ბორელი რუსების ევროკავშირში შესვლის აკრძალვის წინააღმდეგია

0
195

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა საკითხებში ჟოსეპ ბორელი ეწინააღმდეგება ევროკავშირის რიგი ქვეყნების პოზიციას, რომლებმაც ინიციატივა გამოთქვეს რუსეთის მოქალაქეებისთვის შენგენის ვიზების გაცემის სრულად აკრძალვაზე, წერს Bloomberg.

„ყველა რუსისთვის შესვლის აკრძალვა არ არის კარგი იდეა. ჩვენ უფრო შერჩევითი უნდა ვიყოთ“, – თქვა ბორელმა.

ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ რუსი ოლიგარქები ევროკავშირში არ უნდა შეუშვან, მაგრამ „ბევრი რუსი უნდა გაიქცეს ქვეყნიდან, რადგან არ უნდათ ასეთ ვითარებაში ცხოვრება“.

31 აგვისტოს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები პრაღაში გამართულ არაოფიციალურ შეხვედრაზე განიხილავენ ევროკავშირის რამდენიმე ქვეყნის წინადადებას, რომელიც მოითხოვდა რუსეთის მოქალაქეებისთვის შენგენის ვიზების გაცემის შეწყვეტას.

ესტონეთი, ლატვია, ლიტვა და ჩეხეთი მხარს უჭერენ ევროკავშირის სრულ აკრძალვას, ხოლო გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი არ ეთანხმება ამ იდეას.

ეკა უკლება