რატომ უფასურდება ევრო

0
443

ეკონომისტ გიორგი ცუცქირიძის განმარტებით, ევროს გაუფასურებაზე, ძირითადად, ორი ფაქტორი: უკრაინაში მიმდინარე ომი და ამერიკის ფედერალური რეზერვის გადაწყვეტილებები მოქმედებს. ამის შესახებ ცუცქირიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

„დავიწყოთ გლობალური ბაზრით. ახლა დოლარი-ევროს ახალ წონასწორობაზეა საუბარი. დოლართან მიმართებით ევროს გაუფასურებაზე ორი ძირითადი ფაქტორი მოქმედებს: პირველია უკრაინის ომის ზეგავლენა ევროპის ეკონომიკაზე, მეორე კი – ამერიკაში ფედერალური რეზერვის გადაწყვეტილებები, რომლითაც მან მონეტარული განაკვეთი 3 – ჯერ გაზარდა და ინფლაციის მოსათოკად წლის ბოლომდე 3-4 -ჯერ გაზრდას აპირებს. დღეს ინფლაცია ერთერთი მთავარი გამოწვევაა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ინფლაცია ძალიან მაღალია აშშ-ში, ევროკავშირში.

ეს არ ყოფილა ბოლო 40 წლის მანძილზე. ინფლაცია ორია: ერთია სასურსათო ინფლაცია და მეორე – ენერგომატარებლებთან დაკავშირებული, რომელიც ნავთობის, ბენზინის და გაზის ფასებს ეხება. მაღალმა ინფლაციამ ევროპის ეკონომიკებს თავის დაღი დაასვა. გარკვეულწილად, მთელ რიგ ქვეყნებში რეცესიის მოლოდინია. თუ ეს ასე არ იქნება, ყველა პროგნოზით, ტემპის შენელება მაინც მოხდება. ეს მოლოდინები, ერთი მხრივ, ევროზეა ასახული.

მეორე ფაქტორია ამერიკის ფედერალური რეზერვის გადაწყვეტილებები, როცა მონეტარული განაკვეთის გაზრდა დაიწყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ამერიკული ფასიანი ქაღალდების მიმზიდველობა გაიზარდა. ინვესტორები ამერიკულ ობლიგაციებს უფრო აქტიურად ყიდულობენ, რაც, ბუნებრივია, დოლარის გამყარებასა და ევროს დოლართან მიმართებით გაუფასურებაში აისახა.

რაც შეეხება ევროპის ცენტრალურ ბანკს – ისიც აპირებს, მონეტარული განაკვეთი გაზარდოს.

ამ 2 ფაქტორმა: ომმა და, მეორე მხრივ, ამერიკული ფედერალური რეზერვის გადაწყვეტილებამ გლობალურ ბაზრებზე დოლარის გამყარება გამოიწვია, პირველ ყოვლისა, ევროსთან მიმართებით. ევროს დოლართან ასეთი დაბალი კურსი, პრაქტიკულად, არ ჰქონია. თუნდაც ბოლო წლებში მერყეობდა 1, 14- 1, 20 -ის ფარგლებში“, – განაცხადა ცუცქირიძემ.

მისივე თქმით, საქართველოში ლარის გამყარების ტენდენციაა, რაც მოსალოდნელი იყო.

„ახლა ლარზე გადმოვიდეთ: ლარი არ არის არც გლობალური და არც თავისუფლად კონვერტირებადი ვალუტა. ლარის არის უფრო ლოკალური, რომელიც, ძირითადად, საქართველოს ტერიტორიაზე კონვერტირდება. ამ წუთში ლარის გამყარების ტენდენციაა. ეს მოსალოდნელი უკვე აპრილიდან იყო, როცა ის 3,00- ის ნიშნულს ჩამოსცდა. იმის შემდეგ ვხედავთ, რომ ლარი 3,00-ის ნიშნულს აღარც ასცდენია.

