არის თუ არა მოსალოდნელი, რომ ლარი 2.50-მდე გამყარდეს?

0
1195
უკვე ნათელია, რომ ლარი პოზიციებს კიდევ გაიუმჯობესებს და ეს მთელი ზაფხული გაგრძელდება

 

ეროვნული ვალუტა დიდი ხანია, მყარდება და დადებითი ტენდენცია კიდევ გასტანს. ასეთ პროგნოზს აკეთებს ფინანსისტთა ერთი ნაწილი, ხოლო მეორე ნაწილი შემოდგომიდან შედარებით გაუფასურებას ვარაუდობს, იქამდე კი, ზაფხულის პერიოდში, კურსის სტაბილიზაცია და გამყარებაა მოსალოდნელი. ეკონომისტები ამბობენ, რომ ლარი ჯერ კიდევ ახალი წონასწორული ნიშნულის ძიებაშია და არ არის გამორიცხული, რომ 2.80-ს ჩასცდეს და 2.75-იანი ნიშნულისკენ დაიძრას. ბლუმბერგის სავაჭრო პლატფორმაზე ერთი ამერიკული დოლარი 2.81 ლარი ღირს, ოფიციალური მონაცემებით კი, საქართველოში 1 დოლარის შეძენა 2.82 ლარად არის შესაძლებელი.

უკრაინა-რუსეთის ომიდან გამოწვეული დიდი გაუფასურებისა და არასტაბილურობის შემდეგ, ლარმა გამყარება დაიწყო. აპრილიდან მოყოლებული, გაცვლითი კურსი შესამჩნევად გაუმჯობესდა. მას შემდეგ, ქართული ფული რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე სტაბილურ და გამყარებულ ვალუტად ითვლება და ეს პროცესი კიდევ გაგრძელდება. ლარის გამყარების ფაქტორებზე საუბრობს ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე და მიიჩნევს, რომ კურსის კორექტირება, მინიმუმ, ზაფხულის ბოლომდე გასტანს.

„გამყარების ის ტენდენცია, რომელიც ლარს აქვს, სულ მინიმუმ, ზაფხულშიც გაგრძელდება. ადრეც გვქონია პროგნოზი, რომ ლარის კურსი ზაფხულის პერიოდში 2.80-2.85-ის დიაპაზონში იქნებოდა და ეს ასრულდა კიდეც. ვხედავთ, რომ ყველა ფაქტორი, რომლებიც, აპრილიდან მოყოლებული, ლარის გამყარებას ხელს უწყობს, გაუმჯობესებულია, პირველ რიგში, ინვესტიციები. ამ კომპონენტში წლის დასაწყისიდან სარეკორდო ზრდა იყო. ექსპორტმა, როგორც პირველ, ისე მეორე კვარტალში ძალიან მაღალ მაჩვენებლებს მიაღწია. პირველ კვარტალში მშპ-ის სარეკორდო, 15%-იანი ზრდა გვქონდა. ეს ტენდენცია, ორნიშნა ზრდა, მეორე კვარტალშიც გაგრძელდა. საბოლოოდ, იანვარ-ივნისის მაჩენებელს რომ დავიანგარიშებთ, ვნახავთ, რომ 2022 წლის პირველ ნახევარში ეკონომიკა ორნიშნა მაჩვენებლით გაიზრდება და ერთ-ერთი ყველაზე მაღალი არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში იქნება.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, როემლიც ლარის გამყარებას ხელს უწყობს, არის მოლოდინი. პოზიტივი ყოველთვის ქმნის იმის წინაპირობას, რომ უცხოური ვალუტა კი არ გავიდის ქვეყნიდან, არამედ დარჩეს და დამატებით შემოვიდეს კიდეც. ტურიზმის აღდგენის ტენდენცია არის ძალიან მაღალი და აპრილ-მაისის მონაცემები, ფაქტობრივად, 2019 წლის მაჩვენებლის დონეზეა.

ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორი, რომლებსაც ემატება ფულადი გზავნილები, ერთი მხრივ, მიმართულია ეკონომიკის ზრდისკენ და, მეორე მხრივ, ლარის გამყარებისკენ, ამიტომ ეს ტრენდი არის შეუქცევადი და ქართული ვალუტა უმეტესად ამ დიაპაზონში, 2.80-2.85-ში იტრიალებს”, – განაცხადა „რეზონანსთან” გიორგი ცუცქირიძემ, რომელმაც არ გამორიცხა, რომ კურსი 2.80-იან ნიშნულსაც ჩასცდეს.

