მონტენეგრომ რუსეთის მოქალაქეების უძრავი ქონების გაყინვა დაიწყო

0
122

მონტენეგრომ რუსეთის მოქალაქეების საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გაყინვა დაიწყო.

ამის შესახებ რუსულ TASS-ზე დაყრდნობით APA იუწყება, რომ შესაბამისი დოკუმენტი რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის ვებგვერდზე ოთხშაბათს გამოქვეყნდა.

10 ივნისს, მონტენეგროს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ფილიპ აჯიჩმა განაცხადა, რომ ქვეყანაში რუსეთის მოქალაქეების საკუთრებაში არსებული 44 უძრავი ქონება გაიყინება. ეს განხორციელდება უკრაინაში სპეცოპერაციასთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების რეჟიმის დაცვის ფარგლებში.

ექსპერტების აზრით, რუსეთის მოქალაქეებმა და კომპანიებმა 129 მილიონ ევროზე მეტი ინვესტიცია განახორციელეს მონტენეგროს ეკონომიკაში გასულ წელს, მათ შორის 49,46 მილიონი ევროს ინვესტიცია უძრავ ქონებაში, რომელიც რუსებმა შეიძინეს რესპუბლიკაში.

რუსეთის ელჩმა პოდგორიცაში ვლადისლავ მასლენნიკოვმა გაიხსენა, რომ რუსეთი მონტენეგროს ეკონომიკაში ყველაზე დიდი ინვესტორია ბოლო 15 წლის განმავლობაში.

15 წლის განმავლობაში, რუსმა ინვესტორებმა ამ ქვეყანაში მინიმუმ 1,5 მილიარდი ევროს ინვესტიცია განახორციელეს, ანუ წელიწადში საშუალოდ 100 მილიონი ევრო. დიპლომატის თქმით, რუსული ინვესტიციები ბალკანეთის სახელმწიფოს ეკონომიკაში აღემატება ევროკავშირის დაგეგმილ ინვესტიციებს, ვინაიდან დასავლეთ ბალკანეთის ევროპული საინვესტიციო გეგმა 2021 წლიდან 2027 წლამდე ითვალისწინებს არაუმეტეს 600 მილიონ ევროს მონტენეგროსთვის.

1 მარტს მონტენეგროს ხელისუფლება შეუერთდა ევროკავშირის ყველა სანქციას რუსეთის წინააღმდეგ. ქვეყნის პრეზიდენტმა, მილო ჯუკანოვიჩმა ნატოს სამიტის შემდეგ უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადა.

ეკა უკლება