რამდენიმე მოსაზრება ქვეყნის კონკურენტუნარიანობისა და ადაპტირების უნარის შესახებ

0
170

აპრიორი…

ერის განვითარებაზე გავლენას არა მხოლოდ გარე ისტორიულ-პოლიტიკური ფაქტორები, არამედ საკუთრივ ამა თუ იმ ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ორგანიზაციის ხარისხობრივი მაჩვენებლებიც ახდენენ. მეტწილად სწორედ ისინი განაპირობებენ ესოდენ რთული ორგანიზაციული ერთობის კონკურენტუნარიანობას და შიდა თუ გარე შოკებისადმი რეზისტენტულობას.

ცხადია, რომ ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ორგანიზაციის – სახელმწიფოს სიძლიერეზე საუბრისას არავინ დავობს მატერიალური და სამხედრო რესურსის მნიშვნელობაზე. თუმცა მატერიალური კომპონენტი არ არის ეროვნული სიძლიერის ერთადერთი განმაპირობებელი ფაქტორი. მეტიც, ის მხოლოდ შედეგობრივად ასახავს ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ორგანიზაციის გაცილებით უფრო საბაზისო და მეტად კომპლექსურ – მისი საზოგადოებრივ-სოციალური მახასიათებლების ხარისხსა და ურთიერთკავშირს. სწორედ ამგვარი მახასიათებლების თვისობრიობა ქმნის სახელმწიფოს კონკურენტული პარამეტრების ძირითად წყაროს, თანამედროვე და რისკიან გარემოში სათანადო როლის შენარჩუნების შესაძლებლობას.

ამჯერად სწორედ ამ ცალკეული მახასიათებლების აღნიშვნა და მოკლედ მიმოხილვა გვინდა, ისე როგორც ჩვენი ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკურ ხაზთან მათი გადაკვეთის პრაქტიკული ასპექტების სამსჯელოდ გამოტანა.

ეროვნული ამბიცია

ეროვნული ამბიცია აუცილებელი პირობაა ეროვნული სახელმწიფოს სიცოცხლისუნარიანობისათვის, რთულ და სწრაფად ცვალებად გარე თუ საშინაო ზემოქმედების პირობებში გზის გაკვალვისათვის. აღსანიშნავია, რომ დრო და ჟამი არათუ აკნინებს, არამედ კიდევ უფრო ამძაფრებს ეროვნულ-სახელმწიფოებრივი იდენტობისათვის ამბიციური მუხტის მუდმივი შენარჩუნებისა და განმტკიცების აუცილებლობას.

ეროვნული ამბიციის როლზე საუბრისას, დღესაც, ჩვენს დროში – და განსაკუთრებით კი, მცირე სახელმწიფოს გადმოსახედიდან – აქტუალურია პელოპონესის ომების ხანაში ჩამოყალიბებული ათენური ფორმულა: იყო „სწრაფი“, „გაბედული“ და „არ გეშინოდეს სიახლის“ არის [ეროვნული] „სიმდიდრისა და ძალის უწყვეტი ზრდის წინაპირობა“. ამ ფორმულამ, მიუხედავად იმისა, რომ ათენს გამარჯვება ვერ მოუტანა, მაინც გაუძლო საუკუნეების გამოცდას და მისი რეალიზება ჩვენი დროის საფრთხეებისა და გამოწვევების პირობებში აშკარად გამოიკვეთა.

ზემოთ უკვე ითქვა, რომ საქართველოს თანამშრომლობა პარტნიორებთან ძირეული მნიშვნელობისაა, მაგრამ ნებისმიერი ასეთი თანამშრომლობა – უსაფრთხოების თუ სხვა სფეროებში – უნდა დაეფუძნოს ქართულ ამბიციას, – იყოს წარმატებული, თვითკმარი და თავმოყვარე.

ბუნებრივია, რომ ქართული წარმატებისა და თავმოყვარეობის ეროვნული ამბიცია რამდენიმე ფუნდამენტურ და მეტად პრაქტიკულ მიმართულებას ეყრდნობა. ჩვენი გადმოსახედიდან, ესენია ქვეყნის ენერგეტიკული და სასურსათო თვითკმარობა, რეგიონში მისი ტექნოლოგიური და თანამედროვე ფინანსური სერვისების ჰაბად გადაქცევის უნარი – ანუ ნაკრები იმ კონკრეტული მატერიალური პარამეტრებისა, რომლებიც აუმჯობესებს ქვეყნის მოქალაქეთა კეთილდღეობას და ასევე სასარგებლოს ხდის მას გარეშე აქტორებისათვის.

