1-ელი აგვისტოდან გადასახადის გადამხდელებს შემოსავლების სამსახურის ვაკე-საბურთალოს სერვისცენტრი აღარ მოემსახურება

0
95

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური საზოგადოებას აფრთხილებს, რომ 1-ელი აგვისტოდან გადასახადის გადამხდელებს ვაკე-საბურთალოს მოქალაქეთა მომსახურების სერვისცენტრი აღარ მოემსახურება.

უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული ცვლილება დისტანციური სერვისების გამოყენების ხელშეწყობის მიზნით განხორციელდა და შემოსავლების სამსახურის ელექტრონული სერვისების განვითარების 2019-2020 წლების, ასევე 2021-2024 წლის სტრატეგიისა და 2023 წლის სამოქმედო გეგმის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს.

„აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის №96 დადგენილებაში, განხორციელებული ცვლილების https://matsne.gov.ge/ka/document/view/5247724?publication=0 თანახმად, ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან რეგისტრაციის შემთხვევაში პირი გათავისუფლებულია გარკვეული საფასურის გადასახადისგან, ხოლო რიგ მომსახურებაზე მომხმარებელი განახევრებულ საფასურს იხდის. სწორედ ელექტრონული მომსახურების ფართო მისაწვდომობის შედეგია, რომ ელექტრონული სერვისების მოხმარების მაჩვენებელი 86% არის გაზრდილი. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, ციფრული მომსახურების ინოვაციური ინიციატივების განხორციელებას მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს.

აქვე გაცნობებთ, რომ შემოსავლების სამსახურთან კომუნიკაციის მიზნით, დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ, საინფორმაციო სატელეფონო ცენტრს – 2 299 299 (ორშაბათიდან- პარასკევის ჩათვლით 09:00 საათიდან -18:00 საათამდე), ასევე ისარგებლოთ – RS ჩათის მეშვეობით, ან დისტანციურ რეჟიმში, ისარგებლოთ შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე www.rs.ge უკვე არსებული 452 ელექტრონული სერვისით.

ამასთან, გადასახადის გადამხდელებს მომსახურების მისაღებად შეუძლიათ ესტუმრონ თბილისში არსებულ გლდანი-ნაძალადევისა (სარაჯიშვილის ქუჩა №1) და ისანი-სამგორის (გულუას ქუჩა № 4) სერვისცენტრებს“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.