სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ ავიაკომპანია „კამექს ეარლაინსის“ სერტიფიცირების პროცესი დასრულდა

0
194

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ ავიაკომპანია „კამექს ეარლაინსის“ სერტიფიცირების პროცესი დასრულდა. სერტიფიცირების პროცესის დასრულებისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი საქართველოში აშშ-ის ელჩ, კელი დეგნანთან ერთად დაესწრო.

ვიცე პრემიერის განცხადებით ეს დღე ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ტრანსპორტის სფეროში და, ზოგადად, ქართული ავიაციის განვითარების მიმართულებით. მისივე თქმით, ავიაკომპანია „კამექს ეარლაინსის“ პროექტი ქართულ-ამერიკული თანამშრომლობის წარმატებული მაგალითია და ის ხელს შეუწყობს ქვეყნის ლოგისტიკური ჰაბის  პოტენციალის უკეთესად გამოყენებას.

„ვფიქრობ, რომ ძალიან წარმატებული ინიციატივის, წარმატებული  პროექტის დასაწყისის მომსწრენი ვართ და მსურს მადლობა გადავუხადო აშშ-ს მჭიდრო თანამშრომლობისთვის – თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის ქართულ-ამერიკული პროდუქტი, როდესაც დაფინანსების კუთხით გვყავს ამერიკის საფინანსო კორპორაცია, როგორც პარტნიორი,  ასევე წარმოდგენილია კორპორაცია Gazelle Finance, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესის წარმატებით დაფინანსებას ახორციელებს“, –  აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

ლევან დავითაშვილის შეფასებით, თბილისი, როგორც ერთ-ერთი ლოგისტიკური ცენტრი, ნამდვილად ყალიბდება – უკვე ექვსი ასეთი ავიაკომპანიაა დაფუძნებული, რომლებიც სწრაფად იზრდებიან და ყველა მათგანი არის ძალიან წარმატებული  სატვირთო, სატრანსპორტო, საავიაციო გადაზიდვების სფეროში. ამას ემატება ქუთაისის მიმართულებით მზარდი ინტერესი სატვირთო გადაზიდვებში ჩართული ავიაკომპანიების მხრიდან და ორი ცენტრი ნამდვილად ხელს შეუწყობს რეგიონის, როგორც სატრანზიტო ჰაბის ფუნქციის გაძლიერებას.

„კამექს ეარლაინსი“ ქართული კომპანიაა. ავიაბაზარზე ახალი გადამზიდავი კომპანიის გამოჩენა ამერიკულ საფინანსო კოორპორაცია Gazelle Finance-თან წარმატებული თანამშრომლობის შედეგია. „კამექს ეარლაინსის“ კუთვნილი Boeing 737-800 BCF თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა ივლისის დასაწყისში მიიღო და მან პირველადი ტექნიკური დათვალიერებაც უკვე წარმატებით გაიარა.

აღსანიშნავია, რომ „კამექს ეარლაინსი“ ბაზარზე უახლოეს მომავალში 4 ბორტით იქნება წარმოდგენილი და პირველი კომერციული ფრენის შესრულებას  აგვისტოს მეორე ნახევარში გეგმავს.  კომპანიის ინფორმაციით, საინვესტიციო პროექტის შედეგად, ამ ეტაპზე, საქართველოს ეკონომიკას უკვე შეემატა 100  მლნ ლარის მოცულობის აქტივი, ხოლო ახალი სამუშაო ადგილების რაოდენობა 150-ს მიაღწევს.