აქვე კვლავ დავუბრუნდებით საქართველოს რეგიონალური ფუნქციის გამოკვეთის საჭიროებას უკვე არსებული ინფრასტრუქტურული და სატრანსპორტო-ლოგისტიკური კავშირების გაფართოების და ახალი სისტემების დაშენების მიზნით. ერთხელ დავწერეთ და აქაც გავიმეორებთ, რომ შევარდნაძის დოქტრინად წოდებული ხაზი, რომელიც საქართველოს მოიაზრებდა როგორც ფუნქციონალური დატვირთვითა და საჭიროებით მუდამ გამორჩეულ ქვეყანას, მოითხოვს რევიზიას, შევსებას და არსებულ რეალობასთან ხელახლა მისადაგებას. ითქვა ისიც, რომ ქართული სახელმწიფოს ფუნქციონალური სარგებელი არ არის მხოლოდ ტვირთნაკადის ხელშემწყობი პროექტები თუ ახალი რეგიონალურ-სატრანსპორტო დაქსელვა. აღნიშნულ ფუნქციონალთან ერთად ეს არის მეტი ეროვნული უსაფრთხოებისაკენ მიმავალი გზაც – ის, რაც ასე მოქნილად შევძელით მე-20 საუკუნის მიწურულსა და 21-ე საუკუნის დასაწყისში. ამ „სწრაფ“, „გაბედულ“ და „არ გეშინოდეს სიახლის“ ექსპერიმენტს გამეორება და ახალი შინაარსით შევსება უნდა. ეს კი ეროვნული ამბიციის გარეშე წარმოუდგენელია.

სტრატეგია თუ „სტრატეგობანა“?

სტრატეგიაზე საუბარი და მის კონცეპტუალურ დოკუმენტებში ასახვის მცდელობა თანამედროვე სამყაროს ერთგვარ მოდად იქცა. ამასთანავე, იქმნება შთაბეჭდილება, თითქოსდა სწორი „სტრატეგიული მახვილების“ ქაღალდზე გადატანით საქმეც კეთდება და ის ამიერიდან თავისით (და აღწერილი სტრატეგიით) წარიმართება. საკითხი მით უფრო ოდიოზური ხდება, როდესაც საუბარი დიდ, გლობალურ სახელმწიფოებს შეეხება და ტერმინი „დიდი სტრატეგია“ ყველა სასარგებლო თუ უსარგებლო ნიუანსის მომცველი ხდება. მთავარი კი მაინც ისაა, რომ: (ა) არცთუ იშვიათად, „დიდი სტრატეგიის“ ავტორისათვის პრაქტიკულად შეუძლებელია „დაწერილს“ რეალური საქმით მიყვეს, ხოლო (ბ) ასევე არცთუ იშვიათად, ავტორი, რეალურად ხელშესახები მიზნის მისაღწევად, თავად ამბობს უარს „დიდი სტრატეგიის“ შემბოჭველ პოსტულატებზე. თუმცა ახლა ამას მოვეშვათ და საკუთარ თავზე ვისაუბროთ.

დავიწყოთ იმით, რომ ქვეყნის დიდი, საშუალო თუ მცირე ზომა არ განაპირობებს სტრატეგიის – თუნდაც დიდის – ქონას; მეტიც, საქართველოს მდიდარი ისტორიისა და სახელმწიფოებრივი გამოცდილების გადმოსახედიდან, ქართველ ერს სწორედ რომ აქვს დასაბუთებული პრეტენზია საკუთარ „დიდ სტრატეგიაზე“. თუმცა ამ შემთხვევაშიც გვსურს, საკითხის კონსტრუქცია რაციონალურად შევამსუბუქოთ და პრაქტიკულ საჭიროებას მოვარგოთ.

ასე მაგალითად, მიგვაჩნია, რომ თანამედროვე სამყაროში გაცილებით უფრო გასაგები და გამართლებულია, ისაუბრო სტრატეგიულ ამოცანებზე, ვიდრე ამ ამოცანებისაკენ მიმავალ ხისტად გაწერილ უპირობო ფორმალურ ხაზზე. ჩვენს შემთხვევაში მისი გაწერა: (ა) უსარგებლო სავარჯიშოა იმდენად, რამდენადაც მსოფლიო პროცესები სწრაფი და ხშირად არაპროგნოზირებადი დინამიკით ხასიათდება; (ბ) სტრატეგიული ხაზის გაწერა გადაწყვეტილების მიმღებს და აღმსრულებელს ზღუდავს სტრატეგიული ამოცანისაკენ ადეკვატური საშუალებების საჭირო დროს მოხელთების მხრივ. შედეგად, „დიდი სტრატეგია“ იშლება, ხოლო დღის წესრიგი შეუსრულებელი რჩება.