„შესაძლოა, რომ რაღაც პერიოდით კურსი 2.80-ის ქვევით ჩავიდეს. ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული, მაგრამ მგონია, რომ საშუალო მაჩვენებლი 2.80-2.85-ის ფარგლებში იქნება”, – დასძინა გიორგი ცუცქირიძემ.

ყველაფერი, რაც საქართველოს გეოპოლიტიკური და გეოსტრატეგიული მნიშვნელობის ზრდას უწყობს ხელს, საბოლოო ჯამში, პოზიტიურად აისახება ეკონომიკაზეც და ვალუტაზეც.

„რამდენიმე ხნის წინ თბილისში საგარეო საქმეთა მინისტრების დონზე სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს წარმომადგენლების შეხვედრა შედგა. საქართველო სულ უფრო იძენს გეოპოლიტიკურ ფუნქციას. იზრდება ტრანზიტის დატვირთვაც. უკრაინის ომმა გამოიწვია ტრანსციმბირული მაგისტრალის ჩაკეტვა და ფაქტობრივად, ახალი სიცოცხლე მისცა შუა დერეფნის ფუნქციას, რომელიც საქარველოზე გადის. ვხედავთ, ქართულ პორტებზე რამდენადაა მოთხოვნაა გაზრდილი. ყველაფერი, რაც ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკური და გეოსტრატეგიული მნიშვნელობის ზრდას უწყობს ხელს, საბოლოო ჯამში, პოზიტიურად აისახება ეკონომიკაზეც, ინვესტიციებზეც, უსაფრთხოებაზეც, ვალუტის შემოდინებაზეც, რაც გაამყარებს ლარს”, – აღნიშნა „რეზონანსთან” საუბრისას ცუცქირიძემ.

ლარის სტაბილიზაცია და პოზიციების გამყარება არა მხოლოდ ეკონომიკაზე იმოქმედებს დადებითად, არამედ მოსახლეობისთვისაც შვების მომგვრელი იქნება. ახლა ყველანაირი შესაძლებლობა არსებობს იმისა, რომ პროცესი კიდევ გაგრძელდეს. ტურისტული სეზონი საკმაოდ ხელის შემწყობი გარემოებაა. ამ მიმართულებით, საქართველოში ნამდვილად კარგი სიტუაციაა.

საერთაშორისო კვლევებისა და პროგნოზირების ვიცე-პრეზიდენტი, ფინანსისტი ნიკა შენგელია მიიჩნევს, რომ თუ კურსი 2.75-მდე ჩამოვა, სებ-ი პროცესში ჩაერევა და სავალუტო ბაზრიდან დოლარს ამოიღებს.

„ეროვნული ვალუტის გამყარებასთან დაკავშირებული მოარული ხმების, თითქოს კურსი 2.50-მდე ჩამოვა, ვერანაირ ნიშანს, ჯერჯერობით, ნამდვილად ვერ ვხედავ. ვფიქრობ, კურსი თუკი 2.75-მდე ჩამოიწევს, საქართველოს ერვონული ბანკი პროცესში ჩაერევა და სავალუტო ბაზრიდან დოლარს ამოიღებს, როგორც სჩვევია ხოლმე”, – განუცხადა „რეზონანსს” ნიკა შენგელიამ.

მისივე აზრით, ჯერჯერობით მაინც, არსებობს იმის საფრთხე, რომ ლარი გაუფასურდეს. აღნიშნული პროცესის დაწყებას ფინანსისტი შემოდგომიდან ვარაუდობს.

„ნოემბრიდან არ იქნება ის კურსი, რომელიც დღეს გვაქვს. შედარებით მაღალ ნიშნულს ვპროგნოზირებ და ეს იქნება, დაახლოებით, 2.90-3.0-ის ფარგლებში. ჯერჯერობით მაინც გვაქვს იმის ნიშნები, რომ კურსი შესაძლოა, გაუფასურდეს, თუმცა მხოლოდ შემოდგომიდან, სექტემბრამდე კი კურსი იტრიალებს, ძირითადად, 2.80-2.86-ის ფარგლებში”, – დასძინა ნიკა შენგელიამ.

წყარო: resonancedaily.com