ივნისში სომხეთში წლიური ინფლაციის დონემ 10.3% შეადგინა

0
132

ივნისში სომხეთში წლიური ინფლაციის დონემ ზრდა განაგრძო და 10,3% შეადგინა, თუმცა სომხური დრამის რევალვაცია (გამყარება) ნაწილობრივ ანეიტრალებს ინფლაციის ზრდას. ამის შესახებ ცენტრალური ბანკის თავმჯდომარის მოადგილემ, ნერსეს ერიციანმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ერიციანმა გაიხსენა, რომ 2 აგვისტოს გამართულ სხდომაზე ცენტრალური ბანკის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება რეფინანსირების განაკვეთის 0,25 პროცენტული პუნქტით, 9.5%-მდე გაზრდის შესახებ.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ეკონომიკური აქტივობის შენელება შეინიშნება სომხეთის მთავარ პარტნიორ ქვეყნებში. საერთაშორისო სასაქონლო ბაზარზე ინფლაციური ზეწოლა გარკვეულწილად შემცირდა, მაგრამ ფასები ისტორიულად მაღალ დონეზე რჩება.

„განვითარებული ქვეყნების ცენტრალური ბანკები განაგრძობენ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას. ეს ხელს შეუწყობს გლობალური ინფლაციური გარემოს თანდათანობით შეკავებას. ამრიგად, სომხეთის ეკონომიკაზე საგარეო სექტორის ინფლაციური ზემოქმედება გარკვეულწილად შესუსტდება“, – განაცხადა ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის მოადგილემ.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ 2022 წლის მეორე კვარტალში სომხეთის ეკონომიკამ მოსალოდნელზე მაღალი აქტივობა აჩვენა. ეს განსაკუთრებით შესამჩნევია მომსახურების სექტორში. პოზიტიური განვითარება დაფიქსირდა მრეწველობისა და ექსპორტის სექტორშიც. ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპების ფორმირებაში დომინირებს მოთხოვნის ფაქტორები. ეს უკანასკნელი კვლავ დიდწილად განისაზღვრება უცხოელი ვიზიტორების მნიშვნელოვანი ნაკადით და რუსეთის ფედერაციიდან ფულადი გზავნილებით. ძლიერი მოთხოვნა იწვევს ზოგადი ინფლაციური გარემოს გაფართოებას და მაღალი ინფლაციური მოლოდინების შენარჩუნებას. სომხური დრამის გამყარება ნაწილობრივ ანეიტრალებს ინფლაციის ზრდას.

ამ ვითარებაში საბჭომ მიზანშეწონილად მიიჩნია განაკვეთის გაზრდა. ცენტრალური ბანკი ირწმუნება, რომ საბჭო თანმიმდევრულად მიიღებს ადეკვატურ ზომებს ინფლაციის სტაბილიზაციის უზრუნველსაყოფად და ინფლაციური მოლოდინების ნებისმიერი რისკის გასანეიტრალებლად.

ცენტრალური ბანკის ინფორმაციით, 12-თვიანი ინფლაცია ეტაპობრივად შემცირდება დაგეგმილი მონეტარული პოლიტიკის სცენარის შესაბამისად და საშუალოვადიან პერიოდში 4%-იან ნიშნულს მიუახლოვდება.

სანდრო პირველი