379%-ით გაზრდილი წმინდა მოგება – როგორი იყო „თბილისი ენერჯის“ 2021 წელი

0
143

გაზგამანაწილებელმა კომპანიამ „თბილისი ენერჯიმ“, რომელიც დედაქალაქის მოსახლეობას ემსახურება, გასული წელი მნიშვნელოვანი მოგებით დაასრულა. კომპანიის ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, 2021 წელს მისი წმინდა მოგება 379%-ით გაიზარდა.

კერძოდ, კომპანიის ფინანსური ანგარიშგების თანახმად, 2021 წელს „თბილისი ენერჯის“ წმინდა მოგება 64,556 მლნ ლარი იყო; მაშინ 2020 წელს კომპანია მხოლოდ 13,473-მილიონიან მოგებაზე გავიდა. 273%-ით გაზრდილია კომპანიის საოპერაციო მოგება და 2021 წელს 56,778 მლნ ლარი შეადგინა (2020 წელს 15,205 მლნ ლარი).

ამასთან, ანგარიშგების მიხედვით, კომპანიამ 2021 წელს 363,293 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო; გაყიდული ბუნებრივი გაზის თვითღირებულება – 244,285 ლარი იყო; ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ხარჯმა კი 13,457 მლნ ლარი შეადგინა.

ამასთან, საანგარიშო პერიოდში „თბილისი ენერჯი“ 217,257 მლნ ლარის აქტივებს ფლობდა, საკუთარი კაპიტალი კი – 98,431 მლნ ლარს შეადგენდა, ამასთან, კომპანიას აქვს 118,826 მლნ ლარის ვალდებულებები.

„2020 წელთან შედარებით 2021 წელს გაზრდილია მოხმარებული ბუნებრივი გაზის მოცულობა, რამაც გამოიწვია ამონაგებისა და შესყიდული გაზის თვითღირებულების ზრდა. ამონაგების ზრდა ასევე განაპირობა 2021 წლის თებერვლიდან კომერციული მომხმარებლებისთვის და 2021წლის ივნისიდან სოციალური მომხმარებლებისთვის გაზის ტარიფის ზრდამ.

შესყიდული გაზის ღირებულება მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ლარი/აშშ დოლარის გაცვლითი კურსის მერყეობაზე, რადგან ბუნებრივი აირის შესყიდვის ფასები კომპანიისთვის აშშ დოლარში არის განსაზღვრული. 2021 წლის განმავლობაში ლარი აშშ დოლართან მიმართებაში გაუფასურდა, რამაც უარყოფითად იმოქმედა შესყიდული ბუნებრივი აირის თვითღირებულებაზე.

2021 წელს კომპანიამ ჩამოწერა საგადასახადო დავალიანება 8,481,967 ლარის ოდენობით, შედეგად გასულ წელთან შედარებით სხვა შემოსავალი 2,282%-ით გაიზარდა.

ზემოთ აღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით, 2021 წელს კომპანიის წმინდა მოგება 2020წელთან შედარებით 379% – ით გაიზარდა და 64,556,810 ლარი შეადგინა“, – აღნიშნულია ფინანსური ანგარიშგებაში.

ცნობისათვის, 2018 წლამდე კომპანიის ოფიციალური მფლობელი იყო სს „ყაზტრანსგაზი“, რომელსაც აკონტროლებს ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობა სს „სამრუკის ეროვნული კეთილდღეობის ფონდის“ მეშვეობით. 2018 წლის 4 ოქტომბერს კომპანიის 100%-იანი წილი შეისყიდა შეზღუდული პასუხისმგებლობის კომპანიამ შპს „ვოლთბეი“, რომელიც დარეგისტრირებულია მარშალის კუნძულებზე 2016 წლის 30 აგვისტოს. 2019 წელს მშობელ კომპანიაში 50%-იანი წილი შეისყიდა Weco investment and finance S.A.-მ.

2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, კომპანიის საბოლოო მფლობელები იყვნენ საქართველოს მოქალაქე – ხვიჩა მაქაცარია და აზერბაიჯანის მოქალაქე – ნასიბ ჰასანოვი.

წყარო: BPN.GE