რუსეთს თურქეთთან Bayraktar-ების წარმოებაში თანამშრომლობა სურს

0
449

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გამოთქვა მზადყოფნა რუსეთსა და თურქეთს შორის თანამშრომლობისთვის თურქული კომპანია Baykar Makina-ს მიერ წარმოებული Bayraktar TB2 უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებაზე.

ამის შესახებ ადგილობრივი ტელეარხი Haber 7 თურქეთის ლიდერის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.

გავრცელებული ინფორმაციით, მმართველი სამართლიანობისა და განვითარების პარტიის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე ერდოღანმა “ბაიკარ მაკინას” ახალ კლიენტებზე – რუსეთსა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებზე ისაუბრა.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უთხრა თურქეთის ლიდერს, რომ რუსეთს სურს ითანამშრომლოს უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებაში.

პრეზიდენტმა ერდოღანმა ასევე განაცხადა, რომ არაბეთის გაერთიანებულ საემიროებმა შესთავაზეს თურქეთს მის ტერიტორიაზე “ბაიკარის” ქარხნის დაარსება.

არხი აღნიშნავს, რომ თურქული სამხედრო აღჭურვილობით დაინტერესებული არიან საუდის არაბეთის წარმომადგენლებიც. მათ სურთ შეიძინონ Akıncı TİHA დრონები.

Bayraktar TB2 დრონები გამოიყენეს ერაყში, სირიაში, ლიბიაში, 44-დღიან ომში 2020 წლის შემოდგომაზე. 2021 წლის შემოდგომიდან უკრაინა თურქული დრონების მთავარი მყიდველია.

გიორგი არაბული