„წყალტუბოს ახალი სიცოცხლე” პროექტის ფარგლებში გამოცხადებულ აუქციონზე სანატორიუმი „მედეა” და „თბილისი” გაიყიდა

0
116

„წყალტუბოს ახალი სიცოცხლე” პროექტის ფარგლებში გამოცხადებული აუქციონის შედეგად 2 ობიექტი – სანატორიუმი „თბილისი” და სანატორიუმი „მედეა” გაიყიდა.

ინფორმაციას ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ელექტრონული აუქციონი დღეს 17:00 საათზე დასრულდა. გაყიდული ობიექტების ჯამურმა ფასმა 8 982 300 ლარი შეადგინა. სანატორიუმი „თბილისი” შპს „აკამ” შეიძინა, ხოლო სანატორიუმი „მედეა” – შპს „ასი გრუფ ჰოთელს ჯორჯიამ”.

„რაც შეეხება დანარჩენ სანატორიუმებს – მათზე აუქციონების ვადა გახანგრძლივდა – აღნიშნული გადაწყვეტილება ბიზნესსექტორის მხრიდან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილთან გამართულ შეხვედრაზე გამოჩენილი მაღალი ინტერესისა და თხოვნის შედეგად იქნა მიღებული.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო ქონების პრივატიზების პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალე და ხელმისაწვდომია. ყველა დაინტერესებულ პირს თანაბარი შესაძლებლობა ეძლევა, ყოველგვარი ბიუროკრატიული პროცედურების გარეშე, მიმდინარე ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობა მიიღოს და მოკლე დროში სახელმწიფო აქტივის მესაკუთრე გახდეს.

აუქციონების შესახებ დამატებითი ინფორმაციას იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/3Rrzyym

შეგახსენებთ, “წყალტუბოს ახალი სიცოცხლე” პროექტის ფარგლებში სახელმწიფომ გასაყიდად 14 ობიექტი გამოიტანა – 5 პრემიუმ კლასის, 5 საშუალო კლასის სასტუმრო და 4 სხვადასხვა სახის განთავსების ობიექტი, რომელთა ჯამური ღირებულება დაახლოებით, 50 მლნ ლარია.

პროექტის თანახმად, სახელმწიფო ათეულობით მილიონი ლარის ინვესტირების ვალდებულებას იღებს, რათა წყალტუბოს საერთაშორისო დონის სპა-კურორტად იქცეს.

წყალტუბოს აღდგენისა და განვითარების მასშტაბური პროექტის განხორციელება შექმნის 3 200-ზე მეტ ახალ სამუშაო ადგილს, საწოლფონდს 6 000-ზე მეტი ადგილით, 500 მლნ ლარის ოდენობის ინვესტიციას მოიზიდავს და ვიზიტორების რაოდენობას მნიშვნელოვნად გაზრდის“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.