ჯანდაცვის მინისტრი – ჯამში, 18 მილიონ ლარზე მეტია დახარჯული უკრაინელი ლტოლვილების სასტუმროში ყოფნის პერიოდში

0
179

ჯამში, 18 მილიონ ლარზე მეტია დახარჯული უკრაინელი ლტოლვილების სასტუმროში ყოფნის პერიოდში – დღეის მდგომარეობით, ახალი ფორმატით, 2000-ზე მეტ ადამიანს ვუხდით ბინის ქირას და 45 ლარს თითოეულ ადამიანს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

მინისტრის თქმით, უკრაინიდან დევნილების ბინით უზრუნველყოფის საქმეში დიდი წვლილი აქვთ შეტანილი თბილისის მერიას, ტურიზმის დეპარტამენტს და აჭარის მთავრობას.

როგორც აზარაშვილმა აღნიშნა, სახელმწიფო უკრაინელ დევნილებს იგივე რაოდენობის თანხას უხდის, რასაც ქართველ დევნილებს აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან.

“ამ უბედურებას და ომს გამოექცნენ ადამიანები, ზოგი საქართველოშია და თუ ვინმეს მათი დახმარების სურვილი აქვს, რასაკვირველია, შეუძლიათ და ამაზე მეტ ქველმოქმედებას ისინი ვერ გააკეთებენ. რაც შეეხება სახელმწიფოს დახმარებას, ომის დაწყების დღიდან თბილისის მერია, ტურიზმის დეპარტამენტი, აჭარის მთავრობა აქტიურად იყვნენ ჩართული მათი დაბინავების ნაწილში და ათასობით უკრაინელმა სასტუმროებში გაატარა რამდენიმე თვე.

ჯამში, 18 მილიონ ლარზე მეტია დახარჯული მხოლოდ მათი სასტუმროში ყოფნის პერიოდში ამ სამი უწყების მიერ, უდიდესი ნაწილი თბილისის მერიიდან, ტურიზმის დეპარტამენტიდან და აჭარის მთავრობიდან.

მაქსიმალურად გვერდში ვუდგავართ ამ ხალხს და ის პოლიტიკა, რაც ჩვენ 15 ივლისიდან დავიწყეთ და უკრაინიდან ახალშემოსულ ლტოლვილებს ვთავაზობთ, გაეროს ლტოლვილთა კომისარიატი და მათი წარმომადგენელიც ადასტურებს, რომ ეს არის მსოფლიოში არსებული პრაქტიკებიდან საუკეთესო, – ეს 300-ლარიანი დახმარება თითოეულ ოჯახზე და დამატებით 45 ლარიანი დახმარება თითოეულ ადამიანზე.

თითოეულ ოჯახზე ბინის საქირავებლად ჩვენს დევნილებსაც ვუხდით 300 ლარს და 45 ლარს თითოეულ ადამიანზე, ასევე ვუხდით, სურვილის შემთხვევაში, უკრაინიდან ლტოლვილებს. დღეის მდგომარეობით, ახალი ფორმატით, 2000-ზე მეტ ადამიანს ვუხდით ბინის ქირას და 45 ლარს თითოეულ ადამიანს“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.