ქართულ მაგალითზე, ნაცვლად ერთობ სტატიკური „დიდი სტრატეგიისა“, გაცილებით შესატყვისი იქნება „აღმოცენებად სტრატეგიაზე“ საუბარი. ეს ისეთი კონსტრუქციაა, რომელიც ხსენებულ სწრაფად ცვალებად გარემოებებთან ასევე სწრაფი მისადაგება-ადაპტირების უნარს გინარჩუნებს და საამისოდ არც ტაქტიკური ხერხების არჩევაში გზღუდავს. ქართულ სტრატეგიულ ამოცანებს კი ორ დიდ ზოგად ჯგუფად დავყოფდი: მეტი უსაფრთხოება და მეტი კეთილდღეობა. ამასთანავე, ამ ორ ჯგუფად დაყოფილი სტრატეგიული ამოცანებისათვის ქართული „აღმოცენებადი სტრატეგიის“ შეუზღუდაობითა და ტაქტიკური რესურსის ფართო არჩევანით ვისარგებლებდი. ვფიქრობთ, ეს იქნება სწორიც, რაციონალურიც და რეზულტატურიც. შედეგად, სახელმწიფოც საბოლოოდ დაანებებდა თავს „სახელმწიფობანას“ თამაშს და „სტრატეგობანას“ უარყოფით იაფფასიანი, ფსევდოინტელექტუალური მედიახმაურისგანაც საზოგადოების ნერვულ სისტემასაც დავზოგავდით.

რისკების ასარიდებლად თავისუფალი მანევრირებისათვის აგრეთვე გვეფიქრება, რომ სწორედ „აღმოცენებადი“ სტრატეგიის ფარგლებში შეძლებს ქართული საგარეო პოლიტიკური ხაზი თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობისათვის დამახასიათებელ ე.წ. ქართულ ბალანსირებას. ეს ის პრაქტიკაა, რომელსაც არაპროგნოზირებადი პროცესების პირობებში არაერთი ქვეყანა ნერგავს, ჩვენ კი სახელმწიფო პოლიტიკისათვის საჭირო დისციპლინად უნდა ვაქციოთ.

„აღმოცენებადი სტრატეგიით“ გამყარებული ქართული სტრატეგიული ამოცანების შესრულებას ჩვენში საკითხების რეალისტური შეფასების თვისობრივად ახალ, ქართული „რეალიზმის“ მიმდინარეობაში გარდასახვა ესაჭიროება. ამის მიღწევა კი პოლიტიკური კულტურისა და დისკურსის ტრანსფორმაციის გარეშე შეუძლებელია.

ქართულ „რეალიზმთან“ ფეხის ასაწყობად…

თანამედროვე გეოპოლიტიკურ სკოლებსა თუ მიმდინარეობებს შორის მოვლენათა შეფასება, ძირითადად, ორ უკიდურესობას – იდეალისტურსა და რეალისტურს შორის მერყეობს. შესაბამისად, დღეს ორი მსხვილი – „იდეალიზმის“ და „რეალიზმის“ – ბანაკიც გვაქვს. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების საგარეო-პოლიტიკური გადაწყვეტილებები და ქმედებები სწორედ ერთ ან მეორე ფილტრს გადის და ისე აღწევს ჩვენამდე.

„რეალიზმის“ ავკარგიანობასა და „იდეალიზმთან“ მის შეპირისპირებაზე ხშირად იწერება. ამჯერად ჩვენი სტატიის ამოცანა არ არის ამ ორის შორის პარალელების გავლება, თუმცა ვიდრე ქართული „რეალიზმის“ საჭიროებაზე გადავალთ, მოკლედ ვახსენებთ იმ „ბრალდებებს“, რომლებიც „რეალისტების“ მისამართით ხშირად გაისმის.

ძირითადად, „რეალისტებს“იმას უწუნებენ, რომ: (1) ისინი თითქოსდა არ ცნობენ საერთაშორისო თანამშრომლობას, ისე როგორც საერთაშორისო ინსტიტუტების როლს; (2)„რეალიზმი“ გამოწვევებისადმი მილიტარისტულ მიდგომას ემხრობა და (3) არარად აგდებს მორალისა და ეთიკის პრინციპებს. ამერიკის შეერთებული შტატების „იდეალისტურ“ საექსპერტო წრეებში „რეალიზმის“ ნაკლად, აგრეთვე, მსოფლიო წესრიგისათვის აშშ-ს „განსაკუთრებულობის“ უარყოფას ასახელებენ, რაც აღნიშნულ ორ მიმდინარეობას შორის პაექრობას დამატებით სიმწვავეს სძენს.

