კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ საავტომობილო საწვავის ბაზარზე მოკვლევა დაიწყო

0
164

საქართველოს პრემიერ-მინისტრის რეკომენდაციით და 2022 წლის მონიტორინგის შედეგების საფუძველზე, კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ საავტომობილო საწვავის ბაზარზე მოკვლევა დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ კონკურენციის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, მოკვლევის მიზანია საწვავის ბაზარზე მსხვილი რეალიზატორების მხრიდან, კონკურენტული ქცევის შესწავლა და მისი კონკურენციის კანონმდებლობასთან თავსებადობა.

„2022 წლის 7 თვის მონიტორინგის შედეგების მიხედვით, რუსეთიდან იმპორტირებული საწვავის შემთხვევაში იმპორტის დონეზე და რუმინეთიდან იმპორტირებული საწვავის შემთხვევაში საბაჟო საწყობის თვითღირებულების გათვალისწინებით კონკრეტულ კომპანიებს ფასში კონკურენტული უპირატესობა გააჩნდათ, თუმცა აღნიშნულის ასახვა საცალო ბაზარზე სათანადოდ არ მომხდარა, მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდში ნავთობზე საერთაშორისო ფასების კლება და ეროვნული ვალუტის კურსის გამყარების ტენდენციაც ფიქსირდებოდა,” – აღნიშნულია მონიტორინგის ანგარიშში.

შეფასების მიხედვით, მსგავსი ტენდენციები მიმდინარე წლის მარტი-აპრილის პერიოდშიც დაფიქსირდა, თუმცა მაშინ ეს მსოფლიო ბაზარზე და რეგიონში არსებული არასტაბილურობით იქნა ახსნილი.

კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, საავტომობილო საწვავის ბაზრის მონიტორინგი ამ შეფასებით უკვე დაიხურა და სააგენტო მოკვლევის ეტაპზე გადავიდა, რომელმაც საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან შეკითხვებს პასუხი უნდა გასცეს: ირღვევა თუ არა კონკურენციის კანონმდებლობა მსხვილი კომპანიების მხრიდან, ზემოქმედებენ თუ არა შეთანხმებულად ფასებზე და რამდენად არის მათი ქცევა კეთილსინდისიერი მომხმარებელთან მიმართებაში.

ანგარიშის მიხედვით, მიმდინარე წლის ივნის-ივლისში, რუსეთიდან იმპორტირებულ საწვავზე მარჟა 78-53 თეთრი იყო, რუმინული საწვავის შემთხვევაში კი საბაჟო საწყობიდან, დაახლოებით, 73-94 თეთრით იაფად ხდებოდა სხვა მოვაჭრეებზე საწვავის რეალიზაცია, ვიდრე ეს საკუთარ ქსელში შედიოდა.

კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, მოკვლევის ფარგლებში, დარღვევის დადგენის შემთხვევაში, საჯარიმო სანქციები განისაზღვრება. ასევე, ბაზრის გაჯანსაღების და კონკურენტუნარიანობის გაზრდის მიზნით, შესაბამისი რეკომენდაციები დამუშავდება.

„მიმდინარე წელს, კონკურენციის სააგენტომ ერთი დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებაზე მოკვლევა დაასრულა, რაც არ დადასტურდა. ამ დროისთვის, მიმდინარეობს 3 მოკვლევა – დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების, სახელმწიფო უწყების მხრიდან კონკურენციის შესაძლო შეზღუდვის და არაკეთილსინდისიერი კონკურენციის შესაძლო დარღვევის ფაქტზე.

მიმდინარე წელს, ფარმაციის ბაზრის მონიტორინგი დასრულდა და 13 რეკომენდაცია გაიცა. ამ დროისთვის, 2 მონიტორინგი მიმდინარეობს – შუშის ნარჩენების და საავტომობილო საწვავის – ბუნებრივი/თხევადი აირის ბაზრის მიმართულებით.

ინფორმაციისთვის, გასულ კვირას, პრემიერ-მინისტრის დავალებით, ეკონომიკის და ფინანსთა მინისტრები, კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელთან ერთად, საწვავის მსხვილ რეალიზატორებს შეხვდნენ და ბაზარზე არსებული ვითარება, სააგენტოს მონიტორინგის ანგარიში და ფასის შემცირების მოსალოდნელი ტენდენციები განიხილეს. შეხვედრაზე აღინიშნა რომ აგვისტოში ყველა ტიპის საწვავზე ფასის 20-30 თეთრიანი კლებაა მოსალოდნელი,“ – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.