2021 წელს მოქმედი ბაზრებისა და ბაზრობების 95.4% კერძო საკუთრებაშია, ხოლო 4.6% სახელმწიფო საკუთრებაში

0
127

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წელს საქართველოში ბაზრებისა და ბაზრობების ორგანიზებით დაკავებული 194 ეკონომიკური სუბიექტი ფუნქციონირებდა, რომელთა 30.9 პროცენტი ქ. თბილისშია განთავსებული, ხოლო 19.1 პროცენტი – იმერეთის, 12.9 პროცენტი – სამეგრელო-ზემო სვანეთის, 11.9 პროცენტი – კახეთის, 7.2 პროცენტი – ქვემო ქართლის, 5.7 პროცენტი – აჭარის, 4.6 პროცენტი – შიდა ქართლის, 2.6 პროცენტი – სამცხე-ჯავახეთის, 2.6 პროცენტი – მცხეთა-მთიანეთის, 1.5 პროცენტი – გურიის და 1.0 პროცენტი – რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთის რეგიონებში.

„საქსტატის“ ცნობით, ბაზრებისა და ბაზრობების ორგანიზებით დაკავებული ეკონომიკური სუბიექტებისათვის ყველაზე გავრცელებული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმაა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, რომლის წილად 2021 წელს მოქმედი ბაზრებისა და ბაზრობების საერთო რაოდენობის 76.8 პროცენტი მოდის, ხოლო ინდივიდუალური მეწარმეების წილად – 20.6 პროცენტი. ბაზრებისა და ბაზრობების დანარჩენ ნაწილს კოოპერატივის (1.0 პროცენტი) და სააქციო საზოგადოების (1.6 პროცენტი) ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა გააჩნია.

„2021 წელს მოქმედი ბაზრებისა და ბაზრობების 95.4 პროცენტი კერძო საკუთრებაშია, ხოლო 4.6 პროცენტი – სახელმწიფო საკუთრებაში. 2021 წელს საქართველოში მოქმედი ბაზრები და ბაზრობები განთავსებულია 2.0 მლნ. კვადრატულ მეტრ ფართობზე. აღნიშნულ ტერიტორიაზე განლაგებული დახლების სიგრძე 50.8 ათას მეტრს შეადგენს, რომელთა 62.5 პროცენტი შენობაშია განთავსებული. ბაზრებსა და ბაზრობებს 70 ვეტსანექსპერტიზის ლაბორატორია, 1291 შემნახველი საკანი (საწყობი) 26.1 ათასი კვ. მეტრი ფართობით და 0.7 ათასი ტონა ტევადობის 361 მაცივარი გააჩნია.

2021 წელს მოქმედი ბაზრობების 35.1 პროცენტი გადახურულია (ვაჭრობა შენობაში მიმდინარეობს), 34.0 პროცენტი ღია ტიპისაა (ვაჭრობა მიმდინარეობს შენობის გარეთ), ხოლო 30.9 პროცენტი ნახევრად გადახურულია (ვაჭრობა შენობაშიც და შენობის გარეთაც მიმდინარეობს).

2021 წელს საქართველოში მოქმედი ბაზრებისა და ბაზრობების ტერიტორიაზე მოვაჭრე პირების მიერ ხორციელდება, როგორც სასურსათო, ისე არასასურსათო საქონლით ვაჭრობა.

ბაზრებისა და ბაზრობების 31.4 პროცენტში ვაჭრობა მხოლოდ არასასურსათო საქონლით მიმდინარეობს, ერთ-ერთ ბაზრობაზე – მხოლოდ სასურსათო საქონლით, სამი ბაზრობის ტერიტორიაზე – ავტომობილებითაც, ხოლო ოთხ ბაზარში მხოლოდ ფრინველი და პირუტყვი იყიდება.

საქართველოს ბაზრებისა და ბაზრობების ტერიტორიაზე ეკონომიკური სუბიექტების მიერ ვაჭრობა ორგანიზებულია კვირის სხვადასხვა დღეს: ყოველდღიური ვაჭრობა 152 ბაზარში მიმდინარეობს, საკვირაო ვაჭრობა – 21 ბაზარში, კვირა დღის გარდა 3 ბაზარი ვაჭრობს, ხოლო დანარჩენი ბაზრებისა და ბაზრობის ტერიტორიაზე კვირის სხვადასხვა დღეებში ერთდღიანი, ორდღიანი ან სამდღიანი ვაჭრობა მიმდინარეობს“ – ნათქვამია გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.