„ნატურალური მორალის“ კონტექსტში „რეალიზმი“ მავანთათვის ალბათ არის კიდეც დასაბუთებული და სამართლიანი მხილების საგანი. თუმცა ობიექტურ მსჯელობას, ვფიქრობთ, სხვა დასკვნამდე მივყავართ და ვეცდებით „რეალიზმს“ ორიოდე სიტყვით გამოვესარჩლოთ.

საქმე ისაა, რომ, პრაქტიკულად, „რეალიზმი“ აშიშვლებს თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობათა ყველა ხარვეზს, ისე როგორც ძლიერი სახელმწიფოს, ჯგუფისა თუ ინდივიდების თანდაყოლილ ბუნებას ისარგებლონ, დაეპატრონონ, მოირგონ და მიისაკუთრონ – ეს ძლიერის თვისებაა და გასაგებიცაა; მით უმეტეს, მაშინ და იმ პირობებში, როდესაც ზეეროვნული საერთაშორისო სტრუქტურები უძლურნი არიან დაამყარონ წესრიგი, აღადგინონ სამართლიანობა, პრაქტიკულად აღუდგენ წინ გლობალურ გამოწვევებსა და სისტემურ კრიზისებს. ხოლო მსოფლიო ასპარეზზე დროდადრო ლამის ანარქიას მიახლოებული „წესრიგი“ – ზოგან ტრანზაქციული, ზოგან კი უაღრესად კონიუნქტურული – ნოყიერ ნიადაგს ქმნის სხვადასხვა გეოპოლიტიკურ ძალას შორის დაპირისპირების სპირალისებური ზრდისათვის.

შედეგად, „რეალიზმის“ თანმდევი ეფექტია, რომ იგი ამძაფრებს დაუცველობის განცდას, ააშკარავებს პოლიტიკური აზრის სიმწირეს და საჭირო რესურსის უკმარისობას. ეს კი, მოქმედ მსოფლიო ელიტებს შორის „რეალისტების“ არაპოპულარულობას და მიუღებლობას იწვევს და, როგორც ითქვა, საკუთრივ „რეალიზმს“ დაუფარავი და უწყვეტი თავდასხმის ობიექტად აქცევს.

როგორ უნდა განვეწყოთ ჩვენ, ქართველები, ასეთ პირობებში და როგორ უნდა ვიმოქმედოთ, მით უმეტეს, მაშინ, როცა არახელსაყრელი გარემოს ფორმირება ჩვენგან დამოუკიდებლად ხდება, მაგრამ ჩვენზე პირდაპირ ზემოქმედებს?

მყისიერი რეაქცია ალბათ საკუთარ „კუნთებზე“ თვალის შევლება და ეროვნული მილიტარისტული განწყობის გაღვივების სურვილი იქნება. ასეთი რეაქცია ბუნებრივია, თუმცა მან არ უნდა შეგვაცდინოს და კონკრეტული პოლიტიკური გადაწყვეტილებები ჰობესიანური სამყაროს რეფლექსებად არ უნდა აქციოს.

ცხადია, და საკამათო ვერ გახდება, რომ ქმედუნარიანი სახელმწიფოს ერთ-ერთ პრინციპულ საყრდენს მისი შეიარაღებული ძალები, ეროვნული არმია წარმოადგენს. ამასთანავე, თანამედროვე თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემა მხოლოდ შეიარაღებისა და სამხედრო პერსონალის საკითხებს არ უკავშირდება. მისი ქმედითობის მთავარი წყარო ეროვნული იდეის, იდენტობისა და რეზისტენტულობის პერსპექტივების სწორი განსაზღვრაა. ამდენად, ქართული არმიის საბრძოლო მოტივაციის უმთავრესი გასაღებიც ხელისუფლებასა და ხალხთან ორგანულ სიმბიოზშია. ამ ტრიადიდან თუნდაც ერთის ამოვარდნა სრულფასოვნად ვერ დაკომპენსირდება ვერც თანამედროვე საცეცხლე სისტემებით და ვერც ალიანსებში ქვეყნის წევრობით. ჩვენ, უპირველესად, ისევ საკუთარი თავისა და შესაძლებლობის იმედად უნდა ვიყოთ, ხოლო უმთავრესად საკუთარი შესაძლებლობის იმედად ყოფნა მხარდამჭერებისა და მოკავშირეების ჩვენდამი ინტერესს ერთიორად გაზრდის. შედეგად კი, მთხოვნელის მდგომარეობიდან რეალურად ქმედითი და გრძელვადიანი პარტნიორის რანგში გადავინაცვლებთ.

