„თიბისი კონცეპტი“ გამოფენას – “Women of Georgia, Pearls of The Caucasus” მასპინძლობს

0
111

„თიბისი კონცეპტის“ მულტიფუნქციური სივრცე, მარჯანიშვილის 7 ნომერში, ფრანგი ფოტოგრაფის, ნატალი ტუფენკჯიანის გამოფენას “Women of Georgia, Pearls of The Caucasus” მასპინძლობს. ინფორმაციას ამის შესახებ „თიბისი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტი ნატალი ტუფენკჯიანის ჟან-მარკ ჰოფმანთან კოლაბორაციას წარმოადგენს.

„ბოლო ორი წელია რაც ნატალი ტუფენკჯიანი დაკავებულია ბუნებრივი განათების პორტრეტული ფოტოგრაფიით და ცდილობს, რომ თავის ობიექტივში საქართველოში მცხოვრები ქალების მრავალფეროვნება და განსხვავებულობა ასახოს. მის ფოტოებში არაერთი მამაცი, თავდადებული, ძლიერი, თუ გულისხმიერი ქალი შეგიძლიათ იხილოთ.

გარდა ამისა ტუფენკჯიანს გადაღებული აქვს ხელოვანი ქალების პორტრეტები. ყველა ეს პორტრეტი გვიჩვენებს, რომ ეს განსხვავებული პროფესიისა თუ სოციალური წარმომავლობის ქალი, პრაქტიკული უნარ-ჩვევებთან ერთად, საკუთარ თავში საუკუნოვანი ტრადიციების მატარებელია. ტუფენკჯიანმა მათი ხასიათის და ჭეშმარიტი არსის მოხელთება ფოტოგრაფიის საშუალებით შეძლო.

გამოფენაზე წარმოდგენილი პორტრეტები საქართველოს ისტორიის უმნიშვნელოვანეს ნაწილს მოგვითხრობენ. თითოეული ფოტო ქვეყნის აღმშენებლობაში ქალების გამორჩეულ როლს გვახსენებს. მათ მიერ საქართველოს განვითარებაში შეტანილ წვლილს და გაწეულ სამუშაოს იმისთვის, რომ საქართველო ღირსეულად იყოს საზღვარგარეთ წარმოჩენილი. საქართველოს ისტორია მათთან ერთად და მათ მიერ იწერებოდა, მნიშვნელობა არ აქვს რა პერიოდზე შეიძლება იყოს საუბარი, იქნება ეს საქართველოს დაარსების ეპოქა, წმინდა ნინოს დრო თუ დღევანდელობა.

„Women of Georgia, Pearls of The Caucasus“ ფართომასშტაბიანი პროექტია და ავტორი მასზე მუშაობას კვლავ აგრძელებს. გამოფენაზე წარმოდგენილი პორტრეტები ამ პროექტის მხოლოდ პირველი ეტაპია – ტუფენკჯიანი მუშაობის გაგრძელებას მომავალშიც აპირებს.

ნატალი ტუფენკჯიანმა პირველი პორტრეტი 1986 წელს გადაიღო. მისი მოდელი ახალგაზრდა ფოტოგრაფი იყო, რომელმაც ნატალის ობიექტივში საკუთარი თავი, თავისი ხასიათის ორიგინალური შტრიხები თავიდან აღმოაჩინა. ტუფენკჯიანის სწრაფვა და პორტრეტული ფოტოგრაფიისადმი გატაცება სწორედ ასე ჩამოყალიბდა. მას შემდეგ, მისი სურვილი, ადამიანების ავთენტიკურობა ფოტოგრაფიის საშუალებით ასახოს, არსად გამქრალა.

წლებია რაც ეს ლტოლვა ნატალი ტუფენკჯიანის თანამგზავრია მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში – ახალი გამოცდილებებისა და საოცარი აღმოჩენების იმ სამყაროში, რომელიც მისი სათქმელის სხვადასხვა ხერხით გამოსახატად უამრავ ძალისხმევასა და თავდადებას მოითხოვს.

მახვილმა მზერამ და უშრეტმა ტემპერამენტმა ტუფენკჯიანს გზა მოდის სამყაროშიც გაუკვალა – იგი ფოტოგრაფად ჟურნალისთვის “Vogue Italia” და საიუველირო ფირმა “Cartier”-სთვის მუშაობდა. მოგზაურობით გატაცების თუ სხვადასხვა კულტურებისადმი ინტერესის შედეგია მნიშვნელოვანი რეპორტაჟები ახლო აღმოსავლეთიდან (იორდანია, ირანი, ერაყი და ა.შ.) თუ ლათინური ამერიკიდან (არგენტინა და ა.შ.).

როგორც ფოტოგრაფი, რომელიც ბუნებრივ განათებაზე მუშაობს, ნატალი ტუფენკჯიანი, თავისი მოდელების უშუალობას გულწრფელობით, კეთილგანწყობითა და თანაგრძნობით ასახავს. ის ვილი რონის სიტყვებს: “ლამაზი სურათი გულით მართული გეომეტრიაა“ ფრთებს რეალობაში ასხამს.

პროექტის მხარდამჭერია „თიბისი“ და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი (Institute Frances). გამოფენა 4 აგვისტომდე გაგრძელდება,“ – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოფენა 25 ივლისს 18:00 საათიდან გაიმართება.