შპს „სან პეტროლიუმ ჯორჯია“ განცხადებას ავრცელებს

0
205

”სან პეტროლიუმ ჯორჯია“ ეხმაურება, ბოლო დროს, მედიაში, გარკვეული პოლიტიკური თუ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ, კომპანიის ბიზნეს საქმიანობის შესახებ გავრცელებულ უსაფუძვლო და გადაუმოწმებელ განცხადებებს.

კომპანიის დაარსების პირველივე დღიდან, ბრენდის მაღალი რეპუტაციული სტანდარტისა და პასუხისმგებლობის გათვალისწინებით,  ყველა მოქმედება თუ ბიზნესოპერაცია სრულ თანხვედრაშია სფეროს ადგილობრივ და საერთაშორისო რეგულაციებთან.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ სხვადასხვა სანქციების ამოქმედებიდან, დღემდე,  ჩვენი საქმიანობის ყოველი ეტაპი არის გამჭვირვალე და სრულ შესაბამისობაშია ევროპულ, ბრიტანულ და აშშ სანქციურ პაკეტებთან. აღნიშნული, რეგულარულად, დასტურდება უმსხვილესი საერთაშორისო – ევროპული და აშშ იურიდიული კომპანიების მომზადებული დასკვნებით.

განვმარტავთ, რომ  ყოველ ზემოხსენებულ პაკეტში, მკაფიოდ არის გაწერილი მიმწოდებელ კომპანიებთან სავაჭრო და ეკონომიკური დასაშვები ურთიერთობები. აღნიშნული ფორმულირებები წარმოადგენს სახელმძღვანელოს არამხოლოდ ჩვენი კომპანიისათვის, არამედ ევროკავშირის წევრი იმ ქვეყნებისთვისაც, რომლებიც აქტიურად და რათქმაუნდა, ლეგალურად, დღესაც თანამშრომლობენ ნავთობპროდუქტების იმპორტის კუთხით რუსულ კომპანიებთან – მათ შორის „როსნეფტთან“.

ხაზგასასმელია, რომ დღეის მდგომარეობითაც, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ნავთობპროდუქტების იმპორტი ხორციელდება „როსნეფტის“ იგივე ქარხნებიდან – საიდანაც ანალოგიური  პროცესი ხორციელდება საქართველოში.

საზოგადოება, სხვადასხვა საჯარო წყაროებით, კარგად არის ინფორმირებული, რომ სანქციების პირობების სრული დაცვით, ევროკავშირის წევრი ქვეყნები აგრძელებენ  ბიზნეს ოპერაციებს რუსეთიდან სხვადასხვა ენერგორესურსების იმპორტის კუთხით. გარიგებების თანხა კი – ათობით მილიარდ ევროს შეადგენს.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, დაბეჯითებით მოვუწოდებთ დაინტერესებულ მხარეებს – ნუ გაავრცელებენ ცილისმწამებლურ, არაზუსტ, არაკომპეტენტურ და გადაუმოწმებელ ინფორმაციებს. ისევე როგორც ევროპული ოჯახის სხვა ქვეყნები და კომპანიები, “სან პეტროლიუმ ჯორჯია” მუდმივად ეძებს ნავთობპროდუქტების ალტერნატიულ მომწოდებლებს ერთადერთი მიზნის მისაღწევად –  შესთავაზოს მომხმარებლებსა და ქართულ სანავთობო ბაზარს მაქსიმალურად მისაღები ფასი და ხარისხი.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ”სან პეტროლიუმ ჯორჯია“ არის ქვეყნის ერთერთი უდიდესი კომპანია, რომელიც ასაქმებს საქართველოს 1500-ზე მეტ მოქალაქეს,  ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტში ყოველწლიურად შეაქვს 200 მილიონ ლარზე მეტი.