საკითხების საღი, არაიდეოლოგიზებული, „არააფილირებული“ სტანდარტით შეფასება „რეალიზმის“ ქართული სტანდარტის დამკვიდრებას დააჩქარებს, რომელშიც ქვეყნისა და მის გარშემო სამყაროს ურთიერთმიმართება სწორი ბალანსისა და ურთიერთშემხვედრი ვალდებულებების გასაგებ განტოლებას დაეფუძნება. ვფიქრობთ, რომ ასეთი სტანდარტის ის ორი საკვანძო ამოცანა, რომლებიც უკვე ვახსენეთ – მეტი უსაფრთხოება და მეტი ეკონომიკური კეთილდღეობა – ამ განტოლების სწორი შეფასებისა და კორექტირების შესაძლებლობას მოგვცემს. დეიდეოლოგიზებული და დეიდეალიზებული ახალი მსოფლიო წესრიგის პირობებში ჩვენთვის ამაზე სწორი და პრაქტიკული სარგებლის მქონე მიდგომა რთული წარმოსადგენია.

ქართული „სტრატეგიული სიღრმის“ თავისებურება

როგორც უკვე ითქვა, ქართული ეროვნულ-სახელმწიფოებრივი იდენტობის სიმტკიცე მხოლოდ სამხედრო მდგენელზე არ არის დამოკიდებული. ჩვენ იგი გაცილებით უფრო კომპლექსურ მოვლენად წარმოგვიდგენია, რომელსაც ქართულ „სტრატეგიულ სიღრმეს“ ვუწოდებდით.

ზოგადად, „სტრატეგიული სიღრმის“ გაგება სამხედრო-გეოპოლიტიკური დატვირთვის მქონეა. ასეთი სიღრმის აღმოცენებისათვის ესა თუ ის ქვეყანა მოწინააღმდეგის ან საფრთხის გასანეიტრალებლად მოსაზღვრე ან სულაც საზღვართან დაშორებულ ტერიტორიაზე საკუთარი გავლენის (ზოგან კი ჰეგემონიის) განმტკიცებაზეა მიმართული. სწორედ ასეთი სიღრმის ფარგლებში უნდა მოხდეს მომხდური ძალის ან რისკის შეკავება, შებოჭვა და გაუვნებლება და მათი პირდაპირი მავნე ეფექტის საკუთარი ტერიტორიისა თუ მოსახლეობისაგან არიდება.

სამხედრო-გეოპოლიტიკური გაგებით „სტრატეგიული სიღრმის“ არაერთი სადემონსტრაციო მაგალითის დასახელება შეგვიძლია, იქნება ეს ისრაელისათვის – ღაზას სექტორი და კონტროლი დასავლეთ სანაპიროზე, სომხეთისათვის (ალბათ, ბევრისათვის საკამათოდ) – მთიანი ყარაბაღი ბოლო ომის წინანდელი სტატუსით, რუსეთისათვის – უკრაინაზე გავლენის ნებისმიერ ფასად შენარჩუნება თუ ამერიკის შეერთებული შტატებისათვის – ჩრდილოატლანტიკური ალიანსისათვის ქმედითი შემაკავებელი როლის შენარჩუნება, მინიმუმ, ევრაზიის ევროპულ ნაწილში. თუნდაც აქ მოყვანილი მაგალითების დიამეტრული განსხვავებულობა ერთ კონკრეტულ გამაერთიანებელ ნიშნულში იყრის თავს – შექმნა და შეინარჩუნო შენი გაგებით ეროვნული უსაფრთხოებისათვის კონკრეტული საფრთხეების შეკავება-შებოჭვის კონკრეტული ზღუდე და მათი განეიტრალება, ვიდრე საფრთხეები ეროვნულ საზღვრებს მოაღწევენ და გადმოლახავენ.

