანას საქართველოსგან განსხვავებით  არც მდინარეები აქვს და არც გარემო პირობები. ჩხაიძე აცხადებს, რომ აღნიშნული სტატისტიკაც ადასტურებს იმას, რომ დღეს საქართველოში აკვაკულტურის სფეროში სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობა მინიმუმამდეა დაყვანილი.

„ქვეყანა, რომელიც სომხეთზე  17-ჯერ უფრო ნაკლებ თევზს აწარმოებს, ესეიგი სხვა პრობლემა აქვს და ეს გადასახადები არ არის. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ნაკლებობაა. დღეს სამწუხაროდ არცერთი ბანკი აკვაკულტურას არ აფინანსებს. საკმაოდ დიდ პრობლემას ქმნის შესაბამისი კადრის არ არსებობაც,“-აცხადებს ჩხაიძე.

მისივე მტკიცებით, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს მხრიდან დარგი გადასახადებისგან სრულადაა გათავისუფლებული,არსებული კანონმდებლობა ევროპული მოდელის კოპირებაა და შესაბამისობაში ვერ მოდის საქართველოში არსებულ ბიზნესგარემოსთან.

„ნორვეგიიდანაა გადმოწერილი კანონი და რასაც იქ სთხოვენ კომპანიებს გარემოს დაცვის კუთხით, აქ მაგას ვერ მოსთხოვ. საქართველოში არ არის იხტიოლოგი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსაც კი არ ჰყავს ადამიანი, ვინც შეიძლება მეთოდოლოგია დადოს გარემოზე ზემოქმედების კუთხით. ეს ნიშნავს იმას, რომ ბიზნესს დღეს ხელს უშლის კანონი, რომლის შედეგადაც ის ფიზიკურად ვერ განვითარდება.

დღეს კანონში წერია ასეთი ჩანაწერი, რომ კომპანია ვალდებულია მის მიერ წარმოებულ თევზში დაავადებების აღმოჩენის შემთხვევაში  სამინისტროს აცნობოს. ამ დროს კი საქართველოში არ არსებობს ლაბორატორია, რომელსაც შეუძლია დაადგინოს დაავადება თევზში“-აცხადებს ჩხაიძე.

შეგახსენებთ, პარლამენტს თევზის წარმომავლობის დოკუმენტის შემოღების ინიციატივით მიმართეს. საკანონმდებლო წინადადების ავტორი და ინიციატორი “M.A.P მოძრაობა ბრაკონიერობის წინააღმდეგ” წევრი ზურაბ მუშკუდიანია. მიზეზი ქვეყანაში ბრაკონიერული ფაქტების შემცირებაა.

ინიციატორს მიაჩნია, რომ კანონში ცვლილების მიღება 40%-ით შეამცირებს ქვეყანაში უკანონო თევზჭერას.

საკანონმდებლო წინადადების ავტორის განმარტებით, აგრარულ ბაზრობებზე, სარიტუალო დარბაზებსა და რესტორნებში თავისუფლად ხდება თევზის რეალიზაცია. ბაზარზე არ არსებობს თევზის წარმომავლობის დოკუმენტის დადასტურების მოთხოვნა. ყოველწლიურად ბაზარზე 10 მილიონ ლარამდე ღირებულების უკანონოდ მოპოვებული თევზის რეალიზაცია ხდება.

business-partner.ge