უზბეკეთი საქართველოს რკინიგზით ტვირთების გადაზიდვას ზრდის – საკონტეინერო მატარებლებზე 70%-იანი ფასდაკლება იმოქმედებს

0
271

უზბეკეთი კასპიის ზღვისა და საქართველოს რკინიგზის გავლით ტვირთების გადაზიდვის მოცულობას ზრდის. ამის შესახებ სააგენტო Trend-ს უზბეკეთის ტრანსპორტის სამინისტროში განუცხადეს.

უწყების ცნობით, საქართველოს რკინიგზამ, ისევე, როგორც აზერბაიჯანის, ყირგიზეთის, თურქეთის, თურქმენეთის სარკინიგზო ორგანიზაციებმა საკონტეინერო ბლოკის მატარებლების გადაზიდვაზე უკვე 70%-მდე ფასდაკლება წარადგინეს.

„ამჟამად ჩვენ აზერბაიჯანის გავლით გამავალი სატრანზიტო დერეფნის გასწვრივ ტვირთების გადაზიდვის ეტაპობრივ ზრდას ვეწევით. უზბეკი გადამზიდველები ტვირთის გადაადგილებას უშუალოდ კასპიის ზღვის გავლით ზრდიან. სახელმწიფოებთან, რომლებზეც ეს დერეფანი გადის, ყველაზე ხელსაყრელი პირობების შექმნაზე ვმუშაობთ,“ – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

გარდა ამისა, სამინისტროს განცხადებით, უზბეკეთი აზერბაიჯანის ალიათის საზღვაო პორტსა და ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მარშრუტს აქტიურად იყენებს.

როგორც ცნობილია, 2022 წლის ივნისში უზბეკეთსა და აზერბაიჯანს შორის ხელი მოეწერა სამთავრობათაშორისო შეთანხმებას საერთაშორისო საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ. შეთანხმების საფუძველზე „ნებართვის ფორმების“ პრაქტიკა დაინერგება, რაც საერთაშორისო გადამზიდავი ორგანიზაციების პრაქტიკაა. ასევე, საერთაშორისო გადაზიდვებზე შერეული კომისია შეიქმნება.

სამინისტროს ცნობით, „სანებართვო სისტემა“ ხელს შეუწყობს საქონლის გადაადგილების სტატისტიკის ფორმირებას, რომ სატრანსპორტო დერეფნების განვითარებისთვის შესაბამისი ანალიზი გაკეთდეს.

BPN.GE