იოსებ არჩვაძე: ხელისუფლება და ეროვნული ბანკი მოქმედებენ ეფექტიანად – ინფლაციის დონე ჩვენს ქვეყანაში, მესამე თვეა, თანდათან იკლებს

0
183

„ამ ერთი შეხედვით ორდინარული ინფორმაციის მიღმა საკმაოდ საინტერესო პროცესები იმალება. ჯერ ერთი, ინფლაციის დონე ჩვენს ქვეყანაში, მესამე თვეა, თანდათან იკლებს და მისი დონე შარშანდელ ივლისთან შედარებით 0.4 პუნქტით დაბალია.

ეს იმ დროს, როდესაც ჩვენს ყველა სახმელეთო მეზობელს (თურქეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი) გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ინფლაციის მაჩვენებელი მკვეთრად გაეზარდა. ამჟამად  ჩვენი ქვეყნის ინფლაციას, ინფლაცია თურქეთში უსწრებს 77.1 პუნქტით (!), რუსეთის ინფლაცია, შესაბამისად, 4.4 პუნქტით, აზერბაიჯანისა კი – 2.7 პუნქტით. მეორე, გლობალური მასშტაბით შეინიშნება ეკონომიკური რეცესიისა და ინფლაციის ზრდის ნიშნები – ჩვენთან კი საპირისპირო პროცესები იკრებს ძალას“, – ამ სიტყვებით ეხმაურება ეკონომიკის ექსპერტი იოსებ არჩვაძე სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად ივლისში საქართველოში ინფლაციამ 11.5% შეადგინა.

„წლის დასაწყისთან შედარებით საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტებმა შეამცირეს გლობალური ეკონომიკის ზრდის პროგნოზი, საქართველოსი კი  პირიქით – გაზარდეს. თუ წლის დასაწყისში საქართველოს ეკონომიკის წლიური ზრდის ყველაზე თამამი  პროგნოზი 4 პროცენტს არ აღემატებოდა, ამჟამად ყველაზე მოკრძალებული პროგნოზიც  კი 8 პროცენტს აღემატება, ხოლო  რეალისტური პროგნოზი ორნიშნა რიცხვს „უკაკუნებს“ (წლის პირველ ნახევარში დაფიქსირდა 10.5-პროცენტიანი ზრდა).

 ბოლო რამდენიმე ათწლეულის მანძილზე უმაგალითოდ მაღალი ინფლაციაა აშშ-ში, სადაც ინფლაციის დონე წინა წლის დონესთან შედარებით გაიზარდა 1.7-ჯერ, ასევე, გაერთიანებულ სამეფოში (ზრდა წინა წლის ინფლაციასთან შედარებით 4.7-ჯერ), ევროგაერთიანებაში (3.9-ჯერ). ინფლაციის ასეთი მაღალი ტემპი გლობალურად განპირობებულია კოვიდპანდემიით გამოწვეული ლოჯისტიკური ტრადიციული სახეების რღვევით, ძირითადი სანედლეულო  რესურსების გაძვირებით და უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებებით გამოწვეული გაურკვევლობებითა და გაზრდილი რისკებით.

ამ ფონზე საქართველოში, რომლის ეკონომიკა და მოსახლეობის კეთილდღეობა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული მსოფლიო ბაზარზე ნედლეულის და კვების პროდუქტების მიწოდების და ფასების კონიუნქტურაზე, უკვე გამოიკვეთა ინფლაციის დათრგუნვის ნიშნები (ერთ-ერთ „პირველ მერცხლად“ ამ მხრივ შეიძლება მივიჩნიოთ ივლისში ივნისთან შედარებით სურსათის  1.4-პროცენტიანი გაიაფება), რაც ნამდვილად  იძლევა ოპტიმიზმის საფუძველს.

ეკონომიკის ორნიშნა ზრდა და ლარის გამყარება ასრულებენ ერთგვარი „სენდვიჩის ეფექტს“, რომელმაც არტახებში მოაქცია ინფლაციის მაჩვენებელი და არ მისცა მას გაცილებით მასშტაბური ზრდის შესაძლებლობა. ფაქტია, რომ ჩვენი ქვეყნის ინსტიტუტები, აღმასრულებელი ხელისუფლება და ეროვნული ბანკი მოქმედებენ გაცილებით ეფექტიანად, ვიდრე რეგიონის იმ ქვეყნების შესაბამისი სტრუქტურები, რომლებიც, მართალია, ჩვენზე მეტ ბუნებრივ რესურსებს განკარგავენ, მაგრამ „რატომღაც“ მათი ეკონომიკური ზრდა საქართველოსთან შედარებით გაცილებით დაბალია, ინფლაცია კი – გაცილებით მაღალი“, – წერს იოსებ არჩვაძე.