გერმანულმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Eurowings-მა შტუტგარტიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პირველი რეისი შეასრულა

0
149

გერმანულმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Eurowings-მა შტუტგარტიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გვიან ღამით პირველი პირდაპირი რეგულარული რეისი შეასრულა.

აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ავიაკომპანია შტუტგარტი-თბილისი-შტუტგარტის საჰაერო ხაზზე კვირაში ორი სიხშირით, AIRBUS A320 ტიპის საჰაერო ხომალდით იოპერირებს. პირველ რეისს შტუტგარტიდან 155 მგზავრი ჩამოყვა.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის, თამარ არჩუაძის განცხადებით, ავიაკომპანია Eurowings-თან საქართველოს მიმართულებით პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყებისა და მიმართულებების გაზრდის მიზნით 2017 წლიდან აქტიურ მოლაპარაკებები მიმდინარეობდა.

„მოხარული ვართ, რომ ავიაკომპანია Eurowings-მა საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირების არეალი გააფართოვა. დუსელდორფის შემდეგ ავიაკომპანიამ ოპერირება თბილისის მიმართულებით გერმანიის კიდევ ერთი ქალაქიდან, შტუტგარტიდან დაიწყო. საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას ავიაკომპანიასთან მრავალეტაპიანი მოლაპარაკებები გვქონდა ფრენების დაწყებისა და მიმართულებების დამატების თაობაზე.

ნაყოფიერი მოლაპარაკებები გვქონდა ასევე, საავიაციო ფორუმ Routes Europe 2022-ის ფარგლებში. რის შედეგადაც, ავიაკომპანიამ გადაწყვეტილება მიიღო 2022 წლის ზაფხულიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კიდევ ერთი მიმართულება დაემატებინა“, განაცხადა თამარ არჩუაძემ.

Eurowings-ი საქართველოს ავიაბაზარზე 2021 წლის 4 ივლისიდან შემოვიდა და დიუსელდორფსა და თბილისს შორის კვირაში 2 სიხშირით ოპერირებს. Eurowings-ის სატარიფო პოლიტიკა BASIC, SMART და BIZclass სახის ავიაბილეთებზეა გათვლილი.