გასაგებია, რომ საქართველოს შემთხვევაში სამხედრო-გეოპოლიტიკურ პრიზმაში „სტრატეგიულ სიღრმეზე“ მსჯელობა აბსოლუტურად უსაფუძვლოა. ამას ახსნაც არ სჭირდება. თუმცა მიგვაჩნია, რომ ქართული რეალიზმის გადმოსახედიდან ქართული „სტრატეგიული სიღრმე“ საკუთარ ელფერს შეიძლება ატარებდეს. საფრთხეების მინიმიზაციისათვის კი შესაძლებელია ჩვენივე საკუთარი კონსტრუქციის „სიღრმის“ შექმნა, რომელშიც ქართული ეკონომიკური ფუნქცია და საჭიროება იქნება მოაზრებული და რომელიც ქართული კულტურით იქნება ნაკარნახები.

ქვეყნის თვითმყოფადი ეკონომიკური ფუნქციის აუცილებლობაზე აქამდე არაერთხელ გვისაუბრია და სხვადასხვა მაგალითი თუ სისტემური მიდგომა (წინა საუკუნის 90-იანების ბოლოს საქართველოს იმჟამინდელი ხელისუფლების მიერ გაბედულად განხორციელებული ტრანსსასაზღვრო ენერგოპროექტები) აღგვინიშნავს. ქვეყანამ სწორედ ამ პროექტების ხარჯზე მოიპოვა საკუთარი ხმა არა მარტო რეგიონის ეკონომიკურ სურათში, არამედ რეგიონის გარეთაც, რაც, თანაბარწილად, ქვეყნისადმი საერთაშორისო ყურადღების ზრდასა და მისი უსაფრთხოების გაძლიერებას ნიშნავდა. ისიც ფაქტია, რომ ეკონომიკურ ფუნქციას მუდმივი გადახედვა და განახლება სჭირდება. ეს განსაკუთრებით კრიტიკულია ასე სწრაფად ცვალებადი მსოფლიოს პირობებში, როდესაც მხოლოდ წარსულის ინიციატივებით მომავალში მტკიცედ ვერ შეაბიჯებ, რაოდენ შთამბეჭდავიც არ უნდა გვეჩბენებოდეს წარსულის პროექტები. ჩვენც ასე გვესახება, რომ ვინაიდან ეკონომიკური საკითხი მჭიდროდ უკავშირდება გეოპოლიტიკურ და უსაფრთხოების ველზე პოზიციონირებას, სტაბილური, ისე როგორც ტრანსსასაზღვრო კავშირებით დივერსიფიცირებული ეროვნული ეკონომიკა თავისებური ქართული „სტრატეგიული სიღრმის“ მნიშვნელობის მატარებელია. კერძოდ: რამდენადაც უფრო საჭირო და სასარგებლო ვიქნებით საქმიანი სამყაროსათვის, მით მეტი პირობა და საწინდარი იქნება სტაბილურობისა და მშვიდობის შენარჩუნების, ქვეყნის შიდა საქმეებში არაჯანსაღი ჩარევისაგან დაცულობისათვის. შესაბამისად, სწორედ ამგვარი ეკონომიკური ფუნქციის მუდმივი განვითარება-გადახალისება ქართული უსაფრთხოების ზღუდის – მისი „სტრატეგიული სიღრმის“ – განმტკიცება-სრულყოფის თანმდევი და თანმხვედრია.

ზოგიერთისათვის რაოდენ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, ქართული „სტრატეგიული სიღრმის“ დაცვითი ზღუდის მნიშვნელობას, ასევე, ქართულ კულტურას მივანიჭებდით. სწორედ რომ ეროვნული კულტურული საგანძურის მსოფლიომდე მიტანა და მრავალფეროვანი ქართული ხელოვნების შესახებ უცხოეთის კიდევ უფრო მეტად ინფორმირება (შესანიშნავი საილუსტრაციო მაგალითია ამასწინ ვატიკანში გამართული ქართული პოლიფონიის დღესასწაული) უნდა იქცეს დამატებით ფაქტორად ამ საგანძურისა და ხელოვნების დაცვისა და გაფრთხილებისათვის. საერთაშორისო თანამეგობრობას სრულად უნდა გავაცნობიერებინოთ, რომ ქართული კულტურა მხოლოდ ქართველთა სიმდიდრე არ არის და იგი მსოფლიო კულტურული პალიტრის ერთ-ერთი უნიკალური საყრდენი მდგენელია. შესაბამისად, ერი და ქვეყანა, რომელმაც წარმოშვა და დღესაც ასულდგმულებს ამ უნიკალურ და განუმეორებელ კულტურას, საერთაშორისო უსაფრთხოების თვალსაზრისით განსაკუთრებული ზრუნვისა და მოფრთხილების ერი და ქვეყანა უნდა იყოს. ამგვარი კულტურული ზღუდის ხაზგასმით, ვფიქრობთ, ქართული ეროვნულ-სახელმწიფოებრივი უსაფრთხოებისათვის აუცილებელი „სტრატეგიული სიღრმეც“ თვისობრივად ახალ, დამატებით განზომილებას შეიძენს: საქართველოს პარტნიორთა და მეგობართა მიერ ქართული ინტერესის მეტად გასათვალისწინებლად, ხოლო ოპონენტისა და მტრის მიერ ამ ინტერესის ხელყოფაზე ხელის აღების დამატებით გარემოებად.

