ნიკოლოზ ვაშაკიძე – დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს რუსეთის ფედერაციასთან სავიზო რეჟიმის შემოღება და საქართველოსკენ მომდინარე ნაკადის რადიკალური შეზღუდვა

0
225

ხელისუფლების არხეინობა და უპასუხისმგებლობა ყოველგვარ საზღვარს სცდება. რუსეთიდან ელვისებურად განვითარებული მიგრაცია საქართველოში, უკვე ყველას აღშფოთებს, ქვეყნის ხელმძღვანელობის გარდა. თუ რა საფრთხეები მოაქვს ნებისმიერი, მათ შორის, ძლიერი ქვეყნებისთვის, დემოგრაფიული სურათის მკვეთრ ცვლილებას, ამის უამრავი მაგალითი არსებობს მსოფლიოში. ჩვენს შემთხვევაში პრობლემას განსაკუთრებით ამძიმებს ის, რომ უბრალოდ უცხო ელემენტის შემოდინებასთან კი არა, მტრული, ოკუპანტი სახელმწიფოს მოქალაქეების მოზღვავებასთან გვაქვს საქმე , – ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ, ნიკოლოზ ვაშაკიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლება ამ პროცესის შეჩერებას და კონტროლს არ ცდილობს.

„სახუმარო საქმე არაა, რომ სულ რაღაც ოთხნახევარ თვეში რუსული ელემენტი საქართველოს მოსახლეობაში ნულთან მიახლოვებულიდან უკვე ლამის ხუთ პროცენტამდე ავარდა და ეს პროცესი ინტენსიურად გრძელდება. ხელისუფლება არ ცდილობს ამ პროცესის არც შეჩერებას, არც კონტროლს და არც პრობლემასთან დაკავშირებით საზოგადოებასთან საუბრით იწუხებს თავს.

კარგად ჩანს, რომ რუსეთიდან შემოსული მოსახლეობა საკმაოდ აქტიურია, ფინანსურად შეძლებული, იოლად და სწრაფად ერგება ადგილობრივ პირობებს და წარსულისგან განსხვავებით, გაცილებით უფრო კონსოლიდირებული და კორპორატიულია.

ეს უკანასკნელი ალბათ, ძირითადად სოციალური ქსელების ფენომენით უნდა აიხსნას. ცოტა ხანში ამ ხალხის თავდაჯერებულობა შეიძლება აგრესიულობაშიც გადავიდეს, ისინი ხმამაღლა მოითხოვენ რაღაცებს და არავინ იცის, როგორ ჩაერევა ამ პროცესში რუსეთის ხელისუფლება და მისი სპეცსამსახურები.

ვფიქრობ, შექმნილ სიტუაციაში აუცილებელია ოპოზიციამ და საზოგადოებამ მკაცრად მოსთხოვოს ხელისუფლებას, გააცნოს მას პრობლემის დინამიკის და მართვის ხედვა. ერთ – ერთი უპირველესი და გადაუდებელი ღონისძიება რუსეთის ფედერაციასთან სავიზო რეჟიმის შემოღება და საქართველოსკენ მომდინარე ნაკადის რადიკალური შეზღუდვა უნდა გახდეს“, – აცხადებს ნიკოლოზ ვაშაკიძე.