
აშშ-ის ეკონომიკა ზედიზედ ორი კვარტალია იკლებს, რაც შეიძლება განისაზღვროს, როგორც “ტექნიკური რეცესია”. თუმცა, თეთრი სახლის ადმინისტრაცია და აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ამას უარყოფენ.
ამის შესახებ “ამერიკის ხმა” წერს.
2022 წლის მეორე კვარტალში შეერთებული შტატების მშპ 0,9%-ით დაეცა, რაც ზედიზედ მეორე კვარტალური კლება იყო. 2022 წლის პირველ სამ თვეში ეს მაჩვენებელი 1,6%-ით დაეცა.
ეკონომისტები ამას „ტექნიკურ რეცესიას“ უწოდებენ. მაგრამ ვაშინგტონი აგრძელებს იმის მტკიცებას, რომ რეცესია ქვეყანას არ ემუქრება და რაც ხდება ნორმალური ეკონომიკური ვარდნაა.
ჯო ბაიდენმა თქვა: „ჩემი აზრით, ჩვენ არ გვექნება რეცესია“, რადგან, მისი თქმით, უმუშევრობის დონე რჩება დაბალი 3.6%.
პრეზიდენტს მხარი დაუჭირა აშშ-ის ხაზინის მდივანმა, ჯანეტ იელენმა და განაცხადა, რომ აშშ-ს ეკონომიკა ნელდება, მაგრამ ეს არ არის რეცესია, არამედ აუცილებელი ფენომენი სწრაფი ზრდის შემდეგ.
მათ არ ეთანხმებიან ეკონომისტები, რესპუბლიკური პარტიის წევრები და ზოგიერთი ქალაქის ხელმძღვანელებიც კი. მაგალითად, ნიუ-იორკის მერმა, ერიკ ადამსმა აღიარა, რომ შეერთებული შტატები რეცესიაში შევიდა.
„ჩვენ ვართ ფინანსურ კრიზისში, როგორსაც ვერც კი წარმოიდგენთ. უოლ სტრიტი ინგრევა, ჩვენ რეცესიაში ვართ“, – თქვა ადამსმა.
აშშ-ს ეკონომიკა ნელდება ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი ინფლაციისა და რეკორდული სახელმწიფო ვალის ფონზე.
გიორგი არაბული