ცოტა აკურატულები იყავით თქვენს გამონათქვამებში, რადგან მარტო ივანიშვილი არ იქნება სანქციების სამიზნე – არახამია „ოცნებას“

0
442

თამამები არიან პოლიტიკური ლიდერები, მედიას აკონტროლებენ, ციხეში ჩასვეს ყველა, ვინც მათ წინააღმდეგ ლაპარაკობდა, მაგრამ ეს მალე გამოსწორდება, – აცხადებს „ქართულ ოცნებაზე“  საუბრისას უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე დავით არახამია.

დეპუტატთან ინტერვიუ „მთავარმა არხმა“ ჩაწერა, სადაც პოლიტიკოსი აცხადებს, რომ სანქციების სამიზნე მხოლოდ ივანიშვილი არ იქნება.

„დამნაშავეებს რად უნდათ მტკიცებულებები?! ჩვენ მათ გადავცემთ კომპეტენტურ ორგანოებს, სადაც სანქციებით არიან დაკავებული. ამას ყველა შემთხვევაში ნახავენ თქვენი ხელისუფლების წარმომადგენლები. აი, ბიჭებო, პირდაპირ გეუბნებით, ცოტა აკურატულები იყავით თქვენს გამონათქვამებში, რადგან მარტო ივანიშვილი არ იქნება სანქციების სამიზნე.

ეს შეეხება როგორც მის ბიზნესგარემოცვას, ისე პოლიტიკოსებსაც. ახლა თამამები არიან პოლიტიკური ლიდერები, მედიას აკონტროლებენ, ციხეში ჩასვეს ყველა, ვინც მათ წინააღმდეგ ლაპარაკობდა, მაგრამ ეს მალე გამოსწორდება. შეხედეთ, ჩვენ აქ შემთხვევით კი არ ვართ. ჩვენც ზუსტად ასეთი ბიძია გვყავდა. ისიც ასე ლაპარაკობდა: ყველას დავაპატიმრებ, მე ყველაზე მდიდარი ვარ და ასე შემდეგ, მაგრამ ნახეთ, რა მოუვიდა. ასე რომ, დროა, თქვენც უძრავი ქონება როსტოვში მოძებნოთ“, აცხადებს დავით არახამია.

იმავდროულად, ხალხის მსახურის თავმჯდომარე Post Factum-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს, რომ ის მზად არის დაეხმაროს საქართველოსა და ქართველ ლიდერებს ევროპის ლიდერებთან დაააკავშიროს. მისი თქმით, ის მზადაა მედიაციის პროცესში გარკვეული პირობით პირადად ჩაერთოს.

ინსტიტუციურად საქართველო ევროკავშირის კანდიდატობისთვის მზადაა, მაგრამ ღრმად თუ ჩავიხედავთ, იქ ბევრი ფსევდოპროცესია. სამწუხაროდ, ვერ ვგრძნობ, რომ საქართველოში ასეთი პოლიტიკური ნება არსებობს. ადამიანი აბსოლუტური ძალაუფლებით ევროინტეგრაციასთან ერთად, თავის ბერკეტებს დაკარგავს. მერე კი იქნება უფრო დაცული, მაგრამ ეს ჯერ საკუთარ თავში უნდა გადახარშოს. თქვენი ხელისუფლება ამ ტრანსფორმაციისთვის მზად არ არის, მაგრამ რადგან მოსახლეობის უმრავლესობას ევროპა უნდა, ისინიც ვალდებული არიან ამ იდეის გამო იცეკვონ და თავი მოაჩვენონ, თითქოს ამაზე მუშაობენ.

ჩვენ დაგეხმარებით. მზად ვარ, პირადად ჩამოვიდე, თქვენი პოლიტიკოსები ევროპის ლიდერებთან დავაკავშირო, ოღონდ ერთი პირობით – ჩემთვის სულერთია რა ერქმევა პარტიას, სულერთია პოლიტიკოსის გვარი, მთავარია პრორუსი არ იყოს,- ამბობს დავით არახამია.