ცალკეულ სპეციალიზებულ საკითხებზე

სტრატეგიული ამოცანების უზრუნველყოფა და ეროვნული ამბიციის ამოქმედების ხარჯზე მათი პრაქტიკული ასახვა, ისე როგორც ქვეყნის პოზიციონირება, შეუძლებელია დროულ გადაწყვეტილებათა მიღების გარეშე. ეს თემა პერიოდულად იშლება ქართულ მედია, საექსპერტო და პოლიტიკურ სივრცეებში და, ერთი შეხედვით, რთულია მას რაიმე ახალი დაამატო.

ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენც ეს საკითხი შემდეგნაირად წარმოგვიდგენია: ქართული ეთნო-ისტორიული და კულტურული ნიშნებით აღბეჭდილ გადაწყვეტილებათა პროცესს თანაბრად და თანაბარწილად უნდა გამოარჩევდეს ეფექტიანი სახელმწიფო ინსტიტუტებისა და კონკრეტული ლიდერების ბუნებრივად შეკავშირება. უსახო და უპრინციპო (ზოგჯერ კი ქარიზმატული) ლიდერშიპი ქართულ ეროვნულ ხასიათთან შეუთავსებელია, თუმცა, ამასთანავე, აუცილებელი თვისებების მქონე ლიდერშიპის სახელმწიფო ინსტიტუტების გამართული ფუნქციონირების „მარწუხში“ მოქცევა ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინტერესების საპასუხოა.

მცირე სახელმწიფოს პირობებში ნებისმიერ – თუნდაც სანიმუშო თვისებებით გამორჩეულ – სახელმწიფო სისტემას ქვეყნის წინაშე მდგარი საკითხების გადასაჭრელად ბუნებრივად დაწესებული ლიმიტები აქვს. ამ ლიმიტების არსზე წინა პუბლიკაციაში ვრცლად ვისაუბრეთ. თვალსაჩინოების მიზნით მოკლე მაგალითს მოვიყვანთ: რა უპირატესობაც არ უნდა ჰქონდეს ახალ ზელანდიას ქვეყანაში ბიზნესის წარმოების კუთხით, მასშტაბი მაინც თავის როლს შეასრულებს და შესაბამისად, რეგიონში დამკვიდრების მიზნით, კონკრეტულმა კომპანიამ ზელანდიურთან შედარებით სარისკო, მაგრამ მეტი შესაძლებლობის მქონე ინდონეზიურ ბაზარზე შესვლა გადაწყვიტოს. ამ და სხვა მაგალითების ჩაშლა ჭარბად შეიძლება.

ამიტომაც, ამგვარი შეზღუდვების პირობებში არსებული პოტენციალის სრულად გამოყენებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საქართველოს შემთხვევაში, ქვეყნისა, რომელსაც არაერთი მწვავე შიდა და გარე გამოწვევა ერჩის. მის ჯერ კიდევ ახალგაზრდა, მაღალი ხარისხის პოლიტიკური კულტურის არმქონე სახელმწიფო მართვის სისტემას ჰაერივით ესაჭიროება პოლიტიკური ალიანსებისა თუ კოალიციების საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება, უფლებამოსილებათა ცხადი და გამჭვირვალე დელეგირება, გადაწყვეტილებათა მიღების ავტონომიურობა, ჯანსაღ მერიტოკრატიაზე აღმოცენებული ინიციატივა, „სასიცოცხლო“ სტრუქტურების საბოლოო დეპოლიტიზაცია და დეპარტიზაცია. ერთი სიტყვით, ეს და მრავალი სხვა, რაც გადაწყვეტილებათა მიღების პროცესს „ბიუროკრატიულ სკლეროზს“ აარიდებს, მმართველობას (თავისი პოზიცია-ოპოზიციით) რეალურ სერვისპროვაიდერად აქცევს, ხოლო საზოგადოების კრიტიკულ (და სახელმწიფოებრივად პასუხისმგებლობიან) ნაწილს პოლიტიკური პროცესის სრულფასოვან თანამონაწილედ აგრძნობინებს თავს.

