მულტიმოდალური დერეფანი: ევროპას საქართველოს პორტების საშუალებით პაკისტანი და ავღანეთიც დაუკავშირდება

0
337

უზბეკეთი ახალი სატრანსპორტო დერეფნის შექმნის ინიციატივით გამოდის, რომელმაც აზერბაიჯან-საქართველოს ტერიტორიაზე უნდა გაიაროს. ინფორმაციას Day.Az უზბეკურ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამ ინიციატივით უზბეკეთის ტრანსპორტის მინისტრი, ილხომ მახკამოვი ტაშკენტში აზერბაიჯანის, უზბეკეთისა და თურქეთის საგარეო საქმეთა, ეკონომიკისა და ტრანსპორტის მინისტრების პირველ შეხვედრაზე გამოვიდა. მისი თქმით, ახალი მულტიმოდალური დერეფნის ფორმირება თურქეთი-კავკასია-ცენტრალური აზია-სამხრეთ აზია-ავღანეთის გავლით მოხდება.

უზბეკეთი პროდუქციის ევროპაში ექსპორტის შესაძლებლობას საქართველოს პორტების გავლით განიხილავს. საქართველო რომ უზბეკეთისთვის „ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სატრანსპორტო დერეფანია,“ ამის შესახებ უზბეკეთის პრემიერმა, აბდულა არიპოვმა ქართველ კოლეგა ირაკლი ღარიბაშვილს ივლისის შეხვედრაზეც განუცხადა.

როგორც ცნობილია, საქართველო ისეთ მნიშვნელოვან პროექტებში მონაწილეობს, როგორიც არის ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, შავი ზღვა-კასპიის ზღვის მარშრუტი და აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის მშენებლობა-რეკონსტრუქცია.

უზბეკეთის ტრანსპორტის მინისტრი ამბობს, რომ მოკლე და საშუალოვადიან პერსპექტივაში სამხრეთ აზიის ქვეყნების ზრდის უკიდურესად მაღალი პოტენციალის გათვალისწინებით, აუცილებელია ერთობლივი ძალისხმევა ამ ქვეყნებთან ტვირთების გადაზიდვის განვითარებისთვის.

მახკამოვის ცნობით, უზბეკი გადამზიდავები უკვე ეტაპობრივად ტესტავენ და იწყებენ საავტომობილო გზით ტვირთების ტრანსპორტირებას ავღანეთის გავლით პაკისტანში. პაკისტანი-ავღანეთი-უზბეკეთის მარშრუტზე ტვირთების გადაზიდვის მოცულობა ბოლო პერიოდში საგრძნობლად გაიზარდა. 2022 წლის პირველ ექვს თვეში გადაზიდული ტვირთების მოცულობა 2,6-ჯერ გაიზარდა და 330 000 ტონა შეადგინა. ამავე პერიოდში უზბეკეთსა და დსთ-ს, ახლო აღმოსავლეთის, კავკასიისა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის ტვირთების გადაზიდვის მოცულობა, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 3,5-ჯერ გაიზარდა და 52 ათას ტონას მიაღწია.

თავის მხრივ, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მევლუთ ჩავუშოღლუ აცხადებს, რომ „მსოფლიოში არსებული რისკები და კრიზისული სიტუაციები თურქულ სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას ხაზს უსვმას.“

წყარო: BPN.GE