კალაძე – ბიძინა ივანიშვილი იპოდრომის სივრცის თბილისისთვის გადაცემით არ შემოიფარგლა და სამუშაოებს, რაც ჩასატარებელი იქნება, საკუთარ თავზე იღებს

0
108

იპოდრომის პროექტი ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის დაფინანსებით ხორციელდება, რისთვისაც კიდევ ერთხელ მინდა მას მადლობა გადავუხადო, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ და ბიძინა ივანიშვილი მხოლოდ იპოდრომის სივრცის მუნიციპალიტეტისთვის გადაცემით არ შემოიფარგლა და სამუშაოებს, რაც ჩასატარებელი იქნება, საკუთარ თავზე იღებს.

„მე არა ერთხელ მისაუბრია იპოდრომის პროექტის მნიშვნელობაზე და კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ ამ მასშტაბის მწვანე სივრცე დედაქალაქში პარკის სახით არ გვაქვს. არსებული სივრცე, იყო კერძო საკუთრება, ფლობდა ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახი და თქვენ იცით, რომ მუნიციპალიტეტს ურთიერთშეთანხმების მემორანდუმის გაფორმების შედეგად გადმოეცა საჩუქრად და აქ, მოეწყობა ძალიან მაგარი ცენტრალური პარკი, რეკრეაციული სივრცე, რომელიც, ვფიქრობ, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქალაქისთვის.

მე მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა ერთ გარემოებას, რადგან ბევრმა ვერ გაიგო, შეიძლება ბევრმა ძალიან კარგად გაიგო, მაგრამ ცდილობს საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს – საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ და ბიძინა ივანიშვილი არ შემოიფარგლა მხოლოდ ამ სივრცის მუნიციპალიტეტისთვის საჩუქრად გადაცემით და მთლიანად სამუშაოები, რაც იქნება ჩასატარებელი: გამწვანება, მოწესრიგება, რეაბილიტაცია – მთლიანად ყველა ხარჯს, რაც კი საჭიროა იმისთვის, რომ მივიღოთ ძალიან მაგარი რეკრეაციული სივრცე, ეს ადამიანი იღებს თავის თავზე. მუნიციპალიტეტს არ ექნება დასახარჯი არც ერთი თეთრი, პროექტი ხორციელდება ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახის დაფინანსებით, რისთვისაც კიდევ ერთხელ მინდა მას მადლობა გადავუხადო“, – განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება პროექტში შესულ ცვლილებებს, თბილისის მერის განცხადებით, 440 ადგილის ნაცვლად, პარკში 245 საპარკინგე ადგილი დარჩება.

„პროექტში შევიდა შემდეგი სახის ცვლილებები: საპარკინგე ადგილის ფართი შემცირდა და მის ადგილზე, 5 937 კვადრატულ მეტრ ფართობზე, დაგეგმილია გამწვანებული სივრცეებისა და ჩოგბურთის მოედნის მოწყობა. პარკში დარჩება 245 საპარკინგე ადგილი, ნაცვლად 440 ადგილისა. აღნიშნულ ტერიტორიაზე გამწვანებული სივრცეები და ჩოგბურთის სპორტული მოედანი მოეწყობა. გარდა ამისა, შეიცვალა დეკორატიული ატრაქციები.

კერძოდ, ფრანგული ბაღი და ბოტანიკური ბაღი, რომელთა საერთო ფართობი 28 232 კვადრატულ მეტრს შეადგენდა, გაუქმდება და აღნიშნულ ფართობზე მოეწყობა მხოლოდ გამწვანებული სივრცეები და საპიკნიკე მოლები, ხოლო მცირე ზომის გორაკებზე დაირგვება ხე-მცენარეები ჩრდილისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.