შესაძლებლობის გამოყენების ხელოვნება

ისეთ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში არსებული ქვეყნისათვის, როგორიც ჩვენია, შესაძლებლობების გამოყენება მართლაც ხელოვნების ტოლფასია. ფაქტია, განგებამ არ განუსაზღვრა საქართველოს „იღბლიანი გრძედი“, რასაც უშუალო გავლენა აქვს ქვეყნის წინაშე არსებული რისკებისა და გამოწვევების არსზე.

ეს ის რეალობაა, რომელსაც ვერ შეცვლით, თუმცა ამ რეალობიდან მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ საჩვენო შედეგის მიღება. რთულ გეოპოლიტიკურ გეოგრაფიაში წარმატების მაგალითი არაერთია. თუნდაც ისრაელის ისტორია ნათლად უჩვენებს, რომ მძიმე სამეზობლო არ აღმოჩნდა დაბრკოლებად ებრაელთა სახელმწიფოს განვითარებისათვის, ხოლო მტრული გარემო ისრაელმა მრავალი ათწლელის მანძილზე ეროვნულ-სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის კონსტრუქციულ ეროვნულ მუხტად აქცია. ცხადია, რომ სტრუქტურული ფაქტორების (გეოგრაფიული მდებარეობა, მოსახლეობა და სხვ.) როლი დიდია ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ორგანიზაციის ფორმირებაში. თუმცა მათი გადაფარვა მაინც შესაძლებელია სტრატეგიულად სწორი პოზიციონირებით და გადაწყვეტილებათა მიღების პროცესის შესატყვისი ხარისხით. ამ და სხვა მომიჯნავე საკითხებზე მრავალი დაიწერა და ითქვა, ხოლო საკითხზე ერთ-ერთ საინტერესო და ყოვლისმომცველ წყაროდ აჩემოღლუსა და რობინსონის ნაშრომს დავასახელებდით (Why Nations Fail: The Origins of Power, Prosperity, and Povertyby Daron Acemoglu and James A. Robinson).

შესატყვისი ისტორიული ქარტეხილის კონტექსტში შესაძლებლობის გამოყენების თემა არახალია ქართულ სივრცეში. ამ სტატიის დასკვნით ნაწილში ჩვენც მკითხველს საკუთარ ვერსიას განზოგადებული სახით შევთავაზებთ და რამდენიმე საკვანძო პრინციპს გამოვყოფთ: (1) დიდი სახელმწიფოების კონკურენციის პირობებში ქართული სახელმწიფოს პოზიციონირებისათვის რეგულარული „სტრეს-ტესტი“ აუცილებელია; (2) კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რომ კონკურენტულ გარემოში ნებისმიერ მეტ-ნაკლებად წარმატებულ პოზიციონირებას ესაჭიროება ეკონომიკური საყრდენი – ქვეყნის ეკონომიკური სისტემის თვითკმარობა და საიმედოობა; (3) საერთაშორისო კონტექსტში საქართველოს პოზიციონირება არ უნდა დავიწროვდეს მხოლოდ სამხედრო-პოლიტიკურ ასპექტამდე, არამედ უნდა მოიაზრებოდეს ქვეყნის სამეცნიერო და ტექნოლოგიური წინსვლით: ეს კი, ქვეყნის ინტელექტუალური პოზიციონირების ტოლფასია; (4) აუცილებელია, და ამაზე ვისაუბრეთ კიდეც, კულტურული რესურსის ფართოდ გატანა და მისი მსოფლიო მემკვიდრეობასთან კიდევ უფრო მეტად ინტეგრირება.

ამ პრინციპების ერთობლიობა და, რაც მთავარია, მათი მაქსიმალური ეფექტით გამოყენება საქართველოს კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებისა და ადაპტირებადობის უნარების დახვეწისათვის ერთ-ერთ ოპტიმალურ, თანამედროვე ქართულ modus operandi მიდგომა მიგვაჩნია.

ერთი სიტყვით, ღია და საგნობრივი საუბრისათვის სივრცე დიდია. მთავარია, რომ ასეთი საუბრისას არ გამოგვეპაროს საჭირო დროს ადეკვატური, მართებული მოქმედების დროულობა. ძალაუფლების სტატიკაზე ჭარბად კონცენტრირებისგან გრძელვადიანი პოლიტიკის შექმნაზე გადაწყობა კი საერთო ეროვნულ დაკვეთად უნდა იქცეს.

ვიქტორ ყიფიანი

„ჯეოქეისის“თავმჯდომარე