ლარზე რა მოქმედებს: ესაა ტურიზმის ძალიან სწრაფი ტემპით აღდგენა, უცხოური ვალუტის ერთ-ერთი მთავარი შემოდინება ტურიზმიდან, საერთაშორისო ვიზიტორებიდან ხდება . ვიცით, რომ ტურიზმი ძალიან მაღალი ტემპითაა აღდგენილი. მაისის მაჩვენებელი რომ ავიღოთ: პრაქტიკულად, 2019 წლის მაჩვენებელთან იყო თანხვედრაში. ტურიზმი მონაწილეობს როგორც ეკონომიკურ ზრდაში, ისე – სავალუტო ბალანსში.

მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი ექსპორტია. საგარეო სავაჭრო ბრუნვის მაჩვენებელი გამოქვეყნდა. იანვარ-ივნისის მიხედვით, სავაჭრო ბრუნვაში ძალიან მაღალი ზრდა გვაქვს. პირველ ყოვლისა, გაზრდილია ექსპორტი. იანვარ – მაისის მიხედვით, ჩვენი ექსპორტი სარეკორდოდ იყო გაზრდილი, მათ შორის, გაზრდილი იყო ადგილობრივი ექსპორტი, მისი ხვედრითი წილი მთლიან ექსპორტში არასდროს ასეთი მაღალი არ ყოფილა, დაახლოებით, 75,5 %-ია. ადგილობრივი ექსპორტი, ერთი მხრივ, არის სავალუტო შემოდინებები და, მეორე მხრივ, დასაქმება.

ადგილობრივი ექსპორტის იანვარ-მაისის მაჩვენებელი რომ უფრო განვაზოგადოთ, შემოსავალი არის 2 მილიარდ 550 მილიონი დოლარია. ესაა დაახლოებით იგივეა, რაც 2012 წელს მთელი წლის მანძილზე იყო.

მესამე წყარო, რომელიც სავალუტო კურსზე ზემოქმედებს ინვესტიციებია. პირველ კვარტალში სარეკორდო ზრდა გვქონდა: 4,4-ჯერაა გაზრდილი. გაზრდილია როგორც კაპიტალური ინვესტიციები, ასევე, რეინვესტირების მაჩვენებელი – ინვესტორები ფულს ტოვებენ საქართველოში. ანუ ინვესტორების მოლოდინი სტაბილურია.

რაც შეეხება ეკონომიკური ზრდის პროგნოზს: პირველ ნახევარში, იანვარ-ივნისში ორნიშნა ზრდა გვექნება. დღეისათვის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ზრდა გვაქვს. წელს, ზრდის მაჩვენებლით ფაქტობრივად, მსოფლიოში სამეულში შევდივართ.

თუ ეს ტრენდი შენარჩუნდა, ქვეყანამ ეს პერიოდი თუ კატაკლიზმების გარეშე გაიარა, ვგულისხმობ 2022 -2027 წლებს , ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი პერსპექტივა, იგივე ეროვნული შემოსავლის დათვლით, ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი გვქონდეს 12 500 დოლარი, ხოლო მსყიდველობითუნარიანობის მიხედვით 27 500, რაც დღეს საშუალო ევროპული დონეა.

იგივე საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზითვე 2021-2027 წლებში ჩვენ ყველაზე მაღალი ზრდა გვექნება როგორც რეგიონში, ასევე ევროპასა და ცენტრალურ აზიაში. ასე უნდა შევხედოთ პერსპექტივას. “ – განაცხადა ცუცქირიძემ.

ცნობისთვის, პირველად 20 წლის მანძილზე, ევრო 1 დოლარს ჩამოსცდა. 14 ივლისს 1 ევრო 0,9957 ამერიკულ დოლარად ივაჭრებოდა.

რაც შეეხება ლარის კურსს: საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8559 ლარია, ევროსი კი – 2.8613 ლარი.