სებ-მა ბანკში სპეციალური მმართველის დანიშვნის წესში ცვლილება შეიტანა

0
157

ეროვნულმა ბანკმა კომერციულ ბანკებში სპეციალური მმართველის დანიშვნის წესში ცვლილება შეიტანა.

კერძოდ, როგორც ეროვნული ბანკის 8 ივლისის ბრძანებაშია აღნიშნული, რეზოლუციის პროცესის ნებისმიერ ეტაპზე, კანონმდებლობით დადგენილი სარეზოლუციო უფლებამოსილებების განსახორციელებლად, დანიშნული სპეციალური მმართველი უნდა იყოს დამოუკიდებელი მესამე პირი, ხოლო გამონაკლის შემთხვევაში, როდესაც რეზოლუციის მიზნების მიღწევის ეფექტურობას საფრთხე ემუქრება, შეიძლება იყოს ეროვნული ბანკის თანამშრომელი. მაშინ როცა, ძველი რედაქციით, სპეციალური მმართველი შეიძლება ყოფილიყო როგორც ეროვნული ბანკის თანამშრომელი, ასევე სხვა პირი (ბანკისგან დამოუკიდებელი პირი).

ამასთან, თუ მოქმედი რედაქციით, სპეციალურ მმართველს უნდა ჰქონოდა შესაბამისი პროფესიული გამოცდილება – საბანკო-საფინანსო სექტორში მუშაობის მინიმუმ 3 წლის სტაჟი. ცვლილების თანახმად, გაჩნდა ჩანაწერი, რომ უპირატესად ჩაითვლება კერძო სექტორში კრიზისის მართვისა და ბიზნესის რესტრუქტურიზაციის გამოცდილება.

გარდა ამისა, ახალი ბრძანებით, სპეციალურ მმართველს უნდა ჰქონდეს ლიდერული და ეფექტური კომუნიკაციის უნარები.

ცნობისთვის, რეზოლუცია ბანკის ლიკვიდაციის ერთგვარი ალტერნატივაა. გამოიყენება, ლიკვიდაციის რეჟიმში არსებული ბანკის მიმართ, რომლის მხრიდან სექტორის სტაბილურობაზე საფრთხის რისკები გამოიკვეთება.

bpn.ge