„ლარის კურსის გამყარება ხელს შეუწყობს იმას, რომ უახლოეს პერიოდში საწვავის ფასების შემცირება აუცილებლად დაიწყება“

0
162

„ლარის კურსის გამყარება ხელს შეუწყობს იმას, რომ უახლოეს პერიოდში საწვავის ფასების შემცირება აუცილებლად დაიწყება“,- ამის შესახებ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელმა რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.

ამასთან, ვანო მთვრალაშვილმა იმ მიზეზებზე ისაუბრა, რამაც ადგილობრივ ბაზარზე დიზელის ტიპის საწვავის სიძვირე გამოიწვია.

„დიზელის საწვავზე არის აბსოლუტურად რთული ვითარება. ასეთი ფასები არასდროს ყოფილა და თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ახლა აქტიურ ფაზაშია სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები, ალბათ, რთულად წარმოსადგენი არ არის, რა ვითარებაში არიან ფერმერები. თუმცა, ამას აქვს რამდენიმე ობიექტური ფაქტორი, რაც განაპირობებს დღეს ძალიან მაღალ ფასს.

ერთ-ერთი ეს არის საერთაშორისო ფასი. მინდა გითხრათ, რომ ბოლო 2 კვირის განმავლობაში ფასები მნიშვნელოვნად არის შემცირებული. წინასწარ ვიტყვი იმასაც, რომ ლარის კურსის გამყარება ხელს შეუწყობს იმას, რომ უახლოეს პერიოდში საწვავის ფასების შემცირება აუცილებლად დაიწყება.

თუმცა, რომ წარმოვიდგინოთ, ივნისში დიზელის საშულო ფასი იყო 1 324 დოლარი, ბენზინის – 1 360 დოლარი. ახლა, მიმდინარე ეტაპზე არის 1 141 დოლარი. ანუ ფასები შემცირებულია, განსაკუთრებით ბოლო 2 კვირაში. ამასთან, ლარის გამყარება, რა თქმა უნდა, აუცილებლად გამოიწვევს ჩვენთან ბაზარზე ფასების შემცირებას.

თუმცა, დიზელის საწვავთან დაკავშირებით, არის კიდევ სხვა პრობლემები. ისეთი, როგორიც ქვეყანაში არასდროს ყოფილა. მაგალითად, ბოლო თვენახევარი-ორი თვის განმავლობაში დიზელის საწვავზე არის მნიშვნელოვანი დეფიციტი.

იქიდან გამომდინარე, რომ აზერბაიჯანს, რომელიც ჩვენი ძირითადი მომწოდებელი იყო წლების განმავლობაში (საქართველოში რეალიზებული პროდუქციის 40-45% სწორედ აზერბაიჯანიდან შემოდიოდა), 2 თვეზე მეტია ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები გაჩერებული აქვს, გადაიარაღების პროცესი მიმდინარეობს.

ისინი გეგმავენ, რომ გამოუშვან ევრო 5-ის სტანდარტის დიზელი, შესაბამისად, აზერბაიჯანიდან პროდუქტი საერთოდ არ შემოდის. მეორე მხრივ, არის რუმინეთი, ბულგარეთი, საიდანაც ჩვენთან პროდუქტი შემოდიოდა, თუმცა, პირველი ის, რომ აქედან შემოტანილი პროდუქტი ისედაც მაღალფასიანია, ამას ემატებოდა გლობალურ ბაზრებზე ფასების მნიშვნელოვანი მატება, რაც ბევრი კომპანიისთვის თავის ტკივილი იყო.

იმიტომ, რომ დღეს როდესაც ძალიან მაღალი ფასებია საერთაშორისო ბაზარზე, რთულია დიდი შესყიდვები განახორციელო. გარდა ამისა, მინდა გითხრათ, რომ თურქმენეთიდანაც შეფერხებებით მოდიოდა დიზელის ტიპის საწვავი.

ზოგადად, ამ პროდუქტზე ომამდეც დიდი მოთხოვნა იყო, მათ შორის, ევროკავშირის ქვეყნებშიც მარაგები ძალიან დაბალ დონეზე იყო და ომმა ეს პროცესი კიდევ უფრო დააჩქარა. შესაბამისად, ერთის მხრივ, გაზრდილი საერთაშორო ფასი, მეორე, მიწოდებასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები, ფაქტობრივად, რიგ შემთხვევებში პროდუქტზე იყო სერიოზული დეფიციტი, განაპირობებდა ძალიან მაღალ ფასს.

თუმცა, დღეს როდესაც მიმდინარე ეტაპზე გლობალურ ბაზრებზე ფასები ქვემოთ წამოვიდა, ჩნდება იმის რესურსი, რომ დიზელი კომპანიებმა დაბალი ფასით შემოიტანონ. ამას ემატება გამყარებული ლარის კურსი, რაც ალბათ, გამოიწვევს იმას, რომ ფასები შემცირება, კონკრეტულად ამ პროდუქტზე უახლოეს პერიოდში აუცილებლად დაიწყება“,- განაცხადა ვანო მთვრალაშვილმა.

BPN.GE