“გალფის” ინიციატივით 100 პირველკურსელს, რომელმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებში უმაღლესი ქულები მიიღო, ერთწლიანი ყოველთვიური სტიპენდია დაენიშნება

0
217

სტუდენტთა მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და კომპანია „გალფს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის თანახმად წარჩინებული პირველკურსელები 2022-2023 სასწავლო წლის განმავლობაში ყოველთვიურად 300-ლარიან სტიპენდიას მიიღებენ.

მემორანდუმს ხელი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა და „გალფის“ გენერალურმა დირექტორმა ქრეიგ სთივენ ქრამერმა მოაწერეს.

დოკუმენტის თანახმად, კომპანია „გალფი“ 100 სტუდენტისთვის, რომლებმაც 2022 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში საუკეთესო შედეგი აჩვენეს, ერთი სასწავლო წლის განმავლობაში უზრუნველყოფს სტიპენდიის ჩარიცხვას ყოველთვიურად 300 ლარის ოდენობით.

სტიპენდია გაიცემა, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, სტუდენტობის კანდიდატთა შორის უმაღლესი შედეგის მქონე 100 აბიტურიენტზე.

კომპანია გალფის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს ახალგაზრდა თაობის მხარდაჭერა და მათი ხელშეწყობა წარმოადგენს და კომპანია განათლების მიმართულებით მომავალშიც გეგმავს რიგ კამპანიებს.