ჰოჯესი: რუსეთი უკრაინაში დამარცხდება და რამდენიმე წელიწადში დაშლას დაიწყებს

0
668

ევროპაში აშშ–ის არმიის ყოფილი მთავარსარდალი, გენერალი ბენ ჰოჯესი აცხადებს, რომ სჯერა, რუსეთი უკრაინაში დამარცხდება, რის შემდეგაც საბოლოო დეკოლონიზაცია დაჩქარდება.

მისი თქმით, სავარაუდოა, რომ მარცხის შემდეგ რუსეთი მომდევნო რამდენიმე წელიწადში დაშლას დაიწყებს და საქართველო ამ შესაძლო სცენარისთვის მზად უნდა იყოს.

რუსული ძალები დაიღალნენ და ადამიანური ძალის დეფიციტს განიცდიან. ვფიქრობ, იქნება დინების ცვლილება ადგილზე – ეს არ იქნება უზარმაზარი, მაგრამ იქნება შესამჩნევი. ეს იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ, დასავლეთი უკრაინელებს მივაწვდით ყველაფერს, რასაც დავპირდით, გვექნება შანსი, რომ უკრაინამ რუსული ძალები 23 თებერვლის ხაზზე ამ წლის ბოლომდე დააბრუნოს, – ამბობს ჰოჯესი ამერიკის ხამასთან საუბრისას.

როგორც მან აღნიშნა, რუსეთი უდანაშაულო ადამიანებს განურჩეველად ხოცავს, რადგან ევროპის დედაქალაებზე ზეწოლა ჰქონდეს, ასევე, პრეზიდენტ ზელენსკის მთავრობაზე წნეხი შეინარჩუნოს:

ეს ასევე მიანიშნებს იმაზე, რომ მათ ბევრი სხვა არჩევანი არ აქვთ. ჩემი ანალიზი შესაძლოა ზუსტი არ იყოს ერთი მნიშვნელოვანი პრობლემის გამო, რომ არ ვიცი მათ ჯერ კიდევ რამდენი ჩვეულებრივი საბრძოლო მასალა აქვთ დარჩენილი.

ერთის მხრივ ვითარება ისე გამოიყურება, თითქოს მათ უსასრულო რაოდენობის არტილერია და რაკეტები აქვთ. თუმცა, ჩვენი გათვლებით, იმ რაკეტების, რომლებსაც კასპიის ზღვიდან, და რუსეთის და ბელარუსის ტერიტორიიდან ისვრიან, სავარაუდოდ, 50 პროცენტზე ნაკლები აქვთ დარჩენილი. მათ მარაგის შევსება სავარაუდოდ, აღარ შეუძლიათ სანქციების გამო, რომლებიც რუსეთს ხელს უშლის ამ სისტემებისთვის საჭირო ნაწილის იმპორტში.

საშინელებაა ის, რასაც აკეთებენ და რა თქმა უნდა, უკრაინელებს სჭირდებათ შესაძლებლობები, რომ დარტყმები სიღრმეში მიაყენონ და ის ადგილები ამოიღონ მიზანში, საიდანაც ეს ყველაფერი მოდის. ასევე ვფიქრობ, რომ ეს სასოწარკვეთის ნიშანიცაა, რადგან მათ რეალურად არ აქვთ შესაძლებლობა დაშალონ ლოჯისტიკური ჯაჭვი, რომელიც უკრაინას დასავლეთის იარაღით ამარაგებს. მათ ეს რომ შეეძლოთ, ამას უკვე დიდ ხნის წინ გააკეთებდნენ.

ჰოჯესის თქმით, რუსებს ცოცხალი ძალის სერიოზული პრობლემა აქვთ, რასაც ჩვენ ექვსი თვის წინ ვერ წარმოვიდგენდით და მათ ფრონტზე გასაგზავნად ხალხი ციხიდან გამოჰყავთ.

ისინი ფაქტობრივად ფსკერს ფხეკენ. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი ბრძოლაში იყენებენ არასათანადოდ გაწვრთნილ ჯარისკაცებს. ცოცხალი ძალის რაოდენობა, რაც უნდა უცნაურად ჟღერდეს, უკრაინის სასარგებლოდ იცვლება, რომელსაც სამხედრო ასაკის მილიონობით ქალი და მამაკაცი ჰყავს, რომლებსაც ბრძოლა შეუძლიათ. ისინი გაწვრთნილი ჯერ არ არიან, მაგრამ უკრაინელებს ცოცხალი ძალის პრობლემა არ აქვთ, – ამბობს ჰოჯესი.

იგი აღნიშნავს, რომ უნდა დავფიქრდეთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება, გამოიყენონ თავისუფლების მოყვარულმა ხალხებმა ის შესაძლო სცენარი, რომ რუსეთმა რამდენიმე წელიწადში დაშლა დაიწყოს.

accentnews.ge