IMF: ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებები სწორი იყო, ამის შედეგებს ეკონომიკაში ვხედავთ

0
135

საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ინფლაციის სამართავად გამოყენებულ ინსტრუმენტებს წარმატებულს უწოდებს.

IMF-ის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორი, ჯიჰად აზურის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკურ აღდგენასთან დაკავშირებით ფონდის პროგნოზები ოპტიმისტურია.

“ინფლაცია მზარდია რეგიონში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში. ამის მიზეზი საკვებსა და ენერგიაზე ფასების ზრდაა. ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება იყო სწორი და ის სწორედ ინფლაციის დონის კონტროლის ქვეშ შენარჩუნებას ემსახურებოდა. ცენტრალურმა ბანკმა აქამდე მიაღწია წარმატებას, მათ გამოიყენეს სწორი ინსტრუმენტები. ამის შედეგებს კი ეკონომიკაში ვხედავთ.

უკრაინაში მიმდინარე ომი ამ ეტაპზე არსებული მაჩვენებლების მთავარი განმაპირობებელია და გაურკვევლობა ასევე მნიშვნელოვნად  მოქმედებს გლობალურ გარემოზე. ამის მიუხედავად, საქართველოსთან დაკავშირებით IMF-ის პროგნოზები საკმაოდ ოპტიმისტურია”,- განაცხადა მან.

ჯიჰად აზური ასახელებს სამ საკითხს, რომელთა განხორციელება სწრაფი ეკონომიკური აღდგენის საფუძველია.

“სტაბილურობა, ეს არის კეთილდღეობის მთავარი გზა. მიკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნების მნიშვნელობას მაშინ აანალიზებ, როდესაც შოკების წინაშე დგები. ასე იყო მაგალითად, 2020 წელს კოვიდ პანდემიის დროს. ამ სიტუაციაშიც საქართველომ მოახერხა შოკისგან სწრაფი აღდგენა. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია არსებული ინდიკატორების სტაბილურად შენარჩუნება. რა თქმა უნდა, ინფლაცია უნდა იყოს კონტროლის ქვეშ, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ის შეიძლება გახდეს უდიდესი არასტაბილურობის ეკონომიკაში, რამაც შესაძლოა შეამციროს ეკონომიკური ზრდის მოცულობა.

მეორე, თქვენ უნდა შეინარჩუნოთ ფისკალური დისციპლინა და ბიუჯეტის დეფიციტი უნდა იყოს კონტროლის ქვეშ. მესამე ელემენტი კი ფინანსური ინსიტუტებისა და ეროვნული ბანკის სიძლიერისა და სტაბილურობის შენარჩუნებაა. ეს მნიშვნელოვანი ელემენტებია, მაგრამ არა საკმარისი.

განათლება ასევე ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა. როდესაც ქვეყანაში დგას ემიგრანტების საკითხი, ყოველთვის უნდა გახსოვდეთ, რომ განათლება მაღალ საფეხურზე უნდა იყოს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურა, გჭირდებათ კარგი ბიზნეს გარემო. ყოველთვის უნდა გახსოვდეთ, რომ გლობალური ეკონომიკები იცვლება. ყველა ეკონომიკას, მათ შორის საქართველოს, აქვს გამოწვევები, მაგრამ თქვენ ასევე გაქვთ შესაძლებლობები.

ნაბიჯები, რომელიც საქართელომ მომავალში უნდა გადადგას არის ის, რომ გააძლიეროს კავშირები და პარტნიორობა სხვა ქვეყნის ეკონომიკებთან, როგორიც არის ევროპა, აზია…ასევე, უნდა გამოიყენოს სექტორები, რომელიც დღეს ძალიან მზარდია, მაგალითად, ტექნოლოგიები, განახლებადი ენერგიები, კლიმატთან დაკავშირებული სექტორები.

ეს ყველაფერი ზრდის მდგრადობას განაპირობებს. ასევე, მნიშვნელოვანია სახელმწიფო საწარმოების რეფორმა, რომელიც ჩვენი პროგრამის ნაწილია. ეს მნიშვნელოვანია ნაწილია იმდენად, რამდენადაც ამცირებს ფისკალურ რისკებს. ჩვენ ასევე ველით, რომ განხორციელდება რეფორმები, მაგალითად, როგორიცაა კაპიტალის ბაზრის რეფორმა. ვფიქრობთ, ეს უკანასკნელი, თანდათანობით დაეხმარება ეკონომიკას”,- აღნიშნა აზურმა.

business-partner.ge